"Postv სპორტმა" "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ესპანელმა დამრიგებელმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"გასული წელი ძალიან რთული გამოდგა. გუნდში პანდემიის გამო ძალიან ბევრი ცვლილება ხდებოდა. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში 12 ინფიცირებული ფეხბურთელი გვყავდა.
უნდა აღვნიშნო ფედერაციის კარგი მუშაობა. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ეს სეზონი დასრულებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კლუბში ექიმებმაც შესანიშნავად იმუშავეს. საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა და ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.
ზედიზედ ორჯერ მოვახერხეთ ჩემპიონობის მოპოვება. შეცდომებიც ბევრი იყო, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
რაც შეეხება მომავალი
სეზონისთვის ცვლილებებსა და ტრანსფერებს... ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გუნდის გაძლიერებაზე. ქვეყანაში საუკეთესო გუნდი გვყავს და გვჭირდება საუკეთესო გეგმა განვითარებისთვის.
მთელი სტაფი ამ საქმეშია ჩართული. ახლა ძალიან რთული დროა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალი წლისთვის უფრო ძლიერი კლუბი გვყავდეს.
მესმის გულშემატკივრების გულისწყრომა, რომ ევროსარბიელზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს.
ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების მუშაობით. ისინი ბევრს მუშაობენ და თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ.
ხალხს ჰგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მარტივია, რაც ტყუილია. ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ "დინამომ" მატჩები ითამაშა გასვლაზე.
უელსში და ფარერებზე ძალიან რთული და კატასტროფული დღეები იყო და მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფანები გუნდს მოგებისა და წაგების დროსაც გვერდში ედგნენ.
საერთაშორისო თამაშები ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ოცნების მისაღწევად.
მომავალ წელს საქართველოს თასზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს ასპარეზობა და უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება შეეძლება.
ევროსარბიელზე შედეგები მინიმუმ 50%-ით უნდა გავაუმჯობესოთ და ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ", - თქვა ჩისკომ.