ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/
დღეს, 8 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.
კლუბმა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე დანიშნა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მოგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელმაც კლუბში 6 წელი იმუშავა.
აქვე გეტყვით, რომ "საბურთალომ" მომავალი სეზონისთვის შეკრებები დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება.
პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ კლუბი სამშობლოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას
ადგილზე გააგრძელებს.
დასკვნით მოსამზადებელ ციკლს გუნდი, 1-14 თებერვლის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.