საქართველო VS უელსი - ღირსების საქმე

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 სთ-ზე "დინამო არენაზე" გაიმართება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" გამართა.
იხილეთ ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ვაკო გვილიამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. მოგვიანებით "დინამო არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია უელსის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა.

- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით
-
ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

- კრის კოულმენი: საქართველოს ნაკრები მომავალში წარმატებას მიაღწევს

ჩვენი მიზანი ნათელია - მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ეს იქნება ჰაერივით საჭირო გამარჯვება, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს სატურნირო დატვირთვა და წნეხი. ეს იქნება გამარჯვება მომავლისთვის, საკუთარი ძალების რწმენისთვის...

ერთი სიტყვით, სასწორზეა პრესტიჟი და ღირსება. ოღონდ, ცხადია ისიც, რომ ამოცანა ძალიან რთულია, საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ბრიტანელებიც ლიდერის გარეშე არიან... თუმცა ეს ის მეტოქეა, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს.

- [ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]

რა არის საჩვენოდ?
საქართველოს ნაკრებისა და უელსელთა ადრეულ დაპირისპირებებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მივუბრუნდებით მხოლოდ მიმდინარე შესარჩევ ციკლში, კარდიფში გამართულ შეხვედრას. ის მატჩი, როგორც გახსოვთ, 1:1 მორჩა. ჩვენი გუნდი ამ მატჩის მონაკვეთებში გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე - მოწინააღმდეგე.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

რა თქმა უნდა, ამ თამაშის წინ მეტოქეს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვს, უელსელები ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან, მაგრამ მოტივაცია არც ჩვენ გვაკლია. ბოლოს და ბოლოს, პირველი გამარჯვებაა მოსაპოვებელი და როდის უნდა გააკეთო ეს, თუ არა შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა, საშინაო შეხვედრაში?

საქართველოს ნაკრებს, როგორც "წესად" დამკვიდრდა, აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი - ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი... სამაგიეროდ, დანაკლისი უელსელებსაც აქვთ და თანაც, როგორი - თბილისში მათი ლიდერი და კაპიტანი, გარეთ ბეილი ვერ ითამაშებს.

ბეილი რომ უდიდესი ძალაა ჩვენი დღევანდელი მეტოქისთვის, ამას მარტო ერთი სტატისტიკური მონაცემიც ნათლად ადასტურებს - ოთხი წელია, უელსელებს ბეილის გარეშე ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ მოუგიათ. მხოლოდ ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ იმედია, ეს ნავსი ბრიტანელებს არც თბილისში გაუტყდებათ...

პრაგმატიზმი თუ რომანტიზმი?
ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს შეიძლება სულაც არ აძლევდეს ხელს ამ შეხვედრაში გამარჯვება. ამ თემაზე უკვე საკმაოდ დავწერეთ და ახლა აღარ დავკონკრეტდებით. რა თქმა უნდა, როცა ჟურნალისტი ხარ და ფეხბურთზე წერ, სხვანაირად ვერ მოიქცევი: შენი ქვეყნის ნაკრებს ბოლომდე ბრძოლისკენ უნდა მოუწოდო!

ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს საფეხბურთო სტრატეგია, რომელზეც პასუხისმგებელია მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ ამ არჩევანში უშუალოდ ვერ ჩავერევით. ეს უნდა იყოს არჩევანი, რომელსაც დრო ან გაამართლებს, ან ვერა.

მეტოქე კედელთან
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უელსის ნაკრები კედელთანაა მიყენებული და თბილისში გასამართავ შეხვედრაში, 3 ქულის გარდა, მისთვის ყველანაირი სხვა შედეგი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა კი ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს. ვლადიმირ ვაისის გუნდის ამოცანა ხომ ცხადია: როგორმე, შესარჩევი ციკლი გამარჯვების გარეშე არ უნდა დავასრულოთ. ჩვენთვის სასწორის პინაზე გაცილებით ნაკლები საპირწონე დევს, ვიდრე უელსისთვის და ეს ფაქტორი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

გამოკვეთილი ლიდერის გარეშე უელსს თბილისში, წესით, უნდა გაუჭირდეს დომინანტური ფეხბურთის თამაში. მით უმეტეს, უელსს არ უყვარს ისეთ მოწინააღმდეგესთან პაექრობა, რომელიც ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

მთავარი საფრთხე
ყველა გუნდს ყველა მატჩში სჭირდება ლიდერი და გამონაკლისი არც უელსის ნაკრები იქნება. ბეილზე ყველაფერი ვიცით და გასაგებია მისი როლი, მაგრამ კრის კოულმენის სამწყსოში არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ჭაპანი გასწიოს. ვგულისხმობთ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ აარონ რემზის. უნდა ვიფიქროთ, რომ ის თბილისში შედარებით თავისუფალი იქნება დაცვითი ფუნქციებისგან.

უელსის დღევანდელ ნაკრებში, ბეილის გარდა, ბევრი არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც კრეატიული ნიჭითაა დაჯილდოებული, რემზი კი სწორედ ამ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

ისე, საქართველოს ნაკრებსაც საძებარი ჰყავს ლიდერი ანანიძისა და ოქრიაშვილის არყოფნის პირობებში. იმედია, ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ და გარკვეულწილად შეავსებენ იმ დანაკლისს, რომელიც ორი წამყვანი ნახევარმცველის დანაკლისითაა გამოწვეული.

მაშ, ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ბრძოლა გამარჯვებისთვის!

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი
6 ოქტომბერი
თბილისი. "დინამო არენა". 20:00
საქართველო-უელსი

საქართველო

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

უელსი
მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი, ინგლისი), დენი უარდი (ლივერპული, ინგლისი), კრის მაქსველი (პრესტონი, ინგლისი);
მცველები: კრის განტერი (რედინგი, ინგლისი), ეშლი უილიამსი (ევერტონი, ინგლისი), ნილ ტეილორი (ასტონ ვილა, ინგლისი), ბენ დევისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (ასტონ ვილა, ინგლისი), ტომ ლოკიერი (ბრისტოლი, ინგლისი), ეთან ამპადუ (ჩელსი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ჯო ლედლი (დერბი, ინგლისი), აარონ რემზი (არსენალი, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (რედინგი, ინგლისი), ენდი კინგი (ლესტერი, ინგლისი), ჯო ალენი (სტოკი, ინგლისი), ჯონათან უილიამსი (სანდერლენდი, ინგლისი);
თავდამსხმელები: სემ ვოუკსი (ბარნლი, ინგლისი), ჰალ რობსონ-კანუ (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ტომ ლოურენსი (დერბი, ინგლისი), ბენ ვუდბერნი (ლივერპული, ინგლისი), მარლი უოტკინსი (ნორვიჩი, ინგლისი), დევიდ ბრუკსი (შეფილდ იუნაიტედი, ინგლისი).
მწვრთნელი: კრის კოულმენი

არბიტრი:
ხესუს ხილი (ესპანეთი)

D ჯგუფის სხვა მატჩები
ირლანდია-მოლდოვა 22:45
ავსტრია-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი
სერბეთი-საქართველო 22:45
უელსი-ირლანდია 22:45
მოლდოვა-ავსტრია 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
უელსის ვერმოგება მათთვის ნამდვილად არ იქნება კატასტროფა, როგორც ჟურნალისტი წერს. მათ უნდა მოიგონ 9-ში ირლანდიასთან და მეორეზე გადიან. გამაღიზიანებელია ამდენი საუბარი ერთა ლიგაზე და აქედან გამომდინარე რაღაც ანგარიშიანობაზე. მაქსიმალური უნდა ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, ჩვენ ის გუნდი უკვე არ ვართ, ყველა 3 ქულას რომ გეგმავდა, ჩვენც შეგვიძლია თამაში
მერაბი-1960
11:10 06-10-2017
0
რატომ გვაწყობს ევროპის მაჩანჩალებში ყოფნა, ვერ გამიგია. ასე როგორ განვვითარდებით? მაჩანჩალა საკუთარი ჩემპიონატი რომ გვაქვს, სწორედ იმიტომ ჩავფლავდით!
zurab
11:33 06-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული