გიორგი ნემსაძე: "დილას" ევროტურნირებზე მონაწილეობა სურს და ეს იქნება პროგრამა-მინიმუმი

AutoSharing Option
გორის "დილამ" ეროვნული ლიგის გათამაშება 43 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა.

გორულმა კლუბმა 36 მატჩიდან 11-ში გამარჯვება მოიპოვა, 10 ფრედ ითამაშა და 15-ჯერ დამარცხდა. გუნდმა სეზონის მანძილზე 40 გოლი გაიტანა (აქედან 3 პენალტით), საკუთარ კარში კი 44 მიიღო.

"დილას" ფეხბურთელებმა სეზონში კარის მიმართულებით 298-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარის ჩარჩოში 85 დარტყმა წავიდა, რაც პროცენტულად 28,5% სიზუსტეს შეადგენს. გუნდმა სეზონში 12 მშრალი მატჩი ითამაშა, სეზონის განმავლობაში ფეხბურთელებმა 70 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალვინ ფორტესია, რომელმაც გუნდში ყველაზე
მეტი, 34 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია. ალვინ ფორტესი საუკეთესოა საგოლე გადაცემების კომპონენტშიც, მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.

2019 წლის სეზონში გუნდის კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩების 445-მატჩიანი ზღვარი გადალახა, რითაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.

კლუბის ასპარეზობის შეფასება მთავარ მწვრთნელ გიორგი ნემსაძეს ვთხოვეთ.

- იმ ოთხ თვეში, რაც გუნდი მქონდა ჩაბარებული, პროგრამა-მინიმუმი იყო, რომ არ გავვარდნილიყავით და პლეი-აუტში არ გვეთამაშა.

როცა ჩავიბარე გუნდი, სატრანსფერო პერიოდი დასრულებული იყო, ფეხბურთელების შეცვლა და დამატება არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვიყავი ვაკუუმში და იმ გუნდით, რაც დამხვდა, მომიწია მისი ტაქტიკური გადაკეთება.

- როგორია კლუბის სამომავლო გეგმები?
- კლუბში ევროტურნირებზე მონაწილეობა სურთ და ეს იქნება პროგრამა-მინიმუმი. ჯერ არ გვისაუბრია გეგმებზე, თუმცა ყურმოკვრით ვიცი, რომ მომავალ სეზონში მიზანი ევროტურნირები იქნება.

- აქვს ამ გუნდს პოტენციალი?
- ფეხბურთელების დამატება და რამდენიმე რგოლში გაძლიერებაა საჭირო. პოტენციალი აქვს, რადგან არიან ფეხბურთელები, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. აუცილებლად მინდა კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს. სასურველია, თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი მოდიოდეს.

- მომავალ სეზონშიც თქვენ გაუძღვებით გუნდს?
- თავიდან ასეთი მოლაპარაკება იყო, თუ გუნდი დარჩებოდა, მაშინ ამ საკითხზე დავილაპარაკებდით. ახლა ხელმძღვანელობა რაღაცას ელოდება და ბოლოს დავსხდებით სალაპარაკოდ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან არაოფიციალურად უკვე რაღაცებს ვგეგმავთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ევრო ტურნირი კიარა არგავარდეთ
ეგაა მთავარი საფიქრალი..
Sheva
17:39 10-01-2020
0
დინამოს კლავიატურასთან ყავს მარტო ფანები თამაშებზე არ დადიან, იმიტოა დინამო არენა თეატრს რო გავს ისეთი სიჩუმეა.d.d.
batumi
21:39 11-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული