ფოტო: Fcsaburtalo.ge
"საბურთალოს" ახალწვეულმა ოგნიენ როლოვიჩმა ოთხ თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა. მონტენეგროელმა ფორვარდმა ოთხივე ბურთი ცვლილებაზე შესულმა შეაგდო. 25 წლის თავდამსხმელი სხვადასხვა საინტერესო საკითხზე "საბურთალოს" ვებგვერდს გაესაუბრა:
- თავდაპირველად გვითხარით, როგორ აღმოჩნდით "საბურთალოში"?
- ფიტნესდარბაზში ვვარჯიშობდი, რა დროსაც მენეჯერმა დამირეკა და საქართველოში, ჩემპიონ კლუბში თამაში შემომთავაზა. მითხრა, რომ კლუბს დიდი მიზნები და გეგმები აქვს, პროგრესირებს, ყოველწლიურად უმატებს თამაშს. მეც განვიხილე წინადადება და თბილისურ კლუბს თურქულ შეკრებაზე შევუერთდი.
- როგორ შეეწყვეთ "საბურთალოს", ახალ გარემოს?
- კარგია, რომ კლუბს შეკრებაზე შევუერთდი, რადგან
- "საბურთალოს" შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ. როგორ ფეხბურთს თამაშობენ საქართველოში?
- არა აქვს მნიშვნელობა, აუტსაიდერს ეთამაშები თუ მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს, ყველა ცდილობს, ფეხბურთი ითამაშოს და ქულები აიღოს. მცველებისგან ყურადღებას ვგრძნობ, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.
ბოლო შეხვედრაში, რომელიც "ტორპედოსთან" შედგა, ტაქტიკურად ბევრად გამართულად ვითამაშეთ. ამავდროულად, ძალიან ბევრი ვირბინეთ, რამაც შედეგი მოიტანა.
- უკვე ოთხი გოლის გატანა მოასწარით, ოთხივე ცვლილებაზე. როგორ გაიხსენებთ შედეგიან დარტყმებს?
- ის, რომ ოთხი გოლი გავიტანე, გუნდელების დამსახურებაა. ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, ჩემამდე ბურთი უნდა მოიტანონ, მე კი უნდა დავაბოლოო დარტყმა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიტანს. მთავარია, წინსვლა განვაგრძოთ და მოწინავე პოზიციაზე ვიყოთ.
- "ლოკომოტივთან" გატანილი ბურთი ორიგინალურად აღნიშნეთ. ვის მიუძღვენით?
- ერთ თვეში გოგო შემეძინება, გოლი კი სწორედ მას მივუძღვენი და განსხვავებულად აღვნიშნე.
- განვლილ შეხვედრებში მატჩებს თქვენი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ამ ფაქტორმაც, ალბათ, დიდი როლი ითამაშა…
- მშობლები და ოჯახის წევრები "რუსთავთან", "ლოკომოტივთან" და ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრებს დაესწრნენ. რა თქმა უნდა, გვერდში დგომას ვგრძობდი. მათ ჩემი სჯერათ და ამ იმედების გამართლებას ვეცდები.
- რას გეგმავთ წლეულს "საბურთალოსთან" ერთად?
- ძალიან მინდა წელს ჩემპიონები გავხდეთ. ამის შესაძლებლობა და პოტენციალი კლუბს გააჩნია. ამავდროულად, მსურს ევროტურნირებზე კარგად ვითამაშოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ. რაც დრო გავა, "საბურთალო" უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს და ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.
- დედაქალაქის დათვალიერება თუ მოასწარით?
- "რუსთავთან" მატჩის შემდეგ ერთი დღით დასვენება მქონდა და ძველ თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად გავისეირნე. მართალია, ამინდმა არ შეგვიწყო ხელი და არ იყო სასეირნო დღე, მაგრამ რაც ვნახე, ყველაფერი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი დავრჩი.