12:05 18-09-2017
დინამო(თბ)-საბურთალო 1:4 - როგორც ქარიშხალი [VIDEO]
AutoSharing Option
აქამდე "საბურთალოს" გათამაშების ლიდერ "დინამოსთან" არათუ მოგებული არ ჰქონდა, მის კარში გოლიც არ გაეტანა. თუმცა, ამჯერად მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა - "საბურთალომ" 4:1 გაიმარჯვა. მართალია, თბილისელთა კიპერი ნუკრი რევიშვილი პირველ გოლზე შეცდა, მაგრამ რომ არა საქართველოს ნაკრების წევრის კარგი თამაში, "დინამო" უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა.
ამერიკას მცირე ხნის წინ ქარიშხალმა "ირმამ" გადაუარა. შეხვედრის შემდეგ "დინამო" სტიქიაგადავლილ ამერიკულ სანაპიროსავით გამოიყურებოდა. დააახლოებით ისეთივე სცენარი იყო, როგორიც ფილმ "სერენადაში" - დაბალმა და სუსტმა ძლიერი და ღონიერი შეუპოვრობით რომ დააჩოქა.
ყველაფერი დავით ვოლკოვმა დაიწყო, რომელმაც ყოფილ კლუბს დასაწყისშივე გაუტანა - 0:1.
თბილისის "დინამომ" ამის შემდეგ მთელი ძალებით შეუტია და შტურმის შედეგად წონასწორობა აღადგინა: ბაქარ ქარდავა ძალიან ეფექტურად შევარდა მეტოქის საჯარიმოში და კარის წინ ლაშა თოთაძე მოძებნა - 1:1.
ალბათ, დინამოელებმა ყველაზე დიდი შეცდომა ამის შემდეგ დაუშვეს. ნაცვლად იმისა, რომ შეტევები, მოპოვებული სათამაშო უპირატესობა და ზეწოლა გაეძლიერებინათ, კახა კაჭარავას გუნდი რატომღაც დაწყნარდა. თანაც, საბურთალოელები ისევ აქტიურად ათამაშდნენ და მკაცრი პრესინგით მეტოქეს სათამაშო სივრცე შეუზღუდეს. ამ კუთხით განსაკუთრებით ნიშანდობლივი თავდამსხმელ გიორგი კოხრეიძის თამაში იყო - საქართველოს ლიგაში არ მოიძებნება თავდამსხმელი, რომელიც მასავით გაუჩერებლად მოძრაობს და მცველებს და მეკარეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
საბურთალოელთა შეუპოვრობამ და დაუზარელმა მოძრაობებმა შედეგი გამოიღო. "დინამოს" ასეთი მარწუხისგან თავის გათავისუფლების კონტრიარაღი არ აღმოაჩნდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი კი გათამამდა - 35-ე წუთზე ნოდარ იაშვილს თავისიანების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ამ მომენტით ვერ ისარგებლა.
სამაგიეროდ, თავისი შანსით ლადო მამუჩაშვილმა ისარგებლა, რომელმაც მცველისგან მოგერიებული ბურთი დაუხანებლად კარში გაგზავნა და "საბურთალო" შესვენებაზე 2:1-ით გავიდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო: ახალდაწყებულზე ვოლკოვმა დუბლი შეასრულა - ლაშა შინდაგორიძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ მან ბურთი კარში თავით გაგზავნა - 1:3.
ეს იყო შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი. "დინამო" დაიბნა და ვერ მოძებნა ძალები, ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ ფეხზე რომ წამომდგარიყო. საბურთალოელები კი შეტევებს აგრძელებდნენ - ორჯერ შინდაგორიძეს შეეძლო კარის აღება, ამდენჯერვე - გიორგი ხარაიშვილს, მაგრამ სამჯერ რევიშვილმა გამოავლინა გასაოცარი რეაქცია და მასპინძლები გადაარჩინა, ერთხელ კი ხარაიშვილმა ბურთი ძელს მოარტყა.
ბოლო წერტილი ხარაიშვილმა დასვა: "საბურთალოს" კაპიტანი საჯარიმოში შევარდა და ზუსტად გაისროლა - 1:4 სტუმართა სასარგებლოდ.
დაუჯერებელი თამაში გამოვიდა - დიდი პატივისცემის მიუხედავად, "საბურთალოსგან" ასეთ დამაჯერებელ და გამართულ ფეხბურთს არავინ ელოდა, ხოლო "დინამოსგან" - ასეთ დაუჯერებელ მარცხს.
თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სხვაობით ბოლოს 2015 წლის 24 აპრილს, "ცხინვალთან" გასვლაზე წააგო, რომელსაც გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი კახა კაჭარავა წვრთნიდა.
ამგვარად, 26-ე ტურის შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" და "სამტრედიამ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. 24 სექტემბერს თბილისელები ქუთაისელებს ესტუმრებიან, სადაც გარანტირებულად მხოლოდ უმძიმესი მატჩი ელით.
ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ლიდერებში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბა და თავად ევროპის ლიგაზე გასასვლელი შანსი შეინარჩუნა.
ეროვნული ლიგა. XXVI ტური
17.09. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-საბურთალო 1:4
გოლები: 0:1 ვოლკოვი (4), 1:1 თოთაძე (27. ქარდავას პასით), 1:2 მამუჩაშვილი (37), 1:3 ვოლკოვი (49. შინდაგორიძის პასით), 1:4 ხარაიშვილი (71)
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა (61, ქოჩლაძე), ნინუა - შულაია, ზარია (78. ქავთარაძე), მიქელთაძე - კოვტალიუკი (46. ლილუაშვილი)
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, კუცია, ხარაბაძე
მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი (81. მალი), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი - მამუჩაშვილი, თარხნიშვილი - შინდაგორიძე, ვოლკოვი (75. ტერა) - კოხრეიძე (70. მუიეცი)
სათადარიგოები: გოშაძე, ბიძინაშვილი, ცნობილაძე, იმნაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (14), რევიშვილი (49), ლილუაშვილი (61), ლაკვეხელიანი (84)
არბიტრი: გ. ვადაჭორია.
მომდევნო ტური
22 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
საბურთალო-შუქურა
23 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
დილა-სამტრედია
24 სექტემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
არ მომეწონა პირველ თამაშში ტორპედომ უშანსოდ რომ წააგო დინამოსთან, მეორე თამაშში პირველ ტაიმს არა უშავდა და ასეთ ბრძოლაში ორივე გუნდი რაღაცას იღებდა კარგს. ან თბილისური დინამო სამტრედია როგორ არ უნდა მოეწონოს კაცს. იმედი მომეცა ეგებ გაისად აღარ შევრცხვეთ ასე სასტიკად ევროპაზე თქო და რას აკეთებთ, მარტო თქვენს სახელს რომ აფუჭებდეთ კიდე ჰო, მაგრამ მასეთი ქმედებით ხომ ყველას საქმე ფუჭდება. ჩვენ ბრმათა შორის ცალთვალები კი არ გვჭირდება, ჩვენ მკაცრ ურთიერთ დაპირისპირებაში მიღწეული შედეგები გვიშველის მარტო.
ლაილაი კარგად გეხერხებათ, არიქა ძლიერი კონკურენტები გვინდაო და საიდან ეს კონკურენცია თუ ყველამ მხოლოდ გაყიდვაზე აიღო ორიენტაცია?
მომიგოს დინამომ თუნდაც ყველა თამაში, ოღონდ თამაშით(და არა მსაჯებით თქვენ რომ გჩვევიათ ისე) და ძლიერი ქართველი ფეხბურთელებით და მაინც გამიხარდება ვიდრე მასეთ დინამოსთან მე მოვიგო. საბურთალოსთან რაც თამაში აჩვენა დინამომ იყო ძალიან დაბალი დონე. საბურთალო ისე პროგრესირებს (ყოჩაღ მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს და ბიჭებს) მაინც მოუგებდა მალე უფრო ძლიერ დინამოსაც კი მაგრამ თქვენი გუნდის ასე თამაში ორივე გუნდის შეურაცყოფა იყო ფაქტიურად (უფრო მეტი უნდა გაეტანა საბურთალოსაც და შუქურასაც და გეგრძნოთ პასუხისმგებლობა).
ორი სიტყვა თვითონ ფეხბურთელებსაც მინდა გითხრათ, გასაგებია, რომ ვისაც თამაშში წამყვანი როლი ეკისრა წავიდნენ და დრო გჭირდებათ, რომ უფრო გათამამდეთ, მაგრამ მაინც უფრო მეტი მოგეთხოვებათ, სეზონი მთავრდება და ახლა უფრო მეტი მონდომებითაა თამაში საჭირო.