საქართველოს მეტოქე: რა უნდა ვიცოდეთ შვეიცარიის ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები შინ, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. ჩვენი პირველი მეტოქე ფიფას მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იმყოფება და კენჭისყრის დროს ჯგუფში პირველი კალათიდან მოხვდა.

უეფას ერთა ლიგაზე შვეიცარიის ნაკრები A დივიზიონის მე-2 ჯგუფში, ბელგიისა და ისლანდიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა.

4 მატჩში ჩვენმა მეტოქემ 3 გამარჯვება მოიპოვა - შინ ისლანდიასთან (6:0) და ბელგიასთან (5:2), სტუმრად - ისლანდიასთან (1:2), და ერთხელ დამარცხდა ბელგიასთან (1:2). 9 ქულით შვეიცარიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფშიც გავიდნენ, სადაც მიმდინარე
წლის 5 ივნისს ნახევარფინალში სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან.

მწვრთნელი
2014 წლიდან შვეიცარიელებს ცნობილი სპეციალისტი ვლადიმერ პეტკოვიჩი წვრთნის. მან ნაკრების თავკაცის პოსტზე ოტმარ ჰიტცფელდი შეცვალა და მას შემდეგ შვეიცარიელები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მერვედფინალში გაიყვანა.

Sportall.Ge

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პეტკოვიჩის შეგირდებმა ჯგუფში ალბანეთს მოუგეს (1:0), საფრანგეთთან (0:0) და რუმინეთთან (1:1) ფრეს დასჯერდნენ და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც პოლონეთთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პეტკოვიჩის გუნდმა კვლავ წაუგებლად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი - 1:1 ბრაზილიასთან, 2:1 სერბეთთან და 2:2 კოსტა-რიკასთან. მერვედფინალში კი შვეიცარია შვედეთთან დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობა
აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის ოთხ მატჩში პეტკოვიჩმა 3 სხვადასხვა ტაქტიკური სქემა გამოიყენა, თუმცა ბელგიასთან მოგებულ ბოლო შეხვედრაში (5:2) შვეიცარიამ 4-4-2-ით ითამაშა და, სავარაუდოდ, ასეთი წარმატების გათვალისწინებით, იმავე ტაქტიკით შეუტევს შვეიცარია ჩვენთანაც.

ერთა ლიგის მატჩებში შვეიცარიელთა კარს "გლადბახის" გოლკიპერი იან სომერი იცავდა და, დიდი ალბათობით, საქართველოსთანაც ძირითადში სწორედ მას ვიხილავთ.

ტრავმის გამო გამოტოვა ერთა ლიგის გათამაშება შვეიცარიელთა კაპიტანმა სტეფან ლიხშტაინერმა, თუმცა ექტორ ბელერინის ტრავმის შემდეგ მას "არსენალში" მეტი სათამაშო დრო აქვს და კარგ ფორმაშიც იმყოფება. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, იქ ურყევია "მილანის" მცველის, რიკარდო როდრიგესის პოზიციები.

დაცვის ცენტრში პეტკოვიჩს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. მის განკარგულებაში თანაბარი დონის ოთხი მცველი - მანუელ აკანჯი ("დორტმუნდი"), ნიკო ელვედი ("გლადბახი"), ტიმ კლოზე ("ნორვიჩი") და ფაბიან შერი ("ნიუკასლი") იქნება და ძირითადში ნებისმიერი მათგანი შეიძლება ვიხილოთ.

თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ნახევარდაცვაში შვეიცარიელების რიგებში გრანიტ ჯაკას ("არსენალი"), დენის ზაკარიას (გლადბახი), და სტივენ ცუბერს (შტუტგარტი) ვიხილავთ, მარჯვენა ფლანგზე ადგილისთვის კი ჯიბრილ სოუ ("იანგ ბოიზი") და რემო ფროილერი ("ატალანტა") იბრძოლებენ.

შეტევაში პეტკოვიჩი "ბენფიკას" ფორვარდს, ჰარის სეფეროვიჩს ენდობა, რომელმაც ერთა ლიგის 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, თუმცა საქართველოსთან ის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი მარიო გავრანოვიჩი დაიკავებს.

მთავარი ვარსკვლავი
შვეიცარიელთა მთავარი იმედი - შერდან შაჩირი, რომელსაც კარიერის მანძილზე "ბაზელში", მიუნხენის "ბაიერნში", მილანის "ინტერსა" და "სტოკ სიტიში" უთამაშია, გასული წლის ზაფხულიდან კი "ლივერპულის" ღირსებას იცავს.

Sportall.Ge

"მერსისაიდულ" კლუბში მოჰამედ სალაჰის, რობერტო ფირმინოს და სადიო მანეს უპირობო პოზიციების გათვალისწინებით, შაჩირის იურგენ კლოპი ხშირად "კოზირის" სახით იყენებს - საკუთარ საჯარიმოსთან ჩამწკრივებული გუნდების წინააღმდეგ შაჩირის ტექნიკასა და უძლიერეს დარტყმას "მერსისაიდელებისთვის" არაერთი ქულა მოუტანია.

მიმდინარე სეზონში შაჩირის პრემიერლიგაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც მან ძირითადში მხოლოდ 11 დაიწყო და თავი 6 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა.

(რედ. ბოლო ინფორმაციით, შაჩირი ტრავმის გამო თავის ნაკრებს ვერ დაეხმარება)

altსაქართველოსთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა


ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და შვეიცარიის ნაკრებები აქამდე ორჯერ - 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს.

2002 წლის 8 სექტემბერს შვეიცარიელებმა ბაზელში, "სენტ იაკობ პარკზე" ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ გუნდს დამაჯერებლად, 4:1 სძლიეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები ალექსანდრ ფრაიმ, ჰაკან იაკინმა, პატრიკ მიულერმა და სტეფან შაპუიზამ გაიტანეს, საქართველოს ნაკრებში კი თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა.


რაც შეეხება საპასუხო მატჩს, 2003 წლის 2 აპრილს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძლივს არ წავიკითხე დალაგებული ქართულით დაწერილი სტატია! კარგად და სწრაფად იკითხებოდა.
odala
03:30 20-03-2019
0
ავტორ აქ რაც გიწერია ეგ ჩვენც ვიცით ზეპირად. ცოტა ჩაუღრმავდით გადმოიტანეთ უცხოელი ჟურნალისტებისგან და გაშიფრეთ მეტოქე ყველსზე ძლიერი და ნაკლებად ძლიერები და რა სისუსტეები აქვთ:)
დავით
19:17 19-03-2019
1

სიახლეები პოპულარული