12:41 18-09-2017
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
AutoSharing Option
ისევე, როგორც "საბურთალოსთან", კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა ამჯერადაც ძალიან აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ ფეხბურთი პირველ 10 წუთში არ მთავრდება.
ბათუმელებს ბევრად მეტი შეუძლიათ, ვიდრე სატურნირო ცხრილიდან ჩანს, მაგრამ ლიგაში ადგილს მხოლოდ რესურსით ვერავინ შეინარჩუნებს - საამისოდ, მოედანზე ბევრი მოძრაობა, ბოლო წამამდე ბრძოლა და კონცენტრაციაა საჭირო. ბათუმელები კი ამ კომპონენტებშიც მოიკოჭლებენ, "ფიზიკაშიც" გვარიანი პრობლემები აქვთ და მეორე ტაიმში ბრძოლის უნარს კარგავენ.
...და ამ ყველაფრის მიუხედავად, ფროლოვის გუნდს "ტორპედოსთან" მინიმუმ 4 რეალური შანსი ჰქონდა. თუმცა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მატჩი მასპინძლებმა წააგეს, საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი კი არა, ნულოვანი მაჩვენებელია. ისეთ მომენტებს ვერ იყენებდნენ, ძნელი დასაჯერებელი იყო.
მართალია, ქუთაისელებმა ეს თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს, მაგრამ ძალიან კარგად გააგრძელეს. კახა ჩხეტიანმა საჩხერის "ჩიხურასთან" წაგების შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა, მეტოქეს "საბურთალოსავით" აქტიური პრესინგი დაუპირისპირა და საბოლოოდ, ამ ყველაფერმა სტუმრებს მოგება მოუტანა.
თუ ვინმე მასპინძელთაგან გამოსარჩევია, ეს მეკარე ანატოლი ტიმოფეევი და ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი არიან. უკრაინელმა კიპერმა იმდენი ბურთი მოიგერია, ხუთ თამაშს რომ ეყოფოდა. გრიგალაშვილი კი ბოლო წამამდე იბრძოდა და როცა თანაგუნდელებმა მხარი არ აუბეს, შეეცადა, პრესტიჟის გოლი მაინც გაეტანა. თუმცა, გუნდი რომ ხელს არ გიწყობს, მარტო ვერაფერს გახდები...
მატჩის სტენოგრამა
4' - ელგუჯა გრიგალაშვილი საჯარიმოში სამ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა - კვასხვაძემ ბურთი მოიგერია და გუნდს ხიფათი აარიდა.
4' - გიგაურის დარტყმას კვირკველია გადაეფარა და სახიფათო შეტევა ჩაშალა.
8' - ჩოგაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა ოთარ მარცვალაძე, მაგრამ სანამ ბათუმელთა თავდამსხმელმა ბურთი დაამუშავა, კვასხვაძე კარიდან გამოვიდა და გუნდი გადაარჩინა.
11' - გრიგოლ დოლიძის კუთხური. კარის წინ კუტალია მცველებს გაექცა და თავით დაარტყა - ანატოლი ტიმოფეევმა მასპინძლები გოლისგან იხსნა.
11' - ქუთაისელებმა შეტევა გააგრძელეს და ტიმოფეევმა ჭიჭინაძის დარტყმულზეც საიმედოდ ითამაშა.
12' - კუტალიამ არზიანს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დაახანა და მეკარეს კვირკველიაც შეეშველა, დამატებაზე კი კაპანაძეს არზიანი გადაეღობა და შეცდომა გამოასწორა.
14' - გოლი! დოლიძის ფლანგური გადაცემისას ბურთს ფეხი კვირკველიამ დაუხვედრა, ტრაექტორია შეიცვალა და ტიმოფეევმა მოიგერია, დამატებაზე კი ქიმაძემ ანგარიში გახსნა - 0:1.
22' - გოლი! კუტალიას იდეალური გადაცემა საჯარიმოში შეჭრილ ტუღუშს - ქუთაისელთა შემტევის ძლიერი დარტყმა შორეულ კუთხეში და - 0:2.
35' - მარცვალაძემ კარის წინ დატოვა ჩოგაძე, რომელმაც დარტყმა დაახანა, იქვე ბურთს მცველი ჩაუწვა და ხელი შეუშალა.
36' - გოლი! კაპანაძე გაექცა კვირკველიას, რომელიც ბათუმელთა მცველმა ხელით მოქაჩა და არბიტრმა პენალტი დანიშნა. კუხიანიძემ 11-მეტრიანი იდეალურად შეასრულა - 0:3.
40' - არზიანმა კარის წინ მარცვალაძეს შეუქმნა მომენტი, მაგრამ ფორვარდს მეკარემ დაასწრო.
43' - შონიას დარტყმას მცველი გადაეფარა. მიზანს ვერც ფარტენაძის შორეულმა "გასროლამ" უწია.
50' - დინამოელებმა ყურები ჩამოყარეს და მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე გასულ კაპანაძეს ხელიც არ შეუშალეს, თუმცა თავდამსხმელმა დიდებული შანსი ვერ გამოიყენა.
66' - გრიგალაშვილმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა მარცვალაძე, რაზეც კვასხვაძემ გასაოცარი რეაქცია გამოავლინა, მასპინძელთა თავდამსხმელს გადაეღობა და "ტორპედო" აშკარა გოლისგან იხსნა.
74' - გრიგალაშვილმა კუთხური მოაწოდა და კარის წინ სრულიად მარტო დარჩენილმა თევდორაძემ 4 მეტრიდან ააცილა.
75' - კუხიანიძის დარტყმა და ტიმოფეევი ბურთს "ცხრიანიდან" ხსნის.
83' - გოლი! ტაბატაძის უძლიერეს დარტყმას კვლავ ტიმოფეევი გადაეღობა, დამატებაზე კი კორობკამ "ტორპედოს" მაისურით პირველად გაიტანა - 0:4.
86' - გიგაურის ძლიერი დარტყმა და ისევ ტიმოფეევი!
87' - ტუღუშის მინი-შოუ: ქუსლით გაკეთებული ულამაზესი გადაცემით კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და - 0:5.
90' - საჯარიმო მამასახლისმა შეასრულა - ტიმოფეევმა კიდევ ერთხელ ითამაშა საიმედოდ.
ეროვნული ლიგა. XXVI ტური
16.09. ბათუმი. "რაგბი არენა"
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5
გოლები: 0:1 ქიმაძე (14), 0:2 ტუღუში (22. კუტალიას პასით), 0:3 კუხიანიძე (36-პენ), 0:4 კორობკა (83), 0:5 კუხიანიძე (87)
დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, არზიანი (56. ფლამარიონი) - ჩოგაძე (56. თევდორაძე), ე. გრიგალაშვილი (88. გ. ქავთარაძე), კვასოვი - მარცვალაძე.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, კეკუა
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე - კუხიანიძე, გიგაური - დოლიძე (67. კორობკა), ტუღუში, კუტალია (81. კუჭუხიძე)- კაპანაძე (62. მამასახლისი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ბაბუნაშვილი, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილებები: კვირკველია (36), კაპანაძე (49), ჭიჭინაძე (71), ტუღუში (80), მახარაძე (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
მომდევნო ტური
22 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
საბურთალო-შუქურა
23 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
დილა-სამტრედია
24 სექტემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ვინ იქნება ნაღდად ვიცე-ჩემპიონი? ესაა ქუთაისის ტორპედო და ამას ეს კლუბი მართლაც იმსახურებს, მეორე ადგილზე არის და ასეც დაამთავრებს ამ ჩემპიონატს.
წინ ტორპედო, წინ ბიჭებო!