და, ჰა, როგორც იქნა, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი მოახლოვდა და სამწუხაროდ, მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. უეფას რეკომენდაციით, "დინამო არენაზე" 18 ათასი გულშემატკივრის დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დავკარგეთ. სახლიდან უქომაგეთო, გვიბრძანეს, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებს როგორ მიეხმარება, ცოტა არ იყოს და, ძნელი გასაგებია.
შეიძლებოდა სტადიონზე მაყურებელთა 30%-ის შეშვება თუ არა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა - სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. თუმცა, ამას სათანადო ორგანიზება სჭირდებოდა, რაც რაღაც რთულ ამოცანას არ
წარმოადგენდა. ხალხს მაინც ვერ დააკავებ და რა მნიშვნელობა აქვს, არენაზე შეიკრიბებიან თუ მის გარშემო?
ვერ გეტყვით, ფეხბურთის ფედერაციამ საკითხის განხილვისას რა პოზიცია დაიჭირა, მაგრამ ფაქტია, უეფას "ძღვენი" ვერ შევირგეთ. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი ქვეყნის პირველი ნაკრებია. ის ერთგვარი აისბერგია და ღმერთმა არ ქნას და, ბელარუსებთან რომ წავფორხილდეთ (ამის გაფიქრებაც დაუშვებელია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება), სფფ-ს ამას მწარედ წამოაძახებენ და არავინ ჩაეძიება, ჰკითხეს თუ არა მათ საერთოდ აზრი.
და ამას გარდა, ცას შიშით შევყურებ, რომ არ გაწვიმდეს და ისევე, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, კვლავ არ გაატაროს სტადიონის დრენაჟმა მოსული ნალექი და არ დაიტბოროს მოედანი. ამან იმ თამაშში ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. თუმცა, თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით და დავუჯერებთ, 8 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი არ იქნება, მაგრამ ბუნებისას რას გაიგებ - ის ხომ ჩვენს მთავრობას არაფერს დაეკითხება.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. მან მშობლიური სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ახლა შეუძლია "ჯვაროსნებთან" ერთად ევროპირველობის საგზური მოიპოვოს.
ფეხბურთელებიც არნახულად მონდომებულები არიან. უქმეები ისე გავა ხოლმე, ლეგიონერთაგან ვერავინ გაიტანს გოლს, გასულ შაბათ-კვირას კი ქართული გოლების "წვიმა წამოვიდა". ნაკრებმა ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე გაღწევა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ეს ვერ შეძლო გაცილებით ძლიერმა წინა თაობებმა და ამის შანსი ამჟამინდელებს აქვთ. ეს თაობა გაცილებით უფრო მოტივირებულია, რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს.
მათ არ სჭირდებათ მომავალი დაპირისპირების თაობაზე ახსნა-განმარტება და იმედია, ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. ვიქნები კატეგორიული და ვიტყვი - ეს ის მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ. ისინი ფავორიტები არიან, რასაც მეტოქეც აღიარებს და ჩვენს ფავორიტ გუნდს ყველა ქართველი უქომაგებს, ვისაც სპორტის ნომერი პირველი სახეობა სიგიჟემდე უყვარს და ვისაც საერთოდ არ ესმის. ეს მთელი ერის მატჩია, რომელშიც ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მხოლოდ ცისფერი ეკრანებიდან ვუგულშემატკივრებთ.
ღმერთო, შენ გაუმართლე ჩვენს ბიჭებს!
მიხაილ მარხელი: მაყურებელთა მხარდაჭერა საქართველოს ნაკრებისთვის არსებითი დახმარება იქნებოდა
მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ