"გვსურს, შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ და კვლავ გავხდეთ ჩემპიონები" - ინტერვიუ გაგი მარგველაშვილთან

AutoSharing Option
წლეულს "საბურთალოს" ახალი კაპიტანი ჰყავს  - 22 წლის გაგი მარგველაშვილი. ამპლუით ცენტრალური მცველი, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გაგის "საბურთალოს" ვებგვერდი საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არ არის იდეალური ამინდები, შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერად მიმდინარეობს მზადება ახალი სეზონისთვის. ამხანაგური მატჩები დატვირთვების ფონზე გვაქვს. ამიტომაცაა, რომ თამაშის ხარისხი ამ ეტაპისთვის არაა სასურველი, თუმცა ეს ჩვეულებრივი პროცესია. ყველას გვჯერა, რომ ჩემპიონატის განახლებას კარგ სპორტულ ფორმაში შევხვდებით.
რამდენიმე დღეა, გუნდმა მეორე შეკრება დაიწყო. საუკეთესო პირობებში ვართ,
რისთვისაც დიდ მადლობას კლუბის ხელმძღვანელებს გადავუხდი. "საბურთალოს" ხელმძღვანელები ყველანაირ კომფორტს გვიქმნიან, რათა შედეგი გვქონდეს და კლუბმა პროგრესი განაგრძოს.

- თურქულ შეკრებაზე "საბურთალომ" უკვე 5 ამხანაგური შეხვედრა გამართა. რომელ მეტოქეს გამოარჩევდით?
- ხუთივე საკონტროლო შეხვედრას თავისებური დატვირთვა ჰქონდა. შვედეთის "ესკილსტუნა", რომელთანაც ბოლო მატჩი ვითამაშეთ, ჩანდა, რომ ევროპული სტილის კლუბი იყო. ყველა მეტოქის წინააღმდეგ ძალისმიერი თამაში მიდის, ხისტი ბრძოლაა მინდორზე. შეცდომები გვაქვს, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია.

- გასული სეზონის შემდეგ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, რომლებმაც კარიერის გაგრძელება ევროპაში გადაწყვიტეს. თუმცა, "საბურთალომ" შესაბამისი შევსებაც მიიღო. როგორ შეეწყვნენ კლუბს ახალწვეულები?
- იმ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ და კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტეს, ყველას წარმატებებს ვუსურვებ. მათი როლი ძალიან დიდია იმაში, რომ "საბურთალო" ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ნამატს - დავიმატეთ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოში წარმატებულები არიან. ლევან კაკუბავა, ომარ მიგინეიშვილი, ინტერს გი. ვფიქრობ, საგრძნობლად გაგვაძლიერებენ. ჩვენთან ერთადაა დენის შელიხოვიც, რომელიც ასევე გამოცდილი მეკარეა.

- სუპერთასის მატჩი ახლოვდება. რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრისადმი?
- "საბურთალოსთვის" პირველი სუპერთასი იქნება. აქედან გამომდინარე, გვინდა გამარჯვებით აღვნიშნოთ. ამავდროულად, ეს უფრო მეტ სტიმულს მოგვცემს.
ორივე გუნდი საინტერესო და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, "საბურთალოსა" და "ტორპედოს" მატჩი დაძაბული და სანახაობრივი იქნება.

- სუპერთასის შემდეგ მალევე სტარტს ეროვნული ლიგა აიღებს. რას იტყვით ჩვენს პირველობაზე?
- მგონია, რომ ეროვნული ლიგა ბევრად უკეთესი იქნება და უფრო მაღალი დონის, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. იხვეწება ჩვენი ჩემპიონატი, სისტემატურად გვაქვს სიახლეები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი ყველაფერს აკეთებს, რომ კარგი ჩემპიონატი გვქონდეს.

ჩვენი მხრივ, ვეცდებით, რომ ევროპაში, როდესაც "საბურთალოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში, თავი არ შევირცხვინოთ და ვასახელოთ ქვეყანა. გვსურს, საქართველოში შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ და კვლავ გავხდეთ ჩემპიონები, თუმცა ამისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- საუბრის ბოლოს, რას ეტყვით "საბურთალოს" მომავალ თაობას?
- ბევრი უნდა იშრომონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა წარმატებული ფეხბურთელები იყვნენ. "საბურთალო" ყოველთვის უხსნის გზას ევროპაში ნიჭიერ ფეხბურთელს. დღევანდელ მდგომარეობასაც რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ სისტემატურად ხდება ფეხბურთელების დაწინაურება მეორიდან პირველ გუნდში.
იმედია, ახალი სეზონიდან "საბურთალოს" უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება, ვიდრე ჰყავდა. ვფიქრობ, ჩემპიონობის შემდეგ უფრო მეტმა ქომაგმა გაგვიცნო. ჩვენც, ფეხბურთელებს ბევრად მეტი მოტივაცია გვექნება. გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

alt"საბურთალო" შვედეთის "ესკილუნტას" დაუზავდა


მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული