"ჩიხურას" ფორმა მეორედ მოირგო ბოსნიელმა მეკარემ, 28 წლის დინო ჰამზიჩმა, რომელიც ძალიან საიმედოდ და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მან გუნდი ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა. პირველად, მასპინძელთა მცველმა ბურთი უხერხულად მოიგერია და კარისკენ მიდიოდა, როცა ჰამზიჩმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა; მეორედ კი მატჩის მიწურულს ივარგა - ორიოდე მეტრიდან თემურ შონიას ისეთი თავური მოიგერია, "აუღებელს"
"მიმაჩნია, რომ ისეთი მეკარე ჩამოვიყვანეთ, რომლის დონისაც, შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონატში არავინ იყოს. სულ მცირე, ჰამზიჩი სხვებზე ნაკლები ნამდვილად არ არის.
მას კარგ დონეზეც უთამაშია და კლასიც ეტყობა. ფეხით კარგად შეჰყავს ბურთი თამაშში, გამოსვლაზეც კარგია და ხაზზეც - ეს ბევრს ნიშნავს. არანაკლებ მახარებს ისიც, რომ კარგი პიროვნებაა - მშრომელია და მეგობრული. სხვათა შორის, მას აქვს პრეტენზია, რომ ბოსნიის ნაკრებში მოხვდეს...
მეორე ლეგიონერი კი, სლოვენიელი ნახევარმცველი ანჯელ ლოვრეჩიჩი, ჯერ ფორმაშიც არ არის, რადგან მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, მაგრამ ვარჯიშებზე კლასი გამოავლინა და ბათუმელებთან ამიტომაც ვათამაშე.
გამოცდილი ფეხბურთელია, იტალიურ "ლეჩეში" უთამაშია, ბოლოს კვირპოსულ "აია ნაპაში" გამოდიოდა. ფორმას აღიდგენს და დარწმუნებული ვარ, დიდ სამსახურს გაგვიწევს", - ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.
კომენტარი ვთხოვეთ თავად ჰამზიჩსაც, რომელმაც ეს გვითხრა:
"ბოლოს სარაევოს "ოლიმპიკში" ვთამაშობდი. თასის ფინალი რომ მოვიგეთ, ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ენვერ ლუგუშიჩი დამიკავშირდა და მითხრა, რომ შესაძლოა, ბოსნიის ნაკრებში გამოვეძახებინე.
მისი გაზრდილი ვარ, მენდობა და დაინტერესებული იყო, რომ გუნდის შეკრებაზე ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ასმირ ბეგოვიჩი უკონკურენტოა, მაგრამ მეორე მეკარეებში რამდენიმე კანდიდატია. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ სათადარიგო მეკარედ ჩემს ვარიანტსაც განიხილავენ".
ჰამზიჩმა საქართველოში ჩამოსვლის მოტივი გაგვიმხილა:
"სარაევოს "ოლიმპიკში" მშვენიერი სეზონი მქონდა, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და კონტრაქტის გაწყვეტა მომიწია. ლუგუშიჩმა მირჩია, რომ ისეთ გუნდში წავსულიყავი, რომელიც ევროთასებზე ითამაშებდა.
სასურველი ვარიანტის ძიებაში უგუნდოდ დავრჩი და საქართველოში ამიტომაც ჩამოვედი. იმედია, სეზონს კარგად დავასრულებთ და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ. სტიმულიც სწორედ ესაა - ევროთასებზე შეგხედავენ, დაგაფასებენ და, შესაძლოა, კარგ გუნდში მიგიწვიონ.
თუ ასე არ მოხდება, წასვლა აჯობებს, რადგან სხვაგვარად ბოსნიის ნაკრებში არავინ გამოგიძახებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"