ყენია, კოხრეიძე-მალის ტრანსფერი, ახალი სპონსორი და ფეხბურთელი - "საბურთალომ" პრესკონფერენცია გამართა

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

როგორც საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ვებგვერდი იტყობინება, კლუბს ახალი სპონსორი - "ინო-ლაბი" ეყოლება და ამასთანავე, თბილისელთა რიგებში კარიერას საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი განაგრძობს.

კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და "ინო-ლაბის" დირექტორმა პაპუნა პაპიაშვილმა "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თანამშრომლობისა და მომავალი გეგმების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

"მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველად ვხვდებით ერთმანეთს. “კოვიდ-19”-მა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ზრუნვა ფეხბურთელებისა და კლუბში მომუშავე პერსონალისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

კომპანია "ინო-ლაბთან"
ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ისინი უზრუნველყოფენ ყველანაირი ჰიგიენური ნორმის დაცვას. ამ რთულ პერიოდში ახალი პარტნიორის შეძენა საკმაოდ რთულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. კომპანიის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის მინდა მადლობა ვუთხრა.

ეს პროექტი “ინო-ლაბის” გუნდმა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პანდემია მოხდებოდა. ადამიანთა ნაწილი ამ ყველაფერს პესიმისტურად უყურებდა, თუმცა გამოჩნდა, რომ გიორგი ზვიადაძემ და მისმა გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგეს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გარდა ამისა, კლუბის წარმომადგენლებმა (კახა კაშიამ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა) წმინდა სპორტული კუთხით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

- მალე ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. როგორ ხვდებით 25 ივნისს?
- ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი განახლდეს. მადლობა მათ ამისთვის. დიდი მოლოდინი გვაქვს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პირველივე შეხვედრა თბილისის “დინამოსთან” გვაქვს. ვეცდებით, ზოგადად ღირსეულად ვიასპარეზოთ, როგორც შინაურ პირველობაზე, ასევე ევროტურნირებზე. ჩვენი გეგმები არ იცვლება, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ.

- თუ იგეგმება რომელიმე ფეხბურთელის დამატება?
- ამ კუთხითაც გვაქვს სიახლე - უკვე ჩვენი კლუბის ფეხბურთელია ლევან ნონიკაშვილი, რომელიც ვფიქრობ, ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლევანმა უკვე ივარჯიშა “საბურთალოში” და გვჯერა, დაგვეხმარება წარმატებების მიღწევაში. რაც შეეხება წამსვლელებს - შეიძლება ერთმა უცხოელმა და ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს.

- ლევან ყენია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. რა ხდება მასთან დაკავშირებით?
- ლევანი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ამ პანდემიის დროს იგი ევროპაში გაემგზავრა და იქ იმყოფება. მწვრთნელებს აქვთ კონტაქტი. გვინდა, რომ ჩამოვიდეს, მას ჯერ კიდევ აკავშირებს კლუბთან ხელშეკრულება.

- იმ ლეგიონერებს, რომლებიც კლუბში ირიცხებიან, როდისთვის ელოდებით?
- ჟარდელი და ელვინ ტერა ამ პანდემიის დროს თბილისში იყვნენ. ვმუშაობთ ლუმუსა და ბელიაევის ჩამოყვანაზე. როგორც ვიცით, 1-ლი ივლისიდან ოფიციალურად იხსნება საჰაერო მიმოსვლა, თუმცა დახმარებისთვის წერილობით მივმართეთ შესაბამის უწყებებს. თუ მანამდე შემოგვიერთდებიან, ძალიან კარგი იქნება.

- ამ პირობებში რთულია, თუმცა ხომ არ მუშაობთ ახალი ლეგიონერების ჩამოყვანაზე?
- პანდემიამ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეცვალა. ამჟამად ახალი ლეგიონერის ჩამოყვანის საკითხი გართულებულია, ამავდროულად, თავისებურ რისკებსაც შეიცავს.

- ნიკოლოზ მალის, გიორგი კოხრეიძისა და ლუკა ლაკვეხელიანის მიმართ ხომ არა აქვთ უცხოურ კლუბებს ინტერესი?
- ამ ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ხშირად არის ხოლმე, თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. აქედან გამომდინარე, ცოტა დაცდა მოგვიწევს. თუმცა ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის ევროპაში გზა ყოველთვის გახსნილი იქნება.

ბევრ მენეჯერთან გვაქვს კონტაქტი. ისინი ამ ეტაპზე ტრანსფერებზე ვეღარ ფიქრობენ. ბევრ ევროპულ კლუბს გაუჭირდა - იცით, რომ ევროპაში გუნდების დიდ ნაწილს შემოსავალი ტრანსლაციებიდან, ბილეთების გაყიდვიდან და ტრანსფერებიდან აქვს. ეს ყველაფერი კი ამ დროისთვის გაჩერებულია.

- თუ არის ცნობილი, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებით როდის გაივლის გუნდი ტესტირებას?
- “საბურთალო” დღეს საღამოს გაივლის პირველ ტესტირებას, მეორედ კი - ორი კვირის შემდეგ. ვისარგებლებ შემთხვევით და ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის მადლობას გადავუხდი.

წყარო: fcsaburtalo.ge

alt"საბურთალოს" ექსმეკარე: საქართველოში რუსულად ყველა ვერ საუბრობს, ქართული კი...

altორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ "საბურთალომ" ვარჯიში განაახლა

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

მკითხველის კომენტარები / 1 /
კოხრეიძე მალი ლაკვეხელიანი ალთუნაშვილი ს გარდა ყველა გასაშვებია შენი საბურთალოდან... ფორვარდი არ გყავთ გაბედავას უბნის მოთამაშეს უფრო გავს გოლი ვერ გააქვს ტიპს ქართულ ჩემპიონატშიც კი მარგველაშვილი საერთოდ გასატანია მეკარე არ ვარგა დაცვა 0 თავდასხმა 0 ეს 4 ვერაფერს იზავს მარტო
Jeyjey
21:52 05-06-2020
4

სიახლეები პოპულარული