კი ბატონო, შესაძლოა, რომ სულ ბოლო ტურის წინ სატურნირო ინტრიგა, ფაქტობრივად, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაგრამ მანამდე ხომ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი...
მოკლედ, წინ კიდევ არაერთი საინტერესო და, რაც მთავარია, არაპროგნოზირებადი მატჩი გველოდება. აი, თუნდაც ისეთები, სწორედ გასულ ტურში რომ იყო (ერთდროულად - ორი), ოღონდ, როგორც უკვე შევთანხმდით, ასეთ შედეგებს ვერაფრით ვერ დავარქმევთ "სენსაციურს"...
...გასული ტურის მერე სატურნირო ცხრილში არანაირი გადაადგილება არ მომხდარა, მაგრამ ინტრიგა
აი, რაც შეეხება სეზონის უმთავრეს ინტრიგას, ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა: მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, ეროვნული ლიგის ლიდერმა თბილისის "დინამომ" თავისი მორიგი ტიტული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე რომ გაიფორმოს.
"დინამოსთვის" ეს მართლაც მორიგი საჩემპიონო ზეიმი კი გასულ ტურში დაფიქსირებულმა ორმა შედეგმა მოაახლოვა: ორივე კონკურენტმა ("ტორპედო" და "სამტრედია") ხომ თავიანთი მატჩები წააგო...
საბურთალოს შემოდგომა
"სამტრედია" ჯერაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობს, მაგრამ ბოლო ტურში განცდილი მარცხის გამო ამ სტატუსს, შესაძლოა, ორი ტურის მერეც დაემშვიდობოს; აი, რა მოჰყვა "სამტრედიის" მორიგ საკადრო პრობლემებს: დისკვალიფიცირებული ორი წამყვანი ფეხბურთელის (მეკარე - ომარ მიგინეიშვილი, მარჯვენა მცველი - გიორგი მჭედლიშვილი) სრულფასოვნად ჩანაცვლება, წინა მატჩისაგან (თბილისის "დინამოსთან") განსხვავებით, ამჯერად ვეღარ მოხერხდა.
თუმცა, ამით სულაც არ გვინდა "საბურთალოს" მორიგი წარმატების დაკნინება, მით უფრო, რომ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილსაც არ ჰყოლია მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა; მაგრამ ახალგაზრდულმა "საბურთალომ", ისე, როგორც სექტემბერსა და ოქტომბერში გამართულ თითქმის ყველა მატჩში, ამჯერადაც გააზრებული ფეხბურთი უჩვენა და მორიგი გამარჯვებით კვლავაც შეინარჩუნა IV ადგილზე გასვლის (შესაბამისად, ევროპალიგის საგზურის) შანსი.
საერთოდაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ თვეში ეროვნულ ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი სწორედ "საბურთალო" იყო. სხვათა შორის, სექტემბერშიც სწორედ "საბურთალო" იყო საუკეთესო გუნდი ეროვნულ ლიგაში...
...ცალკე უნდა ვთქვათ "საბურთალოს" 21 წლის კაპიტან გიორგი ხარაიშვილზე, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა "დუბლი" და საერთოდაც (ისე, როგორც მთელი გუნდი), გამორჩეულად შედეგიანად III წრიდან ათამაშდა.
ხარაიშვილმა ამ სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, რომ ამპლუით ნახევარმცველისათვის მართლაც მშვენიერი შედეგია.
კირკიტაძე ავტორიტეტებს არ ცნობს!
"საბურთალომ" რომ მოქმედ ჩემპიონს სტუმრად აჯობა, მხოლოდ ეს ფაქტი არ იყო გასულ ტურში მეტ-ნაკლებად მოულოდნელი ამბავი: თავისი მატჩი ხომ ჩემპიონობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ქუთაისის "ტორპედომაც" წააგო! არადა, ამ ტურის წინ "ტორპედო" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდა მარადიულ მეტოქეს, თბილისის "დინამოს", მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდის ექვსმატჩიანი სერია გორში შეწყდა.
ისე, ერთი მხრივ, ეს შედეგი განსაკუთრებულად მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: იმის გარდა, რომ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფ "დილასაც" არანაკლებ სჭირდებოდა გამარჯვება (თანაც, "დილა" ამ ტურს ზედიზედ 3 მარცხით შეხვდა). ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მიმდინარე სეზონში გორელთა გუნდს "სამტრედიაც" ჰყავდა დამარცხებული და თბილისის "დინამოც".
ახლა კი "დილამ" ჩემპიონობის მესამე კანდიდატსაც მოუგო და, რაც მთავარია, კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა უშუალო კონკურენტთან (ბათუმის "დინამოსთან"). აი, ასეთი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა "დილამ", რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია თავის დროზე (80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში) "ტორპედოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, ორი წლის წინ კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო...
...უფრო მეტი აკავშირებს ქუთაისთან ამ მატჩის გმირ დავით კირკიტაძესაც: 25 წლის ვერცხლისწყალივით მოძრავმა და რეაქტიულმა გარემარბმა თავისი მშობლიური ქალაქის და თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი ეფექტური გოლი არც აღნიშნა!
არადა, ვინ იცის, რა "ფასი" ექნება ტანმორჩილი დავით კირკიტაძის მოხდენილი თავური დარტყმით გატანილ ამ გოლს სეზონის ფინიშისაკენ.
სხვათა შორის, კირკიტაძემ ამ სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და თითქმის ყველა გადამწყვეტი იყო: სტუმრად თბილისის "დინამოსთან", საშინაო მატჩში "სამტრედიასთან" და ახლა - მშობლიური ქალაქის გუნდის კარშიც. აი, რაც შეეხება "ტორპედოს", ახლა ქუთაისელთა გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზე ვეღარ იქნება დამოკიდებული (თბილისის "დინამოს" წაფორხილებას უნდა დაელოდოს).
ამას გარდა, ისიც სათქმელია, რომ "ტორპედოს" თამაშზე აშკარად უარყოფითად იმოქმედა სამი შემტევი ფეხბურთელის არყოფნამაც: ლევან კუტალია და ლაშა კუჭუხიძე ტრავმების გამო არ იყვნენ, ბექა ტუღუში კი - დისკვალიფიცირებული გახლდათ...
საჩემპიონო ზეიმი მოახლოვდა?!.
ორივე კონკურენტის წაგებით მშვენივრად ისარგებლა თბილისის "დინამომ" და უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოიპოვა. ეგ კი არა, დიდი შანსია, რომ სწორედ ამ ტურში გამარჯვება გამოდგეს გადამწყვეტი ფაქტორი საჩემპიონო რბოლაში: კახა კაჭარავას დამოძღვრილი "დინამო" ფინიშამდე 4 ტურით ადრე ერთ კონკურენტს ("ტორპედოს") უკვე 4 ქულით უსწრებს, მეორე კი ("სამტრედია"), ალბათ, საბოლოოდ ჩამოიცილა (სხვაობა 7 ქულაა).თანაც, არც ის უნდა იყოს უმნიშვნელო ფაქტი, რომ თბილისის "დინამო" თასზეც აგრძელებს ასპარეზობას, ოღონდ ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდში დღესდღეობით ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია, რომ სათასო ნახევარფინალის წინ კახა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოეხდინა.
ანუ, როგორც ბოლო მატჩებში "მივეჩვიეთ", ამჯერადაც, ფაქტობრივად, 12-13 ჯანზე მყოფი ფეხბურთელი ჰყავდა "დინამოს", მაშინ, როცა "ჩიხურას" გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული კორექტივები შეიტანა თავისი გუნდის შემადგენლობაში.
ანუ "ჩიხურა" საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით "მასპინძლობდა" (მატჩი ხომ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა) გათამაშების ლიდერს და ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნაც მოეძებნება: საჩხერელთა გუნდს ჩემპიონატიდან უფრო გაუჭირდება ევროპალიგის საგზურის მოპოვება, ვიდრე თასის გათამაშებიდან და შუა კვირაში გასამართავი ნახევარფინალის წინ ამიტომაც ვიხილეთ აშკარად სახეშეცვლილი "ჩიხურას" შემადგენლობა...
...ისე, ამ ტურის ერთადერთ უხვგოლიან მატჩში კურიოზული გოლებიც ვიხილეთ და ეფექტურიც; ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ლაშა თოთაძის მორიგ სუპერსტანდარტულზე ვლაპარაკობთ: "დინამოს" 29 წლის ცენტრალურმა მცველმა (ისე, როგორც "დილასთან" საგარეო მატჩში), ამჯერადაც, დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა გოლი!
აღსანიშნავია, რომ ეს იყო თოთაძის მეშვიდე გოლი მიმდინარე ჩემპიონატში. არადა, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებში, რამდენიც გნებავთ, იმდენი თავდამსხმელია, 5-გოლიან ნიშნულზეც რომ ვერ ასულა...
დაბოლოს, "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულზეც: ამ მატჩის მიწურულს მოედანზე გამოჩნდა 23 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი, რომელსაც შარშან ჩინებული სეზონი ჰქონდა უკრაინის ჩემპიონატში, სადაც ოდესის "ჩერნომორეცში" გამოდიოდა. მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და "გაგრას" ღირსებას იცავდა.
უსასრულო სერია და შუქურას შანსი
ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება ხოლმე: წარმატებულიც და წარუმატებელიც; თუმცა, "კოლხეთის" ცუდ დროებას საშველი არ დაადგა: მორიგი მარცხის შემდეგ ფოთელთა გუნდის მოუგებელი მატჩების სერია უკვე თვრამეტამდე გაიზარდა!ანდა, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას გუნდმა, სეზონის ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 3 ფეხბურთელი რომ ეყოლება? არადა, მასპინძელ გუნდსაც არანაკლებ სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მაინც მოახერხა მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი 18 კაცის "შეგროვება" და თავისი გუნდის სამმატჩიანი მოუგებელი სერიაც დასრულდა.
გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი კი "ლოკომოტივის" 24 წლის გარემარბმა ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. მორიგი წაგების შემდეგ "კოლხეთის" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ამ ტურში გასამართავი აჭარული დერბი მშვიდობიანი გამოდგა: "შუქურამ" და ბათუმის "დინამომ" ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "შუქურა" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ყველანაირად კრიზისში მყოფ "კოლხეთს", ეს კი ერთი მატჩის მოგებაა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"