საინტერესოა, რა რესურსით ხვდება საქართველოს ნაკრები ამ დაპირისპირებებს და საერთოდ, რა რესურსი გვექნება ერთა ლიგისთვის, რომელიც 6 სექტემბერს აიღებს სტარტს.
დავიწყოთ მეკარის პოზიციით. უპირველეს ყოვლისა, ვახსენოთ გიორგი მაკარიძე, რომელიც პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსან კლუბში ასპარეზობს (თუმცა ამას ასპარეზობას ნაკლებად დავარქმევთ).
27 წლის კარის დარაჯი "რიო ავეში" გადასვლის
აღნიშნული კლუბის ძირითადი მეკარე ბრაზილიელი კასიოა. მაკარიძე ასევე უთამაშებელი იყო "მორეირენსეშიც", სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.
ასე რომ, გიორგი დიდი ხნის უთამაშებელია და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთა ლიგის სეზონისთვის იგი "რიო ავეში" ძირითადი შემადგენლობის მეკარის წოდებას მოიპოვებს.
სამაგიეროდ, "ანჟის" შემადგენლობაში სისტემატურად და თანაც, ძალიან კარგად ასპარეზობს გიორგი ლორია. ქართველმა მეკარემ მოსამზადებელ ეტაპზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
რუსეთის ჩემპიონატი ახლახან განახლდა და სანაკრებო ბატალიებს იგი აშკარად კარგ ფორმაში შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ იგი უნდა იყოს მომავალში საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე.
აქვე კიდევ ერთ კარის დარაჯზეც ვთქვათ, რომელიც "ჯვაროსნებს" შეგვიძლია დავუკავშიროთ და ეს როინ კვასხვაძეა, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ნამდვილი გმირია.
ალბათ, ამხანაგური მატჩებისთვის მას ვლადიმირ ვაისი გამოიძახებს და შანსს მისცემს, რომელსაც როინი ნამდვილად იმსახურებს. გასულ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში თავი კარგად წარმოაჩინა და შანსიც ნამდვილად დაიმსახურა.
გადავიდეთ დაცვაზე. აქ ფლანგზე უკონკურენტოა ოთარ კაკაბაძე, რომელსაც ესპანეთში შესანიშნავი პრესა აქვს და ბოლო პერიოდში აშკარად მოუმატა. ოთარმა ბოლო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
მას უფრო კარგ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ და "ხიმნასტიკის" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 22 წლის კაკაბაძე ჩვენი ნაკრების დაცვის ერთ-ერთი საიმედო წევრი უნდა იყოს.
ბრწყინვალე პრესა აქვს და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერია ასევე სოლომონ კვირკველია. ჯერ მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ მის სახელს პრემიერლიგის გუნდებს უკავშირებდნენ.
საბას რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად მოიხსენიებენ და ყველა შეხვედრაში საუკეთესოთა შორის ხვდება. მას რუსეთის ჩემპიონობის ჩინებული შანსი აქვს. ამას გარდა, "ლოკომოტივი" ევროპის ლიგის 1/8-ფინალშიცაა გასული, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
ალბათ, საუბარი ზედმეტი იქნება გურამ კაშიაზე, რომელიც არა მარტო "ჯვაროსანთა" ლიდერი, არამედ არნემის "ვიტესის" სული და გულია. კაშია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველია და ლიდერობის აღებაც თავის თავზე ნამდვილად არ ესწავლება.
დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში სისტემატურად არ ასპარეზობს, მაგრამ პაულო ფონსეკა ხშირად ენდობა დავით ხოჭოლავას. ქართველმა ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და მის "შახტარს" სულაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.
ხოჭოლავა შესანიშნავ გუნდში ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად ასპარეზობს და დაცვის რგოლში მისი დიდი იმედი გვექნება.
ძნელია არ ახსენო ლაშა დვალის სახელი. 22 წლის ქართველი მცველი "პოგონში" ძალიან კარგად ასპარეზობს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრიცაა.
მას პოლონეთის ჩემპიონატში თამაშის ძალიან კარგი პრაქტიკა დაუგროვდა და ვლადიმირ ვაისს მისი სახით ძალიან კარგი მცველის მიღება შეუძლია.
აქვე ვახსენოთ ნაკრების ორი ვეტერანი - უჩა ლობჟანიძე და გიორგი ნავალოვსკი, რომლებიც დიდი ხანია "ჯვაროსანთა" ფორმას ირგებენ. ასე რომ, დაცვით რგოლში შესანიშნავი პერსპექტივა და ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს.
გადავიდეთ ნახევარდაცვაზე. დავიწყოთ ვაკო ყაზაიშვილით, რომელიც ამერიკული "სან ხოსეს" მაისურს ირგებს. ამერიკის ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ვაკომაც პირველი გოლი უკვე გაიტანა.
დიდი ხანია მას, "სან ხოსეს" ამხანაგური მატჩების გარდა, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია და ამხანაგურ მატჩებში შესაძლოა ცოტა გაუჭირდეს. თუმცა, მან ნაკრებში თავისი სიტყვა ბევრჯერ თქვა და ერთა ლიგაზეც მისი დიდად გვეიმედება.
"პლოცკის" რიგებში ძალიან კარგი სეზონი აქვს გიორგი მერებაშვილს. მას 4 გატანილი გოლი დაუგროვდა და პოლონეთში ძალიან კარგი პრესაც აქვს.
სატრანსფერო ფანჯარაზე მას ეგზოტიკურ ქვეყნებში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გიორგი "პლოცკში" დარჩა. იგი ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრია და მისი სახელი არ უნდა დავივიწყოთ.
"ტობოლში" ასპარეზობს ნიკა კვეკვესკირი, რომელიც უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით კარგად არ განვითარდა გიორგი აბურჯანიას კარიერა "სევილიაში" გადასვლის შემდეგ. 23 წლის ფეხბურთელი ანდალუსიელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა, თუმცა ბოლო პერიოდში აღარც იქ ჩანს.
აბურჯანია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და თამაშის გამწვავება მას, როგორც ინდივიადუალური ოსტატობით, ასევე გუნდური ორგანიზებითაც შეუძლია.
ნელ-ნელა ეჩვევა "სარაგოგას" შემადგენლობას გიორგი პაპუნაშვილი. ქართველ ლეგიონერს მწვრთნელი ესპანური ენის შესწავლას სთხოვდა ადაპტაციისთვის და გიორგიმაც მისი შესწავლა დაიწყო.
იგი ესპანურ ფეხბურთს ეჩვევა და იქაურ პრესაშიც მის შესახებ ხშირად წერენ. პაპუნაშვილი-აბურჯანიას სახით, შეგვიძლია, ძალიან კარგი ნახევარდაცვის ხაზი მივიღოთ.
ახლახან გადავიდა ყაზახურ "აქტობეში" ჯაბა ჯიღაური, რომელიც ბოლოს მაკედონიურ "ვარდარში" ირიცხებოდა. ყაზახეთის ჩემპიონატი ჯერჯერობით არ განახლებულა, თუმცა ჯიღაური ნაკრებისთვის უცხო სახე ნამდვილად არაა.
"დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი კარგი მოთამაშეა და იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთში მისი კარიერა კარგად განვითარდება.
ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჯანო ანანიძე, რომელიც უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. ჯანო დიდი ხანი უქმობდა და ფორმის აღდგენა ძალიან რთული იქნება.
თანაც, თავის პოზიციაზე მას "სპარტაკში" კონკურენტები მრავლად ჰყავს. უდავოდ ნიჭიერ ანანიძეს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალის მოტანა შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი კარიერა რუსეთში.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარიგება ვაკო გვილიას ტრანსფერია, რომელიც "ბატედან" "ლუცერნში" გადაბარგდა.
23 წლის ნახევარმცველი შვეიცარიულ კლუბში ნელ-ნელა ძირითადი შემადგენლობის წევრი ხდება. ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებში იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა და მისი კარგი ასპარეზობა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა იქნება.
საუბარი ზედმეტია ჯაბა კანკავაზე. ჩვენი ნაკრების კაპიტანი სულაც უგუნდოდ იყო და "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში თავის სიტყვას ამბობდა, ახლა კი "ტობოლის" შენადგენლობაში ჩაირიცხა.
ჯაბას სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი ჩვენი ნაკრების დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს. კანკავა ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და იგი ბევრი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.
უდიდესი იმედი აქვს ქართველ გულშემატკივარს ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის. ბელგიური პრესა მის შესახებ ყველა შეხვედრის შემდეგ წერს და იგი ერთ-ერთ დიდ ტალანტად ითვლება.
მისით ისეთი გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, როგორებიც "ტოტენჰემი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან.
ჩაკვეტაძე არ ჩქარობს, ნელ-ნელა ვითარდება და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ჩვენი აზრით, იგი ერთა ლიგის პერიოდში ნაკრების ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა უნდა გახდეს.
ალბათ, ძალიან რთულია, როდესაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ამ როლს დაგაკისრებენ, მაგრამ ასეთი ნიჭიერი მოთამაშისთვის შეუძლებელი ნადვილად არაფერია.
ძალიან დიდი ხანი იყო ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც "კრასნოდარს" მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდა და განახლებულ რუსეთის ჩემპიონატშიც ალბათ, თავის სახელს კვლავაც შეგვახსენებს.
ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა. იმედი გვაქვს, მას ტრავმები აღარ შეაწუხებს და ერთა ლიგას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ასევე შეგვიძლია ვახსენოთ გიორგი არაბიძის სახელიც. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარის" ძირითად გუნდში ვერ ხვდება, თუმცა მისი ტექნიკური და ძალიან კარგი მონაცემები, წესით, ჩვენს ნაკრებს უნდა გამოადგეს.
აქვე ვთქვათ ორ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა ნახევარმცველზე - ოთარ კიტეიშვილსა და ლუკა ჰუფნაგელზე. პირველი მათგანი თბილისის "დინამოს" ლიდერი და კაპიტანია, ხოლო მეორე "ნიურნბერგის" წევრია.
გადავიდეთ ფორვარდებზე. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელიც მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.
მისი მწვრთნელის განცხადებით, გიორგიმ ეს ყველაფერი დაიმსახურა. როგორც ჩანს, ქვილითაია ავსტრიულ სწრაფ ფეხბურთს შეეგუა და ადაპტაციაც გაიარა. მას ნაკრებში თავის გამოჩენა უჭირდა, თუმცა დროა, მან თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.
კვალავ სარეაბილიტაციო კურსს გადის ლევან მჭედლიძე. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი ტრავმებმა გატანჯა და რომ არა ტრავმები, ალბათ უფრო მეტსაც მიაღწევდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს, ჩვენ კი მას წარმატებებს ვუსურვებთ.
"სილკებორგის" რიგებში საკმაო სათამაშო დრო ეძლევა დავით სხირტლაძეს. 24 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 7 გატანილი გოლიც მოუგროვდა. დათო ნელ-ნელა ვითარდება და ვნახოთ, როგორ წავა მისი კარიერა.
ნაკრებში თავისი ადგილის დამკვიდრება ალბათ, ძალიან გაუჭირდება ვეტერან ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც ისრაელის კლუბ "აშქელონში" ირიცხება. ლადო უკვე 31 წლისაა და თავისი საუკეთესო წლებიც ალბათ, უკან მოიტოვა.
თავისი ფინტებით და ძალიან კარგი ტექნიკით შეუძლია მეტოქეს თავგზა აუბნიოს "ურალის" ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ. ასევე ბოლო დროს ტრავმირებული ჭანტურია მოედანს ეკატერინბურგული გუნდის მოსამზადებელ შეკრებაზე დაუბრუნდა.
ზოგადად, საინტერესოა, როგორ ფორმაში შევლენ რუსეთში მოთამაშე ქართველები - ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია, ფეხბურთელები, რომლებსაც ხშირად ტრავმები აწუხებთ.
ჯერჯერობით "სლოვაცკოს" რიგებში ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს ირაკლი სიხარულიძე, ვინც ჩეხეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. ალბათ ყველას კარგად ახსოვს მისი სადებიუტო გოლი "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში.
საინტერესოა ტანმაღალი ფორვარდის, ნიკა კაჭარავას ფაქტორიც, რომელსაც მეორე სართულზე კარგად თამაში შეუძლია.
შესაძლოა, გამოგვრჩა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრების ძირითად ბირთვს ნამდვილად ეს ფეხბურთელები შეადგენენ.
ფაქტი ერთია, ნაკრებში საკმაოდ კარგი კონტინგენტია თავმოყრილი და ამ ჯგუფთან კარგი მუშაობით, სწორი ტაქტიკითა და ალბათ, მცირედი გამართლებითაც, შედეგის დადება შეიძლება.
კარგი იქნება, თუ არ გვეყოლება ტრავმირებული ფეხბურთელები და ერთა ლიგას სრული შემადგენლობით შევხვდებით. ჩვენი მხრივ კი, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებთ.
კარგით რა!!!2 გოლს გაიტანს ვინმე 30 თამაშში და ეგრევე მაგარია