საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორა 3:0 დაამარცხა.

ამ მატჩის მოლოდინი დიდი იყო. ჯერ ერთი, ერთა ლიგამ ქართველ გულშემატკივრებში იმედი გააღვივა, თანაც სტარტზე მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ და მითუმეტეს იმან, რომ ანდორელთა დამარცხების შემთხვევაში ჯვაროსნები სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო განიმტკიცებდნენ.

მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ყაზახეთთან მიღწეული ფრის შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახთა გუნდი საქართველოზე ძლიერია, რაც უფრო ალბათ, წარმატებით გამოწვეული ეიფორიაში მყოფი კაცის ნათქვამი გახლდათ და ის რომ მართალი არ იყო, ჩვესა ნაკრებს უნდა დაემტკიცებინა. დაამტკიცა კიდეც.

ნახევრადსამოყვარულო
გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ანდორელებს პირველ ნომრად თამაში უბრალოდ არ შეუძლიათ, დაცვაში ჩადგომით და იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და უნდა ითქვას, ეს უკანასკნელ ხანს გამოსდით კიდეც. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა, რაც თამაშს გახსნიდა და შეხვედრა ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართებოდა.

იმის გამო, რომ ზედ მატჩის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მის ნაცვლად ნიკა კაჭარავა დააყენა სასტარტოში. მოკლედ, ვერა დ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. შეგახსენებთ, ოქრიაშვილის გარდა ტრავმირებულნი არიან თავდამსხმელები ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოწინააღმდეგე თავიდანვე მთელი გუნდით შეტევაში ჩადგა და ჩვენმა გუნდმა შეუტია. შეუტია ორივე ფლანგიდან, აქტიურად. ორი გაცუდებული მომენტის შემდეგ სტუმრებმაც მიიტანეს ჩვენს კარზე იერიში და მეკარე გიორგი ლორიას მოუწია საქმეში ჩართვა. ერთი სიტყვით, ანდორა თავს უნარიანად იცავდა და სწრაფი გოლის გატანა ვერ მოხეხრდა.

26-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ასცდა. 30-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი კარში საბა კვირკველიამ თავით დაარტყა და გოლკიპერმა გადარჩინა თავისი გუნდი და 31-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გავიდა - ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ჯვაროსნებმა შეტევები გააგრძელეს, ნავალოვსკის თავური ოდნავ ასცდა კარს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები აგებდნენ, მეორე ტაიმშიც დაცვაში ჩადგნენ, ვინაიდან სხვაგვარად თამაში არ შეუძლიათ და კაკაბაძე - კიტეიშვილის კომბინაცია კანკავას თავურით და კიპერის შესანიშნავი რეაქციით დასრულდა.

ჩვენი გუნდის უპირატესობა უდიდესი იყო, მეტოქე თავგანწირვით იცავდა თავს, კუთხური კუთხურს მოსდევდა. ამის მერე თამაშის ტემპი დაეცა, სანახობრივი მხარეც და ვაისმა ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე ტრავმამორჩენილი ჯანო ანანიძის შეყვანა გარისკა.

84-ე წუთზე ყაზაიშვილმა კვეკვესკირის ჩინებული პასით მეორედ დალაშქრა გომესის კარი, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კანკავამ კაკაბაძის გადაცემა გამოიყენა, მესამე გოლი გაიტანა და - 3:0.

ასე და ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგაზე სამივე შეხვედრა მოიგო, მდევრებს 7 ქულით გაექცა და თან გოლიც არ გაუშვია. ვერაფერს იტყვი, ჩინებული შედეგია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ანდორა 3:0
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31), 2:0 ყაზაიშვილი (84), კანკავა (90+4)
გაძევება: ვიეირა (90)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 89), კაჭარავა (გვილია 81)

ანდორა: გომესი, მარტინესი, უოლესი, რებესი (პუიოლი 78), ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, ცერვოსი, მ. რუბიო (ჯ. რუბიო 88), ლოვერა (გარსია 44), როდრიგესი

altსაქართველოსა და ანდორის ნაკრების ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
გილოცავთ!!! ბიჭებს და გულშემატკივრებს... ლატვიასთან სერიოზული მომზადება, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. ყველა ქულა ჩვენთვის უკვე ძვირფასია!!!
tngh
13:44 14-10-2018
0
გელა ნუგზარაშვილის არყოფნა დაგვეტყო შეტევებში.
გიორგი
12:21 14-10-2018
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული