ეროვნული ლიგის XXXIII ტურის სიმბოლური ნაკრები და მიმოხილვა

AutoSharing Option
სამი ტურიც და ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდება, თუმცა, მოახლოებული ფინიშის მიუხედავად, ჯერ არაფერია გარკვეული და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სატურნირო ინტრიგა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს. ეს ინტრიგა კი განვლილი ტურის შედეგებით შემოგვრჩა. არადა, სატურნირო ცხრილში არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა...

ეროვნულ ლიგაში ამჟამად ორკვირიანი შესვენებაა და მიმდინარე სეზონის ამ უკანასკნელ სანაკრებო პაუზას ჩვენი გუნდები, ალბათ, მაქსიმალურად გამოიყენებენ ფინიშისათვის მაქსიმალურად მოსამზადებლად. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორი საქმეა ჩემპიონატის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, 9 დღის განმავლობაში სამი ოფიციალური მატჩის ჩატარება?!.

უცნაურია, მაგრამ
ფაქტია: ეროვნულ ლიგაში დღესდღეობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ "სამტრედია" ამიერიდან ექსჩემპიონად უნდა მოვიხსენიოთ. ამ გუნდს თეორიული შანსიც აღარ დარჩა, რომ თბილისის "დინამოს" დაეწიოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება...

თუმცა ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია. არ გარკვეულა არც პლეი-აუტში მოასპარეზე გუნდების და არც ყველაზე უიღბლო გუნდის ვინაობა...

უკრაინელები ფოთის გადასარჩენად!
ადრე თუ გვიან, ყველა სერიას (წარმატებულსა თუ წარუმატებელს) აქვს დასასრული, თუმცა "კოლხეთს" ისე ნამეტნავად გაუგრძელდა თავისი მართლაც კოშმარული სერია, ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ბევრმა წინასწარ "გადაამისამართა" კიდეც ქვედა ლიგაში!

შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე "კოლხეთს" 18-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ამის გამოც იყო, რომ ფოთელთა გუნდი უმძიმეს სატურნირო სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა სწორედ ახლა, ჩემპიონატის გადამწყვეტ მომენტში, "კოლხეთმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ხუთთვენახევრიანი მოუგებელი სერიაც დაასრულა. აღსანიშნავია, რომ "კოლხეთმა" კიდევ ერთი ნავსი გატეხა ამ ტურში მოგებით: ფოთელთა გუნდი ხომ 13 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა "დილას" დამარცხებას...

ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კი "კოლხეთის" უკრაინული "დიასპორა" იყო: ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეკსანდრ შტელინმა პირველი თამაში მოიგო, გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი კი იგორ ბროვკოსა და ოლეკსანდრ დერებჩინსკის ჩინებულ კომბინაციას მოჰყვა.

თუმცა "კოლხეთის" სხვა ფეხბურთელებსაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა: 31 წლის მეკარე კოკა სეფიაშვილმა თავისი დამაჯერებელი თამაშით ლომის წილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, ისე, როგორც გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ.

არამშვიდობიანი ფრე
არა და არ ეპუება აუტსაიდერის სტატუსს ბოლოადგილოსანი "შუქურა" და ამის დასტურად ციფრებსაც მოვიშველიებთ: გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ბოლო სამ მატჩში 5 ქულა მოიპოვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა: უშუალო კონკურენტის ("კოლხეთის") ამ ტურში გამარჯვების შემდეგ "შუქურასაც" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრა გასვლით მატჩში. თანაც, ქობულეთელთა შანსები სულაც არ მოჩანდა უტოპიურად: ჯერ ერთი, "შუქურამ" ხომ შეძლო და II წრის მატჩში სწორედ სტუმრად დაამარცხა "ლოკომოტივი". თანაც, იმ შეხვედრაში "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით დღევანდელ სიტუაციაზე. ეგ კი არა, IV წრის დაწყებიდან მოყოლებული, გიორგი დევდარიანს, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობა გაჰყავს მოედანზე...

არადა, ასეთი სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, "ლოკომოტივი" კვლავაც აგრძელებს ბრძოლას IV ადგილისათვის და "შუქურასთან" მატჩიც ამის დადასტურება იყო: ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ფრე (აშკარად "არამშვიდობიანი") დაფიქსირდა, ორივე გუნდისთვის... მიუღებელი რომ უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ "შუქურა" ორჯერ იგებდა თავისი ბრაზილიელი ლეგიონერების, 21 წლის მარსელინიოსა და 28 წლის ჟეფინიოს ზუსტი დარტყმების შემდეგ. მასპინძლებმა ორჯერვე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და ამით ის აშკარად უსაფუძვლო ეჭვებიც გაფანტეს...

პირველ შემთხვევაში თავი გამოიჩინა ამჟამინდელი "ლოკომოტივის" ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 29 წლის გიორგი რეხვიაშვილმა, რომელმაც "ახალგაზრდობა გაიხსენა" და ამ მატჩში მარცხენა მცველად მოგვევლინა (კარიერის დასაწყისში, რუსთავის "მეტალურგში" სწორედ ამ პოზიციაზე გამოდიოდა); მეორე გოლი კი "ლოკომოტივის" კიდევ ერთმა საკვანძო და... ჯანმრთელად შემორჩენილმა ფეხბურთელმა, 25 წლის გეგა დიასამიძემ გაიტანა.

ამ შემთხვევაში კი საგოლე პასის ავტორიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად: "შუქურას" მეორე გოლის შემდეგ გიორგი დევდარიანმა მოედანზე კიდევ ერთი დებიუტანტი, 18 წლის ლუკა სილაგაძე შეიყვანა. ჰოდა, დებიუტიც ასეთი უნდა: ამ სწრაფმა და საზრიანმა ბიჭმა სტუმართა მარცხენა ფლანგი პირწმინდად დაიპყრო და მის ერთ-ერთ გამჭოლ ფლანგურ პასს მოჰყვა კიდეც "ლოკომოტივის" მეორე გოლი.

საჩხერელთა საგარეო უცნაურობანი...
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "უცნაური" გუნდი ჰყავს სოსო ფრუიძეს: ეროვნული ლიგის ყველაზე გამოცდილი მწვრთნელის შეგირდებმა ზედიზედ მესამე (თასის ჩათვლით - მეოთხე) საგარეო მატჩი მოიგეს. თანაც, მთელი ხიბლი ამ საგარეო გამარჯვებებში ის არის, რომ სამივე შემთხვევაში "ჩიხურას" ისეთ მეტოქეებთან უწევდა დაპირისპირება, რომლებთაც მართლაც ძლიერი სატურნირო მოტივაცია ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, ოთხდღიან ინტერვალში, "ჩიხურამ" ჯერ "შუქურას" მოუგო სტუმრად, მერე კი იმავე სტადიონზე ბათუმის "დინამოც" დაამარცხა. მოგეხსენებათ, რომ ორივე აჭარული გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვის, აი, "ჩიხურას" ბოლო მეტოქე ("საბურთალო") IV ადგილის დაკავების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია და ბევრს მიაჩნდა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი გუნდი ამჯერად მაინც გატეხდა ნავსს და მიმდინარე სეზონში პირველად დაამარცხებდა ჩემპიონატში, ერთი შეხედვით, უმოტივაციო "ჩიხურას"...

თუმცა, ასე არ მოხდა და ამაში დიდი როლი ითამაშა საჩხერელთა გუნდის თავკაცის უკვე ტრადიციადქცეულმა როტაციამ ძირითად შემადგენლობაში: "ჩიხურას" ერთიმეორეზე გამოცდილმა ფეხბურთელებმაც კარგად აუღეს ალღო მთავარი მწვრთნელის მიერ სწორად შერჩეულ ტაქტიკას და... კიდევ ერთხელ ჩაერთვნენ IV ადგილისათვის ბრძოლაში.

ორი სხვადასხვა დინამო
ამ ტურის წინ ჩემპიონობისათვის მებრძოლი თბილისის "დინამო" 4 ქულით უსწრებდა უახლოეს კონკურენტ "ტორპედოს", ხოლო ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ბათუმის "დინამო" ასევე 4 ქულით ჩამორჩებოდა გადამრჩენელ, VII ადგილზე მყოფ "დილას".

აი, ასეთი სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ ძველ მეტოქეებს, თუმცა, ბრძოლა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, არც ყოფილა: კახა კაჭარავას დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" (რომლის შემადგენლობაშიც 16-17 წლის ბიჭების გამოჩენა აღარავის უკვირს) პირწმინდად დაჯაბნა ერთ დროს მართლაც ღირსეული მოწინააღმდეგე, დღესდღეობით კი ერთობ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ბათუმის "დინამო".

აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა ამ სეზონში ოთხივე მატჩი მოუგეს ბათუმის "დინამოს" და აქედან ორჯერ - დიდი ანგარიშით (4:0). თანაც, ისე, როგორც ამ გუნდებს შორის ჩატარებულ I და II წრის მატჩებში, ამჯერადაც თავი გამოიჩინა თბილისელთა შემტევმა ბექა მიქელთაძემ.

ეგ კი არა, 19 წლის ფორვარდმა სულაც ჰეთ-თრიკი (კარიერაში - პირველად!) შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში, ისევე, როგორც მასპინძელთა მარჯვენაფლანგელებმა - 23 წლის მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, 21 წლის მარჯვენა გარემარბმა აკაკი შულაიამ კი - ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ მოგების შემდეგ თბილისის "დინამოს" დარჩენილ სამ მატჩში 2 მოგებაც ჰყოფნის ტიტულის დასაბრუნებლად, ბათუმელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ასლან ბალაძეს კი უმძიმესი ფინიში ელოდება...

მძლავრი ფინიში
2017 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში, იმ დროისათვის საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" სუპერთასზე მოუგო "ტორპედოს" და ეს ტიტულიც პირველად მოიპოვა. თუმცა, იმის შემდეგ ამ იმერული დერბის მონაწილენი მიმდინარე სეზონში კიდევ ხუთჯერ შეხვდნენ და ქუთაისელებმა ისეთი რევანში აიღეს, მეტი რომ არ შეიძლება: კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა და მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფმა "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში გამართული 4 მატჩიდან 3 მოუგო ამჯერად უკვე ექსჩემპიონ "სამტრედიას", ხოლო ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ამას გარდა, საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა "ტორპედომ" თასის მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალშიც მოუგო "სამტრედიას"...

XXXI ტური იყო, "სამტრედიამ" გასვლით მატჩში ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" რომ დაამარცხა და ბევრმა (მათ შორის - ჩვენც) ჩათვალა, რომ ახალი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედია" ამ სეზონშიც ჩაებმებოდა საჩემპიონო რბოლაში, თუმცა ამის შემდეგ "სამტრედიამ" ზედიზედ 2 მატჩი წააგო და შარშანდელი ტიტულის დათმობაც მოუწია.

აი, "ტორპედო" კი, როგორც აღვნიშნეთ, სეზონის ფინიშს მართლაც მშვენიერ ფორმაში ხვდება და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ოთხდღიან ინტერვალში ერთიმეორეზე ურთულესი მატჩები მოიგო ერთიმეორეზე ძლიერ გუნდებთან: ჯერ თასზე, თბილისის "დინამოსთან", შემდეგ კი - ჩემპიონატში "სამტრედიასთან".

ისიც სათქმელია, სეზონის ფინიშს ასევე შესაშურ ფორმაში რომ ხვდებიან "ტორპედოს" ლიდერებიც: როინ კვასხვაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე, ლევან კუტალია, გუგა ფალავანდიშვილი და სხვები; აღარაფერს ვამბობთ 25 წლის თორნიკე კაპანაძეზე: ამ ვერცხლისწყალივით მოძრავმა ცენტრფორვარდმა იმერულ დერბიში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა (სეზონში - მესამე "დუბლი") და თავის გუნდს საჩემპიონო შანსები შეუნარჩუნა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ როგორც ადგენთ სიმბოლურ ნაკრებს,მაგ კრიტერიუმებით ვეც ინიესტა,ბუსკეტცი,ხავი და ბევრი სხვა დიდი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა სიმბოლურ ნაკრებში და თუ მოხვდებოდა,სეზონში ალბად მხოლოდ ერთხელ.
fantom
14:28 07-11-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული