გაგიჟებული შვეიცარია, ძვირად ღირებული დანია, წყეული ირლანდია - რას წარმოადგენენ საქართველოს მეტოქეები?

AutoSharing Option
შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი - ეს ის გუნდებია, რომლებიც საოცნებო ევროპის ჩემპიონატს გვიღობავენ. ალბათ, ერთა ლიგის ტურნირი რომ არ არსებობდეს, გულშემატკივარი გაცილებით უიმედოდ იქნებოდა, ჩვენი მთავარი პრობლემა ხომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშია.

ვერც იმის იმედი გვექნება, რომ მარტამდე ქართველი ფეხბურთელები საუკეთესო გუნდებში მოხვდებიან ან მოახერხებენ, სრული სათამაშო დრო ჰქონდეთ. არადა, მეტოქეთა შემადგენლობას რომ გადახედო, პირწმინდად გვჯობიან. რა თქმა უნდა, არ არის საუბარი გიბრალტარის ნაკრებზე.

ამ შეხვედრებში ვლადიმირ ვაისის ფაქტორი განუზომელია. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, გაიზარდა თუ არა მასთან ერთად
ნაკრები და რა შესაძლებლობები აქვს ტაქტიკური თვალსაზრისით. სლოვაკს ექნება ყველაფერი: სავსე სტადიონი თბილისში, მხარდაჭერა და ანშლაგი, რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა და რაც მთავარია, ნდობა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მსგავსი შედეგი მას არ უნდა ეპატიოს.

რაც შეეხება მეტოქეებს:

შვეიცარია

Sportall.Ge

პირველი კალათის რთული მეტოქე, რომელიც ნელ-ნელა ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ყალიბდება. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი მათი ჩემპიონატიდან ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებას ერიდებიან, ჩვენ კი მათი პირველობის საშუალო დონის გუნდში ნაკრების ორი საკვანძო ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მერვე და ევროპაში მეექვსე გუნდია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ბრაზილიასთან (1:1), სერბეთთან (2:1) და კოსტა-რიკასთან (2:2) ერთად მოხვდა. ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში შვედეთთან 0:1 დამარცხდა. რაც შეეხება ერთა ლიგას, შვეიცარია უმაღლეს დივიზიონში ბელგიასთან (5:2; 1:2) და ისლანდიასთან (6:0; 2:1) ერთად იყო ჯგუფში და პირველი ადგილი მოიპოვა.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდი იყო. მათი ფეხბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ (საშუალოდ 10.5-ჯერ). თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ კარისკენ 16.8-ჯერ ურტყამდნენ და საბოლოოდ 14 გოლიც კი გაიტანეს.

ერთა ლიგაზე გუნდის ბომბარდირი 5 გოლით, "ბენფიკას" 26 წლის შემტევი ჰარის სეფეროვიჩი გახდა, ხოლო საგოლე გადაცემებით (3) "ლივერპულის" შემტევი ჯერდან შაჩირი გამოირჩა.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე, არც მეტი, არც ნაკლები, 224 მილიონ ევროს შეადგენს. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკაა - 40 მილიონი (აღსანიშნავია, საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება სულ 36.8 მილიონი ევროა), მისი მდევარია "მიუნხენგლადბახის" 22 წლის ტალანტი ნიკო ელვედი - 23 მილიონით.

ჩვენ ბოლოს შვეიცარიელებს ევრო 2004-ის შესარჩევში შევხვდით. პირველი შეხვედრა სტუმრად 1:4 წავაგეთ და მაშინ ის ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, ხოლო თბილისში ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ.

დანია

Sportall.Ge

მეორე კალათიდან, ალბათ, გერმანიის შემდეგ ყველაზე რთული მეტოქეები დანიელები იყვნენ. მეტოქეს საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიული ფეხბურთელებით დახუნძლული გუნდი ჰყავს. მათ ნაკრებშიც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ და ისინიც ძირითადად "კოპენჰაგენის" ფეხბურთელებია. ჩვენ დანიის სუპერლიგაში ამჟამად ორი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა არცერთი არ არის ამ ეტაპზე ნაკრების წევრი. დანიის მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, რადგან თავის კომენტარში საქართველოს ნაკრები არც უხსენებია, მაგრამ რა არის გასაკვირი? პირდაპირ ვთქვათ, რას წარმოადგენს ამჟამად საქართველოს ნაკრები ევროპაში? თუმცა ეს ფაქტორი ჩვენთვის კარგია, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ფიფას რეიტინგში სკანდინავიელები მეათე ადგილს იკავებენ, ევროპაში კი მერვე გუნდია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან (0:0), პერუსთან (1:0), ავსტრალიასთან (1:1) ერთად მოხვდა და ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვა. მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 1:1 მორჩა და პენალტების სერიაში 2:3 დამარცხდა. უეფას ერთა ლიგაზე რანგით მეორე დივიზიონში უელსთან (2:0; 2:1) და ირლანდიასთან (0:0; 0:0) ერთად იყო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა.

დანიელები ერთა ლიგაზე საშუალოდ 12.3-ჯერ ჯარიმდებოდნენ, კარისკენ დაახლოებით 9-ჯერ ურტყამდნენ და ჯამში 4 გოლი გაიტანეს. გუნდის ბომბარდირი "ტოტენჰემის" შემტევი კრისტიან ერიქსენი გახდა 2 გოლით და საგოლე გადაცემებით და ასევე 2 საგოლე გადაცემით "ბრენტფორდის" ფეხბურთელი ჰენრიკ დალსგაარდი იყო გამორჩეული.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე შვეიცარიელებზე მეტია და 281.25 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირად ღირებული, 80 მილიონი ევროთი კრისტიან ერიქსენია და მისი მდევარი 22 წლის "ჩელსის" ფეხბურთელი ანდრეას კრისტენსენია - 40 მილიონი.

დანიელებთან სულ სამი შეხვედრა გვაქვს გამართული. თავდაპირველად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში დავუპირისპირდით. თბილისში ჩვენი შეხვედრა 2:2 დასრულდა. ქართველებთაგან თავი გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა გამოიჩინეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში კოპენჰაგენში ჩვენი გუნდი 6:1 გაანადგურეს, ის ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბოლოს მათ 2013 წელს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში დავუპირისპირდით, 52-ე წუთზე ირაკლი ძარიამ გაიტანა გოლი და 77-ე წუთამდე ვიგებდით, თუმცა ბოლოს შეხვედრა შემოგვიტრიალეს და 1:2 დავმარცხდით.

ირლანდია

Sportall.Ge

ვერ ვიტყვით, რომ ეს გუნდი საჩუქრად გვერგო. უფრო უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერგეთ მათ საჩუქრად, რომელთანაც 6 ქულის მოპოვება შეუძლიათ. თუმცა კანონზომიერია და გამოჩნდება, ვაისის ამ ფორმაციის გუნდი არის თუ არა მზად ერთხელ და სამუდამოდ ირლანდიის დასამარცხებლად.

ფიფას რეიტინგში ირლანდიელები 33-ე ადგილზე არიან, ევროპაში მეოცე გუნდია. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში დანიასთან ორი შეხვედრის ჯამში 1:5 წააგო და რუსეთში ვერ წავიდა. ერთა ლიგაზე მეორე დივიზიონში იყო დანიასთან (0:0; 0:0) და უელსთან (0:1; 1:4), ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მესამე დივიზიონში გავარდა. ის ერთადერთი გოლი "მილოულის" ფეხბურთელმა შონ უილიამსმა გაიტანა, სხვა არაფერში გამორჩეულები ირლანდიელები არ ყოფილან.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე 101 მილიონი ევროა. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი და "ევერტონის" ფეხბურთელი სეამუს კოლემანია (12 მილიონი). იგივე ღირებულებისაა "ბრაიტნონ ალბიონის" 26 წლის უკანახაზელი შეინ დაფიც.

ირლანდიასთან 9 შეხვედრა გვაქვს გამართული და შედეგი კატასტროფულია, მათგან 1 ფრედ დასრულდა და 8 წავაგეთ.

2003 საქართველო - ირლანდია 1:2
2003 ირლანდია - საქართველო 2:0
2008 საქართველო - ირლანდია 1:2
2009 ირლანდია - საქართველო 2:1
2013 ირლანდია - საქართველო 4:0
2014 საქართველო - ირლანდია 1:2
2015 ირლანდია - საქართველო 1:0
2016 ირლანდია - საქართველო 1:0
2017 საქართველო - ირლანდია 1:1

გიბრალტარი

Sportall.Ge

კარგი იქნებოდა 6-გუნდიან ჯგუფში მოხვედრა. ყოველთვის გვიჭირს ამხანაგური მატჩებისთვის მეტოქეების მოძებნა, თან იმ ფონზე, როცა მხოლოდ რამდენიმე გუნდია თავისუფალი.

გიბრალტარი, ალბათ, ჩვენ ჯგუფის საჩუქარია, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ორივე შეხვედრა უნდა მოუგო. ეგ კი არა და, ამ გუნდის ადგილზე აზერბაიჯანი ამოვიდა. უბრალოდ, ჩვენს ჯგუფში ორი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გუნდია და მესამე აღარ ჩასვეს.

გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 194-ე გუნდია. ერთა ლიგაზე პატარა სენსაციებითაც გამოირჩეოდა, მაგალითად, სომხეთის ნაკრები ერევანში 1:0 დაამარცხა, თუმცა შინ 2:6 განადგურდა. ჯგუფის ლიდერთან, მაკედონიასთან 0:2 და 0:4 დამარცხდა. რაც შეეხება ლიხტენშტეინს, 2:1 შინ მოუგო და გასვლაზე 0:2 დამარცხდა. ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ნაკრების ღირებულება 225 000 ევროა. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ევროპის კოლეჯის" ნახევარმცველი ლიამ უოლკერია - 100 000 ევრო.

გიბრალტარი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპზე დაგვიპირისპირდა. თბილისში 4:0 გავანადგურეთ და სტუმრად 3:0.

altვლადიმირ ვაისი: ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა

altევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

altევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 16 /
სასაცილოდ მოგეჩვენებათ,მაგრამ ვაისმა ისეთი გუნდი შექმნა, რომელიც კლასით მას აღემატება, ამ გუნდს აწი სხვა დონის მწვრთნელი სჭირდება, იმედია ვცდები.
11
"თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მსგავსი შედეგი მას არ უნდა ეპატიოს"

ეს რა არის ? წინასწარ ემზადებით შესაჯდომად თუ შედეგი ვერ დადო ? რა ცუდი ხალხი ხართ.

მთავარია ევროპა ლიგის პლეიოფები შესარჩევის შემდეგ, შესარჩევში მესამე ადგილზე გასვლის მიზერული შანსი გვაქვს და თუ ვერ გავედით ვერც მწვრთნელს დაადანაშაულებ იმიტომ რომ მისი რესურსებით ლოგიკური შედეგი იქნება. თქვენ გინდათ მწვრთნელმა მეხუთე კალათის დონის გუნდით მოუგოს მსოფლიოს მეოთხედფიალისტებს და ევროპა ლიგის ფინალისტებს. აიწყვეს ცხოვრება...
Good
21:47 03-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული