ლევან კობიაშვილი: მინდა ბიჭებს და მთელ საქართველოს ბედნიერი წუთები ვუსურვო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩვენი გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ თავის "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა:

"ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა
ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და თანამშრომელებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს.

მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის - ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს, ხვალინდელი მატჩი სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.
ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს გვეკაიფება კიდეც))))))))))))
აჩიკო
21:48 11-11-2020
15
თუნდაც 5000 კაცის ყოფნა მოედანზე , გაათმაგებდა ჩვენ შანსებს და არა მგონია , ამდენი ადამიანის განაწილება ყოფილიყო პრობლემა . ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარია მთავრობისა და ფედერაციის გადაწყვეტილება , როცა ვიღაცას შეუძლია აქციები მართოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში და ჩვენ ისტორიულ მატჩზე დასწრება არ შეგვიძლია . რაც არის არის , უნდა იბრძოლონ ბიჭებმა ბოლომდე , იმ ყველაფრის დასავიწყებლად , რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება , უნდა მოვიგოთ ეს თამაში , რადგან პოზიტივი სასიცოცხლოდ აუცილებელია ახლა ჩვენი ქვეყნისათვისა და ფეხბურთისათვის . თქვენ გაქვთ შანსი 12 ნოემბერი , ეროვნულ დღესასწაულად აქციოთ .
ATP 16
23:00 11-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული