ეროვნული ლიგა. XXIX ტურის წინ: ნეგატიური ფონის თანხლებით

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა და ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატისაკენ უნდა გვქონდეს.

სამწუხაროდ, სანაკრებო ბატალიებმა გულშემატკივრებს მორიგი იმედგაცრუება მოუტანა: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მატჩი წააგო, მაგრამ განსაკუთრებით გულსატკენი იყო 21-წლამდელების ფიასკო. გვარ-სახელებს რომ გადახედოთ, ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ შესარჩევ ციკლში სამივე მატჩი წააგო და 11 გოლი გაუშვა!

არადა, ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, ახალგაზრდული ნაკრების წევრთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ ლიგაში თამაშობს. თანაც, ეს ბიჭები თავიანთ გუნდებშიც გამორჩეულნი არიან და საერთოდ - ჩემპიონატშიც, მაგრამ... აღმოჩნდა,
რომ ეს საკმარისი არ ყოფილა არც დანიელ თანატოლებთან მატჩში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ფარერებთან დაპირისპირებაში.

აი, ასეთი ნეგატიური ფონით უნდა განახლდეს ეროვნული ლიგა, სადაც, საფეხბურთო დონის ზრდის რა მოგახსენოთ და, სატურნირო ინტრიგა კი ტურიდან ტურამდე მატულობს. ჩვენც, როგორც უკვე ტრადიციასავით გვექცა, ამ ინტრიგას შევხარით.

13.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00
ჩიხურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები: 9: +3 =2 -4, 9-14
დისკვალიფიკაცია: ნიკა საბანაძე (სამტრედია)
I-II-III წრე: 1:0, 1:2, 0:3

ტური იმერული დერბით გაიხსნება, რომელსაც თბილისმა უნდა უმასპინძლოს! თუმცა, უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ როგორც კი კლიმატური პირობები უარესდება, საჩხერელთა გუნდს სხვა ქალაქში უწევს "საშინაო" მატჩების ჩატარება...

"ჩიხურას" ისეთი სატურნირო მდგომარეობა აქვს, წესით და რიგით, ჩემპიონატის მატჩებში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში არავინ უნდა მოსთხოვოს - არც დაქვეითება ემუქრება და ლიდერთა სამეულსაც 12 ქულით ჩამორჩება.

სხვა საქმეა თასის გათამაშება, სადაც "ჩიხურა" ნახევარფინალშია გასული. აი, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა კი ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო და ლიდერ თბილისის "დინამოსთან" დაწევის შანსი ხომ ხელიდან გაუშვა, ამას გარდა, მესამე ადგილამდეც ჩამოქვეითდა.

იმერულ დერბის სამწვრთნელო ინტრიგაც ახლავს: მართლაც საინტერესო უნდა იყოს ეროვნულ ლიგაში მომუშავე ყველაზე გამოცდილი და ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელად 28 წლის უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, ხოლო საჩხერელთა "მარადიულ" თავკაც სოსო ფრუიძეს რამდენიმე დღის წინ 60 წელი შეუსრულდა, რასაც ცოტა დაგვიანებით ვულოცავთ...

13.10. ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 20:00
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები: 52: +28 =14 -10, 78-36
I-II-III წრე: 1:0, 2:3, 2:1

ალბათ, ტურში ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ეს მატჩი იწვევს. გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ადვილად მიხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის. ბოლო დროს წარმატებით მოასპარეზე "დილამ" თუ ზედიზედ მეოთხე მატჩიც მოიგო, მაშინ უშუალო კონკურენტს უკვე 8 ქულით ჩამოიტოვებს.

აი, ბათუმის "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში კი, აჭარულ კლუბს მხოლოდ 2 ქულა დააშორებს სამშვიდობო მერვე ადგილს.

მოკლედ, ისეთი თამაშია, ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობას. მით უფრო, რომ მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული სამივე მატჩი ერთმანეთზე უცნაური სცენარით წარიმართა.

თავად განსაჯეთ - ბათუმის "დინამომ" თავის უშუალო კონკურენტს ორივე მატჩი სტუმრად მოუგო, სამაგიეროდ, საკუთარ მოედანზე დამარცხდა მიმდინარე სეზონის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ დაპირისპირებაში - II წრის მატჩში აჭარლები 3:2-ს იგებდნენ 84-ე წუთამდე, მაგრამ დარჩენილ დროში "დილამ" მასპინძელთა კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა...

14.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები: 11: +4 =4 -3, 14-13
დისკვალიფიკაცია: გიორგი კახელიშვილი (შუქურა)
I-II-III წრე: 0:1, 1:0, 2:1

ამ გუნდებს აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ - "ტორპედო" თუ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, "შუქურა" ბოლოადგილოსანია.

...16 წლის წინ იყო, "ტორპედო" უკანასკნელად რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი. და აი, მიმდინარე სეზონი ისე წარიმართა, ქუთაისელებს ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გაუჩნდათ და კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი გუნდიც, ალბათ, ყველაფერს იღონებს, რომ დასკვნით ტურებამდე (სადაც ერთმანეთზე ურთულესი მატჩები ელოდებათ), ქულათა მაქსიმალური რაოდენობით მივიდეს.

"შუქურა" კი არაფრით ეგუება ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობას და იმის მიუხედავად, რომ უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ქობულეთელთა გუნდთან წინაწარ არავის აქვს მოგება გარანტირებული.

ეგ კი არა, გასულ თვეში გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ჯერ თბილისის "დინამოს" დააკარგვინა ქულები, მერე კი - "სამტრედიას". თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ორივე შემთხვევაში ფავორიტები სულაც წაგებას გადაურჩნენ - "დინამომაც" და "სამტრედიამაც" ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლეს.

15.10. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 17:30
საბურთალო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები: 7: +2 =1 -4, 12-8
დისკვალიფიკაცია: ცოტნე ნადარაია (საბურთალო)
I-II-III წრე: 0:3, 1:2, 0:0

სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ ბოლო ტურში "კოლხეთმა" ძალიან წარუმატებელი სერია დაასრულა და, როგორც იქნა, ქულა მოიპოვა - თანაც, თბილისის "დინამოსთან". თუმცა, ფოთელთა გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ეს ფაქტი დიდად არ ასახულა. საქმე ისაა, რომ ზღვისპირელებს ჩემპიონატში 23 მაისის შემდეგ არ გაუმარჯვიათ.

ის ტური "კოლხეთისთვის" წარმატებული თუ გამოდგა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით "საბურთალოზე" - ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდის 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ხომ სწორედ მაშინ შეწყდა.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში "საბურთალომ" ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კოლხეთს", არადა, წინა ორ ჩემპიონატში ორივე საშინაო შეხვედრაში 5-ბურთიანი სხვაობით აჯობა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამ სეზონში "საბურთალო" თავის უხერხულ მეტოქესთან გამარჯვებას. ოღონდ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სანაკრებო პაუზის დროს "საბურთალოს" ფეხბურთელთა ლამის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იყო გამოძახებული.

15.10. თბილისი. დინამო არენა. 20:00 (LIVE II არხზე)
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები: 46: +26 =12 -8, 68-27
I-II-III წრე: 0:1, 3:0, 1:3

ამ სამდღიანი ტურის ბოლო მატჩი ისეთია, წესით და რიგით, გულშემატკივართა დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს: იმის გარდა, რომ დედაქალაქური დერბია, ეს დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც საკმარისზე მეტ ინტრიგას გვპირდება. იმის მიუხედავად, რომ თბილისის "დინამო" კვლავაც ინარჩუნებს პირველ ადგილს, მოგეხსენებათ იმ საკადრო პრობლემებზეც, რასაც ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე წააწყდა.

სწორედ ამ პრობლემებს უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ კიდევ უფრო გაახალგაზრდავების გზაზე დამდგარმა "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 1 წააგო და 3 ფრედ ითამაშა. დინამოელთა მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ამჯერადაც გვარიანი ფიქრი მოუწევს ძირითადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად...

ამ დროს კი, მეტოქე გუნდში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: "ლოკომოტივის" დამრიგებელ გიორგი დევდარიანის განკარგულებაში ხომ, ფაქტობრივად, 2 თანაბარი ძალის შემადგენლობაა. აქ ყველა რგოლში სერიოზული კონკურენციაა და ასეთი ფუფუნებით ეროვნულ ლიგაში სხვა გუნდი ვერ დაიკვეხნის.

აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "ლოკომოტივი" ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და "დინამოსთან" დაპირისპირებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივი" ერთადერთი გუნდია, ორჯერ რომ შეძლო ლიდერის დამარცხება.

პირველ წრეში გამარჯვებით "რკინიგზელებმა" თბილისურ გრანდთან 9-წლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გაგახსენებთ III წრის დაპირისპირებასაც, რომელიც "ლოკომოტივის" 19 წლის შემტევის, ვატო არველაძის ბენეფისად იქცა...

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები საქართველოს ყველაზე მაგარი ქალაქის ყველაზე მაგარ გუნდს... იმედია მიხვდებიტ ვინც არის... მაინც დავწერ ეს ქუთაისის ტორპედოა..............
ტორპედო ტორპედო ტორპედო ქუთაისი მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრ
12:58 13-10-2017
8
აი როგორ დაეტყო ქართულ ფეხბურთს აღმავლობა,ჩვენ კიდევ არ გვჯეროდა,რომ ფედერაციაში კორუმპირებულები იჯდნენ:)
ლაშა
13:08 13-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული