[დაზვერვა] "ვერონა", "დიუსელდორფი", ცსკა - მეტოქეებმა ტრანსფერები დაასრულეს

AutoSharing Option
2020 წლის მარტამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მომენტიც გვიახლოვდება. მარტის თამაშებისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად კარგ ჩემპიონატებში ითამაშებენ ფეხბურთელები და რამდენად დიდი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ.

ქართველი მოთამაშეების შესახებ მიმდინარე რეჟიმში ვწერთ, აღნიშნულ სტატიაში კი იხილავთ, თუ რომელ კლუბებში გადავიდნენ ჩვენი მეტოქე (და სავარაუდო მეტოქე) გუნდების ფეხბურთელები.

ბელარუსი

ბელარუსული ფეხბურთის იანვრის თვის მთავარ ტრანსფერად 20 წლის ფორვარდ ილია შკურინის  ბრესტის "დინამოდან" მოსკოვის ცსკა-ში გადაბარგება უნდა დავასახელოთ. შკურინს ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია,
ახალგაზრდული გუნდის წევრია, თუმცა ამ ტრანსფერის შემდეგ, დიდი ალბათობით, ეროვნულ გუნდშიც უხმობენ. 2019 წელს ახალგაზრდა ფორვარდი 19 გატანილი გოლით ბელარუსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბელარუსის ნაკრების 31 წლის მეკარე სერგეი ჩერნიკი ბორისოვის "ბატედან" ყაზახურ "ირტიშში" გადაბარგდა. ეს ის გუნდია, რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ ლევან კუტალია გახდა.

სოლიგორსკის "შახტიორის" შემტევები, 22 წლის ვალერი გრომიკო და 26 წლის იური კოვალევი ტულის "არსენალში" გადაბარგდნენ. მოგეხსენებათ, ამ კლუბის ღირსებას გია გრიგალავა იცავს.

25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლაი ზოლოტოვი ბელარუსის ჩემპიონატის "ვიტებსკიდან" რუსულ "ურალში" გადავიდა.

ბელარუსის ჩემპიონატში დაბრუნდა, ცენტრალური მცველი სერგეი პოლიტევიჩი, რომელიც ყაზახურ "ქაირათში" თამაშობდა.

ბელარუსის ჩემპიონატის შიდასანაკრებო ტრანსფერები:

  • ივან ბახარი (ფორვარდი) - "მინსკიდან" მინსკის "დინამოში"
  • პაველ ნეხაიჩი (ფორვარდი) - ბრესტის "დინამოდან" ბორისოვის "ბატეში"
  • ალექსანდრე გუტორი (მეკარე) - ბრესტის "დინამოდან" "სოლიგორსკში"

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი სატრანსფერო აურზაური არ ჰქონიათ, თუმცა გარკვეულწილად პროგრესული ცვლილებები იყო. ჩვენთვის ერთი კარგი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების 60%-ზე მეტი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, რომელიც 19 მარტს იწყება.

ჩრდილოეთი მაკედონია

32 წლის ფორვარდი ადის იაჰოვიჩი თურქული "მალათიასპორიდან" "ანტალიასპორში" გადაბარგდა. მას ბოლო წლებში ეროვნულ გუნდში არ სწყალობდნენ, თუმცა გამორიცხული არაა, ერთა ლიგის პლეი-ოფში თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად იყოს.

29 წლის შემტევი ფერჰან ჰასანი, რომელიც ბოლოს არაბული "ალ-რაედის" ღირსებას იცავდა, ჰელსინკის "ჰიკის" წევრი გახდა.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა ეგზონ ბეიტულაიმ მაკედონიური "შკენდია" დატოვა და შვედურ "ჰელსინგბორგს" შეუერთდა.

19 წლის გარემარბი დარკო ჩურლინოვი "კიოლნიდან" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მყოფ "შტუტგარტში" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წინა წელს გერმანიის უმაღლესი დივიზიონის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 წუთი ითამაშა.

24 წლის მეკარე დეიან ილიევი ლონდონის "არსენალმა" პოლონურ "იაგელონიაში" გაანათხოვრა.

მაკედონიაში სხვა ცვლილებები არ ყოფილა და ეს ტრანსფერები ნაკრებში დიდ გადაადგილებას არ მოახდენს.

კოსოვო

კოსოვოს ნაკრების კაპიტანი და ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი "ნაპოლიმ" "ვერონაში" მეორედ გაანათხოვრა. ამირი გატუზომაც არ ისურვა, თუმცა სერია A-ს სატურნირო ცხრილში "ნაპოლიზე" წინმდგომი "ვერონას" შეუცვლელი წევრია.

მარჯვენა მცველი ფლორენ ჰადერგონაი ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" თურქულ "ქასიმფაშაში" გაანათხოვრეს.

განათხოვრებულთა სიაში მოხვდა ცენტრალური ნახევარმცველი ვალონ ბერიშა, რომელიც "ლაციომ" გერმანული ბუნდესლიგის "დიუსელდორფში" გაუშვა.

23 წლის ფორვარდი დონის ავდიაი თურქული "ტრაბზონსპორიდან" შოტლანდიის პრემიერშიპის "ჰართ ოფ მიდლოთიანში" გადაბარგდა.

უკლუბოდ მყოფი კოსოვოელი 25 წლის ცენტრალური მცველი არდინ დალკუ მაკედონიურ "შკენდიას" შეუერთდა. ის ერთადერთხელ იცავდა ნაკრების ღირსებას.

23 წლის ნახევარმცველი ფლორიან ლოშაი რუმინული "პოლიტექნიკადან" პოლონურ "კრაკოვიაში" გადავიდა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ემზადება ჩვენს გარდა 2 კვირიანი ეტაპია საჭირო მინიმუმ 2 ამხანაგურით სზვადასზვა სტილის გუნდებთან თუნდაც ჩვენი ჩემპიონატიდან
ზორბეგი
13:46 06-02-2020
3
ფურცელზე კი ბატონო ვხედავთ ვინ როგორ, მაგრამ მე იმ მაგიური ჩვენი კედლების მჯერა და სავსე ტრიბუნების! მიდით ბიჭებო ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ერთი ვართ! ერთად მოვუწყოთ კოშმარული წვეულება ბელორუსს! ჯერ ბელორუსს! ვინ გვიგდია შკურინი და ჩერნიკი! ჩვენ უფრო გვინდა ევროპა! ჩვენ უფრო მოვინდომებთ! ლორია საუკეთესო ფორმაშია, ნახევარდაცვამ უნდა აიღოს თავის თავზე ყველაფერი! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიხაროთ!
ჩვენ ვართ ტორპედო!
13:01 06-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული