33 წლის ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძობს. ეს ინფორმაცია მან თავად ჩვენთან საუბარში დაადასტურა.
როგორც საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი კარის დარაჯი ამბობს, ის საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა და კონტრაქტსაც გააფორმებს.
"ტორპედოსთან" შეთანხმება უკვე მიღწეული მაქვს. იმედი მაქვს, საქართველოში შემდეგ კვირას ჩამოვალ, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და 1-წლიან კონტრაქტს გავაფორმებ.
ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისელებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. გუნდის წარმომადგენელს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ძლიერი კლუბის ჩამოყალიბება უნდათ, რამაც ძალიან მომხიბლა.
"ჩიხურადან" წასვლის შემდეგ სამშობლოში, "სარაევოში" ვთამაშობდი, მაგრამ "ტორპედოს" წინადადების
შემდეგ მათთან კონტრაქტი გავწყვიტე.
საქართველო ძალიან მომენატრა. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი. თქვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ბრწყინვალე ადამიანები ცხოვრობენ.
ძალიან დამწყდა გული, რომ ჩემი ყოფილი გუნდი "ჩიხურა" მეორე ლიგაში გავარდა. ამ ყველაფერმა გული ძალიან დამწყვიტა. იმედი მაქვს, ისინი უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნდებიან", - ამბობს ჰამზიჩი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედომ" 13 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა და ქუთაისელები ახალ გუნდს ქმნიან.