- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]
დღევანდელ ჩვენს წერილში შევეცდებით, გავაანალიზოთ ორი ბოლო სანაკრებო მატჩის შთაბეჭდილებები. რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ფეხბურთი მიმზიდველი და მსოფლიოს ნომერ პირველი
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია...
ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩების წინ ძალიან ბევრს ვწერდით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრების არაერთ ფეხბურთელს აკლდა სათამაშო პრაქტიკა. თავისთავად, ვშიშობდით, რომ ეს მოთამაშეები ბოლომდე ვერ შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. თურმე, საქმეში ხარ? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩები სწორედ ამ ფეხბურთელებმა ჩაატარეს.ჩვენს მოსაზრებას ამყარებს ჯანო ანანიძის მაგალითი. მოსკოვის "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს თითქმის არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ამ ორ მატჩში ის ჩვენი გუნდის რიგებში აშკარად საუკეთესო იყო. ორი დიდებული საგოლე პასი და თანაბრად ჩატარებული მატჩები მის სასარგებლოდ მეტყველებს.
გიორგი მაკარიძე, მას შემდეგ, რაც კინაღამ დაშორდა "მორეირენშეს", სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული. არადა, მან ორივე შეხვედრა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა.
კამათი შეიძლება იმაზე, უნდა გამოსულიყო თუ არა კარიდან ირლანდიელთა ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოჰყვა, მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ: იმ ეპიზოდში არბიტრმა აშკარა ჯარიმა არ დაუსტვინა. შესაბამისად, მაკარიძე ეპიზოდის გამარჯვებული გამოდიოდა, რომ არა ირლანდიელის იდაყვი. დანარჩენ ეპიზოდებში კი მან არაერთხელ იხსნა საქართველოს ნაკრები. ავსტრიელთა გოლისას კი მას არ შეეძლო საქართველოს ნაკრების გადარჩენა - გოლამდე სასწაული ბურთი მოიგერია სახით.
ვაკო გვილიას თვალებში მუდამ ცეცხლი ანთია, როცა ის საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ასე იყო ამჯერადაც. ჩვენთვის ცოტა რთული გასაგებია, რატომ არ ენდობიან მას ბატე-ში. ფაქტია - უკეთესი იქნება, თუ ის კლუბს შეიცვლის. ჩვენი ინფორმაციით, მას ბატე-ში ისევ და ისევ ნაკრების გამო აერია საქმეები.
ძალიან ლამაზი და ეფექტური იყო გვილიას გოლი ავსტრიელთა კარში. ოდნავ დაიღალა მატჩის დასკვნით ნაწილში, მაგრამ რას ვიზამთ - ეს თითქმის გარდაუვალია, როცა 90 წუთი, კარგა ხანია, არ გითამაშია.
ჯაბა კანკავას ავსტრიასთან პირველი ტაიმი ჩაუვარდა, მეორე ნახევარში კი, პირადად მე, ქართველთა რიგებში საუკეთესოდ სწორედ მას დავასახელებდი. კაპიტანმა მართლაც რომ ლომივით იბრძოლა და ასე რომ არ ყოფილიყო, "გონივრული ეჭვი" მაქვს, ავსტრიელები აუცილებლად გაგვიტანდნენ მათთვის ასე საჭირო გოლს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი და ფაქტებით გამყარებული მოსაზრება არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ სჭირდება, უფრო პირიქით - საკვირველია, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ რეალობას ვერსად წაუვალთ.
ვაისი, რისკი და შამპანური
საქართველოს ნაკრებს ჯერაც არ აქვს გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ცხადია, ჩვენ ძალიან გვინდა პირველი სამი ქულის მოპოვება, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა ის ვლადიმირ ვაისს - ეს რომ მოხდეს, ბევრი რამ სლოვაკი სპეციალისტის სასარგებლოდ შეიცვლება.ასე მგონია: ვაისი იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ძალიან არ უყვართ რისკი. ძალიან ძველ ამბებს ნუღარ გადავწვდებით და ბოლო სამი მატჩის გახსენება ვიკმაროთ. თავად ვნახე ტრიბუნიდან კიშინიოვში გამართული შეხვედრა და მჯერა - სლოვაკ მწვრთნელს თავიდანვე სწორად რომ შეერჩია შემადგენლობა, იმ თამაშს უსათუოდ მოვიგებდით. ეს ნათლად გვიჩვენა მეორე ტაიმმა, როცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უფრო შემტევი გახდა.
ირლანდიასთან შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავრისკეთ და, თანაც, მკვლელის ინსტინქტი დაგვაკლდა. არადა, მოწინააღმდეგე ბოლოს ზედმეტად გაიხსნა და ცოტა მეტი სითამამე რომ გამოგვეჩინა შეტევაში, დიდი ალბათობით, გავიმარჯვებდით.
ცალკე თემაა ის, რომ თუნდაც ამ ორ შეხვედრაში ვაისის გუნდმა თანაბრად ვერ ჩაატარა ორი ტაიმი. ირლანდიასთანაც და ვენაშიც პირველი ნახევარი უკეთესი იყო, ვიდრე მეორე. ეს ის ზნეა, ვაისის ფორმაციის ნაკრებს მუდამ რომ მოსდგამს.
კიდევ ერთი მტკივნეული თემა - ვაისი და ცვლილებები. ჩემი აზრით, შესაძლებელია სათადარიგოთა სკამის უფრო მეტად გამოყენება და შეცვლები არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ფრე შეინარჩუნო და თამაში არ წააგო, ან დრო გაიყვანო.
ძველი, მაგრამ მრავალნაცადი გამოთქმაა: ვინც არ რისკავს, ვერც შამპანურს სვამს. ჩვენთვის, ასე თუ ისე, სასურველი შედეგი კი დავაფიქსირეთ ამ ორ მატჩში, მაგრამ ვერ შევძელით მთავარი - მოგება, და ვერც შამპანური დავაგემოვნეთ.
არაბიძის საკითხი
ორი სანაკრებო მატჩი ისე მიილია, გიორგი არაბიძეს საერთოდ არ მისცემია სათამაშო დრო. ამბობენ, გიორგის ძალიან თავისებური ხასიათი აქვსო. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაინტერესებს, რამდენად შეიძლება გაბრაზდეს ის ამ უთამაშებლობით. მინდა, უფრო მნიშვნელოვან თემაზე დავწერო.ავსტრიასთან და, განსაკუთრებით, ირლანდიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრებს ძალიან აკლდა "მკვლელის ინსტინქტით" დაჯილდოებული ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გარისკავდა და საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, ან ხეირიანად შეასრულებდა "სტანდარტულს".
ფაქტია, ალბათ მისი ხასიათიდან გამომდინარე, არაბიძე საუკეთესო თამაშს აჩვენებს არა ასაკობრივ, არამედ ეროვნულ ნაკრებში. დღეს საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არაბიძის ნიჭი არ გამოიყენოს. ასე ჩანს გარედან.
რა თქმა უნდა, შემადგენლობის შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელი არ დაიკარგოს საქართველოს ნაკრებისთვის.
მწვრთნელი და ყისმათი
სადაც სამართალია, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა სატურნირო თვალსაზრისით. გვაქვს ხუთი ქულა და თავისუფლად შეიძლებოდა, ორი ამდენი გვქონოდა. არიან მწვრთნელები, ძალიან რომ უმართლებთ მთელ რიგ შეხვედრებში. სამწუხაროდ, იმ პერიოდის მიხედვით, საქართველოს ნაკრებში რომ გაატარა, ვაისს მათ კატეგორიას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.თუნდაც, ირლანდიასთან მატჩი რომ ავიღოთ, ცოტა მეტი გამართლების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები აუცილებლად ჩაიწერდა აქტივში სამ ქულას და რადგან ყველა დროსა და ქვეყანაში მწვრთნელი შედეგით ფასდება, ჩვენც, ალბათ, ცოტა სხვანაირად დავწერდით ეროვნული გუნდის მესაჭეზე.
რას ვიზამთ, საქართველოს ნაკრები სპორტული იღბალით განებივრებული არც იმ წლებში ყოფილა, როცა მართლა შესანიშნავი გუნდი გვყავდა. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. რასაც იღბალი გაკლებს, მისი მოპოვება შენი შრომით უნდა სცადო - ეს ცხოვრებისეული აქსიომაა და, დარწმუნებული ვარ, ამ თეზისს გასავალი ფეხბურთშიც ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გვჭირდება...