ვაისისა და ნაკრების ტრაგედია, ანუ წარუმატებელი უვერტიურა

AutoSharing Option
ასე ახლოს იყო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ერთა ლიგაზე B დივიზიონში გადასვლასთან და 3 დღეში ყველაფერი დასამარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირებაზე გავრცელებული ცნობა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მთელი იმედები მასზე იყო დამყარებული. ამ გუნდში ახლა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გახლდათ ლევან შენგელიას გამოკლებაც. ვიღაცამ სცენაზე როიალი უნდა აიტანოს, ვიღაცამ ამ როიალზე ნაწარმოები შეასრულოს. ორივე საჭიროა, ამტანიცა
და შემსრულებელიც. თუ უხეშად ვიტყვით, ჩვენ პიანისტის გარეშე დავრჩით და რა გასაკვირია, რომ კონცერტი ჩავარდა. თუმცა, არსებულ სიტუაციაშიც კი შეიძლებოდა არ ჩავარდნილიყო.

საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია ვლადიმირ ვაისი, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ - შეცვლებს აგვიანებს და მიხვდა, კვარაცხელიას გამოკლება რას ნიშნავდა. 5 წელი ამ ფეხბურთელებთან მუშაობდა და მშვენივრად უწყის, ვინ ვინ არის, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს, გაქცევა როგორ უჭირთ და კარში ზუსტად დარტყმა. ბოლო 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" (5 ერთა ლიგაზე და ევროპირველობის ნახევარფინალსა და ფინალში) 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 პენალტით და 1 კვარაცხელიამ. მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს 7 მატჩში კვარაცხელიას გარდა ფეხბურთელებმა თამაშიდან და იმ 3-დან 1 ხვიჩას პასით გაიტანა კაჭარავამ. 2 თერთმეტმეტრიანი ხვიჩამ მოიპოვა. გუნდს არ ჰყავს სწრაფი შემტევი, შემქმნელი ფეხბურთელი. ამიტომ არ უხსნიდა დანა პირს ვაისს მაკედონიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

არც მაკედონიისა და სომხეთის გუნდები არიან ვარსკვლავებით დაკომპლექტებულნი - საქართველოსთან ერთად ეს სამეული საშუალოზე დაბალი კლასისაა. მარტივად ავხსნათ: არის A, B, C და D ლიგები. საქართველოს ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში გადავიდა. მოდით, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ - ეს დიდწილად ჩაკვეტაძის დამსახურება იყო, რადგან ჩვენს მეტოქეებს არ ჰყავდათ მისი დარი მოთამაშე. გამოგვაკლდა გიორგი, თუმცა გამოჩნდა კვარაცხელია და მაინცდამაინც გადამწყვეტ მომენტში დაინფიცირდა. თითქოს განგებამ სპეციალურად ასე ინება და ჩვენს გუნდს მთელი ნაშრომი ერთბაშად წყალში ჩაეყარა.

შეიძლებოდა თუ არა არსებულ ვითარებაში ბოლო 2 შეხვედრის მოგება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. პირველ 2 თამაშში ვაისის კრებულმა პირწმინდად დაჯაბნა მაკედონია და მესამეშიც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ისე არია, რომ თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მყისებრ მოიშალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად მიღწეული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგემ გამოცდილების ხარჯზე მოიგო, რადგან რაც უნდა იყოს, მისი რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენსაზე უკეთეს გუნდებში თამაშობს, თორემ როგორც გუნდი, არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს - სადაც 37 წლის გორან პანდევი მეგავარსკვლავია. რაც შეეხება სომხეთთან წაგებას, ჩვენი ნაკრები უკვე დემორალიზებული გავიდა მოედანზე და გამოჩნდა, რომ ვაისს სულ ტყუილად უკიჟინებდნენ ზოგიერთი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. ბევრს მიეცა ბოლო მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ნათლად დავინახეთ, როგორ ფორმაშიც იმყოფებიან. ჩვენ კი სულ უცხოური კლუბების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს ვადანაშაულებთ, რომ ქართველ ლეგიონერებს შანსს არ აძლევენ, ზოგიერთი ქვეყანა მათი საფეხბურთო სასაფლაოა და ა.შ. რომელი კლუბის ხელმძღვანელი და გუნდის მწვრთნელი არ მისცემს გასაქანს კარგ ფეხბურთელს? ვინაა საკუთარი თავისა და ჯიბის მტერი? თემას გადავუხვევ და ერთ ფაქტს აღვნიშნავ - რამდენიმე ლამის ორმეტრიანი ცენტრალური მცველი გვყავს. თქვენ გახსოვთ სტანდარტულებისას მათ მიერ გატანილი გოლი? გოლს თავი დავანებოთ, კარში დარტყმული თუ გახსენდებათ?

სომხეთთან მატჩის წინ კამერამ ახლო პლანიდან ვაისი რამდენჯერმე დააფიქსირა. სახე ჰქონდა წაშლილი. ის ასეთი არასოდეს მინახავს, განწირულს ჰგავდა. მან იცოდა, რაც ელოდა.

და დავრჩით ევროპირველობის გარეშე, ჩავრჩით C ლიგაში. ამ ლიგაში დარჩენა კი შესაძლოა, პრაქტიკული თვალსაზრისით უარესი სულაც არ იყოს. ახლა მთავარია, რა იქნება მომავალში, ვის დანიშნავენ მწვრთნელად, რა დღეში ჩავაგდებთ მას პირველივე წარუმატებლობისას და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ის უცხოელი იქნება თუ ქართველი. აგრესია უცბად წამოვა (მით უმეტეს, საქმეში პოლიტიკაც ჩაერია), რამეთუ ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. ეს ცხადზე ცხადია. სამწუხაროდ, უახლოეს რეზერვშიც არ ჩანან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს რეალურად გააძლიერებენ. არავინ იცის, ჩაკვეტაძე როდის ჩადგება ფორმაში, იმედისმომცემი გიორგი არაბიძეც გაქრა საფეხბურთო რადარებიდან. იქნებ გიორგი მიქაუტაძის ჩვენს გუნდში თამაშზე დაყოლიება მოახერხოს ფედერაციამ და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყოს. თუმცა, რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი ჩავუყენოთ ნაკრებს სათავეში, შემოქმედი ფეხბურთელების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ქართული ფეხბურთი კი შემსრულებლების, “თამაშის გამკეთებლების“ მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი-ორის გარდა, ამჟამად მხოლოდ როიალის სცენაზე ამტანები გვყავს...

მკითხველის კომენტარები / 35 /
მოდი ყველაფერს ვაისს ნუ დავაბრალებთ, ფეხბურთელი ნაკრებში უნდა მოდიოდეს მომზადებული, მაკედონიასთან კვირკველიას და კაშიას თამაში რას ჰგავდა საერთოდ, ელემენტარული ბურთის გაჩერება და პასის მიცემა არ შეუძლიათ, ასევეა დვალიც, ნუ გრიგალავა კიდე ცალკე თემაა.თითოეულ მათგანს ეტყობა ვინ თამაშობს და ინ კიდე სკამს ხეხავს კლუბში,ისინიც კი ვინც ძირითადში თამაშობენ საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში არიან.რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები არის მალტის და ანდორას დონის
mamuka
21:27 17-11-2020
3
იმედია დაბეჭდავთ. 2 დღე გაძელით მხოლოდ და წავიდა ისევ ვაისის გამართლება, ანუ ფარულად ფედერაციის ბანდის გამართლება, მეცოცხე მელიასთან დაეხმარეთ მაგათ, თორემ ამ შეკვეთილი სტატიებით ჩვენ აზრზს ვერ შეგვაცვლევინებთ, 5 წელიწადში არცერთი დამუშავებული კომბინაცია თუ სტანდარტი, პატივცემულო სტატიის ავტორო, თქვენთან მაქვს კითხვა, დამისახელეთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თუნდაც ერთი ნაკრები რომელსაც საბერძნეთის ნაკრებზე უარესი შემადგენლობა ჰყავდა
llcl
18:52 17-11-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული