ომარ თეთრაძე: სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებთ

AutoSharing Option
2023 წლიდან დედაქალაქურ “საბურთალოს” ვეტერანი ფეხბურთელი ომარ თეთრაძე წვრთნის. თეთრაძეს ეროვნულ ლიგაში სამწვრთნელო დებიუტი რამდენიმე დღეში, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ ექნება.

გუნდი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა თურქული შეკრებიდან, სადაც სპარინგ-მატჩები გამართა. “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან კარსმომდგარ ჩემპიონატზე, თურქულ შეკრებაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობასა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

- ჯერ მცირე დროა გასული, რაც “საბურთალოში” ვმუშაობ. ჩემი ოფიციალური სამწვრთნელო დებიუტი რამდენიმე დღეში შედგება. მანამდე სამწვრთნელო შტაბში არავის ვიცნობდი. ანალოგიური მდგომარეობა იყო ფეხბურთელებთან მიმართებითაც.

როდესაც იანვარში ვარჯიში დავიწყეთ, მარტყოფში გავიარეთ პირველი შეკრება. ამინდებმა შეგვიშალა
ხელი და სრულფასოვანი მომზადება ვერ მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა ვთქვა ფეხბურთელების შემართება და მონდომება – პირველივე დღიდან გამოაჩინეს, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ გვერდში დგომისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ კარგ პირობებში ვიყოთ და სრულყოფილად მოვემზადოთ.

- როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ?
- თურქეთში მოსამზადებლად ბევრი ევროპული კლუბი ჩადის, იქ კარგი პირობებია. ვითამაშეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა, დავინახეთ, რა კუთხით გვმართებს მომატება, სად გვაქვს პრობლემები. იყო პოზიტიური ფაქტორებიც. საერთო ჯამში, კარგი სპარინგ-მატჩები გამოგვივიდა.

- დაასრულეთ დაკომპლექტება თუ კიდევ უნდა ველოდოთ სიახლეებს?
- ძირითადად, დაკომპლექტებული ვართ, მაგრამ თუ ვინმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება, უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ყველა მწვრთნელს უნდა, რომ ორი კარგი შემადგენლობა ჰყავდეს, რათა გუნდში ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ეს ფაქტორი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ახალგაზრდებით და აკადემიის ფეხბურთელებით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- “საბურთალოს” კარგი ახალგაზრდობა ეზრდება, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებით თამაში შეუძლიათ. ინდივიდუალურად ბევრი მუშაობაა საჭირო, ერთი ვარჯიში არაა საკმარისი, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიო.

- საქართველოში პირველად იმუშავებთ. რამდენად კარგად იცნობთ ქართულ ფეხბურთს?
- თავისუფალ დროს დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, თუმცა ეს არაა საკმარისი, რომ სრულად გავიგო მისი ძალა. ამავდროულად, უშუალოდ უნდა იყო ჩართული პროცესში, რომ მეტი შეფასება გააკეთო. რამდენიმე დღეში მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტი მექნება. იმედია, წარმატებული გამოვა. სამწვრთნელო შტაბი ძალიან მეხმარება, რომ უკეთ გავერკვე ქართულ ფეხბურთში, ისინი გვერდში მიდგანან, რისთვისაც მათ მადლობას გადავუხდი. იოლი არ არის სამი ქულის მოპოვება, ყველა თამაშში სრული კონცენტრაცია უნდა მოახდინო, რომ წარმატებას მიაღწიო. უფრო მეტის თქმა ქართულ ფეხბურთზე გარკვეული დროის შემდეგ შემეძლება.

- რამდენიმე მწვრთნელთან გიმუშავიათ. ყველაზე მეტად რომელმა დაგამახსოვრათ თავი?
- ყველა მწვრთნელს თავისი მიდგომები და ხედვები აქვს, ყველას თავისებურად ესმის ფეხბურთი. ვისთანაც მიმუშავია, ყველასგან დიდი გამოცდილება მივიღე.

- ახალ სეზონში, როგორ ფეხბურთს უნდა ველოდოთ “საბურთალოსგან”?
- სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებთ, მიყვარს ეს სტილი. ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს. წინ დიდი და რთული სეზონი გველის.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული