ყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ასტანაში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოგიდგენთ.

ჩემდა საბედნიეროდ, მომეცა საშუალება, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი ყაზახეთში და გადმომეცა ყველა ის მომენტი, რაც ასტანაში ხდება. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და "მედიაჰოლდინგ პალიტრას".

საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგზაურობამ გარკვეული შთაბეჭდილება ჩამომიყალიბა ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე. საქართველოს ნაკრები შეკრული გუნდია, რომელშიც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ფეხბურთელებს ერთმანეთთან სასიამოვნო და მეგობრული
ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთი ოჯახის წევრებად გრძნობენ თავს.

Sportall.Ge

შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა კაჭარავა და სხვები. ყველა მზად არის, საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს და ბოლომდე დაიხარჯოს ერთი საერთო ოცნებისთვის, რაც გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს აერთიანებთ.

ვაისის როლი
ვლადიმირ ვაისი აეროპორტიდანვე საკმაოდ ჩაფიქრებული იყო. რაღაც ფურცლები ეჭირა ხელში და რაღაცებს ინიშნავდა, თითქოს ცდილობდა, გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონოდა. ეს მისთვისაც კარიერის მატჩია, რადგან ამ შეხვედრაზე გარკვეულწილად მისი მომავალიცაა დამოკიდებული, დარჩება წარმატებულ მწვრთნელად, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს თუ მისი "მზე ჩაესვენება".

ყაზახებს ვაისი მარტო კარგ მწვრთნელად როდი მიაჩნიათ, ეს უფრო დაფასება და დიდი პატივისცემაა. ვისაც ვესაუბრე ამ ერთი დღის განმავლობაში, ყველამ სლოვაკი სპეციალისტი და მისი როლი ახსენა. ყაზახებს ის ახსოვთ და ამავდროულად, ის ძალიან უყვართ.

ჩვენი ნაკრების თავკაცი პრესკონფერენციაზე პოზიტიურ ხასიათზე იყო, რადიკალურად სხვა ტიპაჟი იყო, რასაც დღის განმავლობაში ვხედავდი. შეიძლება კიდეც დღის ბოლოს იპოვა ის გასაღები, რაც წარმატებას მოგვიტანს დღევანდელ შეხვედრაში.

Sportall.Ge

ბევრი კითხვა იყო მისი მიმართულებით. ყაზახებმა გაუხსენეს, მაგალითად, ის, რომ "ქაირათიც" ზუსტად იმ სასტუმროში ბინავდებოდა, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრებია. მას ჰკითხეს, ეს ნოსტალგიის გამოვლინება ხომ არ იყო? ვაისიც გამხიარულდა და პასუხი იყო, რომ იქ კარგი მზარეულები არიან და ის ატმოსფერო მოსწონს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "კომფორტ ჰოტელ ასტანაში" დაბინავდა.

კითხვის ნიშნის ქვეშაა, რა შემადგენლობას აირჩევს ვაისი. ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ ერთ-ორ ფეხბურთელზე შეგიძლია თქვა, რომ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მაგალითად, გარკვეულია გიორგი ლორიას ამბავი, ვისზეც ვაისმა თქვა, რომ ამ ორ მატჩში მას დაეყრდნობა.

სტოილოვი თითქოს დამაჯერებელი იყო პრესკონფერენციაზე და გარკეულწილად, იცოდა, ვაისი რას დაუპირისპირებს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ისეთი ვითარებაა, ალბათ, ძალიან ძლიერი პროგნოზისტი უნდა იყო, რომ ვაისის 11 რჩეული გამოიცნო.

მთელი ყაზახეთი დღევანდელი მატჩის იმედად
ჯერ კიდევ გუშინ 27 000 ბილეთი იყო გაყიდული. მოლოდინი დღევანდელი თამაშის მიმართ საკმაოდ დიდია. ყაზახეთისთვის ეს მატჩი ევროპული ფეხბურთისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯის ტოლფასია და შანსი იმისა, აზიური იარლიყი ჩამოიშორონ.

მატჩის შესახებ თითოეულ მოქალაქესთან შეგეძლო გესაუბრა, ყველამ იცოდა დღევანდელი დღის არსი. სასტუმროს მენეჯერს, სადაც მე ვიმყოფები, ოჯახთან ერთად ჰქონდა დაბევებული ადგილები. ის ამაყობდა იმით, რომ მისი პატარა ბიჭები ამ შეხვედრას დაესწრებოდნენ და ყაზახეთის დროშით ხელში შეიძლება პირველი წარმატებაც ეხილათ.

Sportall.Ge

ქალაქში მრავლად შეხვდებოდით ბანერებს, რომლებიც თითქმის ყველგან იყო. ეგ კი არა, ასტანის ერთ-ერთ კოშკზე, რომელიც თითქმის მთელი ქალაქიდან ჩანდა, მთელ შენობაზე რეკლამები გადიოდა და დღევანდელი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში ერთხელ მიეწოდებოდა.

დღის განმავლობაში აუცილებლად შემოგთავაზებთ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვასა და მათ მოსაზრებებს დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით.

ისტორია
საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 4-ჯერ შეხვდა. ერთხელ მოვიგეთ, ორჯერ ფრე ვითამაშეთ და ერთხელაც წავაგეთ. ბოლოს ჩვენი დაპირისპირება 2016 წელს შედგა, ვლადიმირ ვაისის სადებიუტო შეხვედრაში, სადაც თბილისში 1:1 ვითამაშეთ. იმ შეხვედრაში თავი გოლით თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა.

2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ყაზახეთში მეტოქე გიორგი დემეტრაძის დუბლით დავამარცხეთ. თუმცა თბილისურ მატჩში უგოლო ფრე ვითამაშეთ.

რაც შეეხება ერთადერთ მარცხს, ეს ამხანაგურ შეხვედრაში განვიცადეთ. 2013 წელს "ასტანა არენაზე" სერგეი ხიჟნინჩენკოლის გოლით დავმარცხდით.

მსაჯები
ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამბავი არავის უხარია და არსებობს გარკვეული შიშები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეზობლები ობიექტურად იმსაჯებენ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ჰალილ მელერი იქნება, მას ასისტენტობას კი მუსტაფა ეისოი და ჯევდეტ კემურჯიოგლუ გაუწევენ.

დამატებითი ასისტენტები ბარიშ შიმშეკი და უმიტ ოზტიურკები იქნებიან. მეოთხე მსაჯი - ჯეუჰუნ სესიგიუზელი.

მოლოდინი
ყაზახებს დღევანდელ შეხვედრაში გარკვეული უპირატესობა აქვთ: საკუთარი მოედნის ფაქტორი და სავსე სტადიონი, ხელოვნური ბალახი, ფეხბურთელები, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, კარგი მწვრთნელი და მომზადების ხანგრძლივი პერიოდი. თუმცა ყაზახებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ რეალურად უკეთესი შემადგენლობა გვყავს, თუნდაც იმ კლუბებიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ.

ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მატჩია, დღევანდელი შეხვედრა გარკვეულ გარდატეხას შეიტანს ორივე ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. თუმცა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში უფრო ძლიერი მეტოქეები შეგვხვდება და თუ რამის დამტკიცება გვსურს, ეს ასტანაშივე, ყაზახეთის ნაკრების ძლევით უნდა გავაკეთოთ.

altყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება

altნიკა კვეკვესკირი: ეს საქართველოს ნაკრებისთვის ევროპირველობაზე გასვლის რეალური შანსია

altვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

alt"ყაზახმა რონალდომ" საქართველოსთან მატჩამდე სათამაშო პრაქტიკის უქონლობაზე ისაუბრა

altსტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

მკითხველის კომენტარები / 15 /
წინ საქართველო!! წინ ბიჭებო!! წინ გულშემატკივრებო!! იმედია ანთებული, ყველანი ჯანმრთელად ხართ, არ გყავთ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ყაზახეთია მთავარი ხოდა დავძლიოთ ეს წინაღობა, თქვენ თქვენი მაქსიმუმი აჩვენეტ მინდორზე და კარგის გარდა ვერაფერს გაიგებთ გულშემატკივრებისგან...))
asaqsdasa
14:21 06-09-2018
1
წარმატებები ჩვენს ბიჭებს..
Ultras-Drughi
11:24 06-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული