ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" სახლში "სამტრედიას" 4:1 სძლია. ნამატჩევს კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და დუბლის ავტორმა ბიორნ იონსენმა გააკეთეს:
სტივ კინი: "პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.
გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი.
"ტორპედოს" ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი".
ბიორნ იონსენი: "დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.
საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ".
მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მიხარია ტორპედოს წარმატებები. მჯერა წელს უეფას ტურნირზე ტორპედო კარგა შორს წავა.
წარმატებები საფეხბურთო კლუბ ტორპედოს!