წარმოშობით კონგოელი 26 წლის რუსეთის მოქალაქეობის მქონე მცველი ერვინგ ბოტაკა-იობომა 2018/19-წლების სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა. მან "ჩემპიონატის" კორესპონდენტ ვლადისლავ კრუგლოვთან საუბარში საქართველოში გატარებული პერიოდი საკმაოდ თბილად გაიხსენა.
ინფორმაციისთვის, ბოტაკა-იობომა ახლა ტულას "არსენალის" ღირსებას იცავს.
"საქართველოში უსიამოვნო მომენტები საერთოდ არ მქონია. ძალიან მომეწონა, რომ იქ ხალხი ძალიან რელიგიურია, ბავშვებისა და ოჯახის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.
ქართველები უბრალო ხალხი არიან, რომლებიც ცხოვრებით ტკბებიან. თბილისში ვცხოვრობდი, მერე ქუთაისში და ხალხი ყოველთვის მეხმარებოდა. გამუდმებით მეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარს ვამბობდი.
ვიცოდი, რომ ქართული ღვინით გამიმასპინძლდებოდნენ, მე კი საერთოდ არ ვსვამ (იცინის). ერთხელ საქართველოში ოჯახთან ერთად დამპატიჟეს. კარს ვაღებ და 10 ადამიანი მიყურებს გაკვირვებული თვალებით. უხერხული იყო", - იხსენებს ბოტაკა-იობომა.