კვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სექტემბრის ცუდი შეხვედრების შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. როგორც ჩანს, უახლოესი მატჩები ექსპერიმენტებსა და მხოლოდ მომავალ "ერთა ლიგაზე" ფიქრს არ დაეთმობა.

კვარაცხელია, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი

რაც უნდა გუნდურობის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, საქართველოს ნაკრები აღიარებული ლიდერის გარეშე ცუდად ან კარგად კი არა, ფაქტობრივად, საერთოდ ვერ თამაშობს. ამაზე იმ შეხვედრებზე დაკვირვებაც საკმარისია, რაც ხვიჩას გარეშე გავმართეთ.

ამხელა ტვირთის ტარება ვარსკვლავებსაც უჭირთ, თუმცა ვერაფერს გავაწყობთ. "რუბინის" გარემარბის მოედანზე ყოფნა "ჯვაროსნებისთვის" ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავს - გუნდს სწამს, რომ გამარჯვება შეუძლია, მათ
შორის, გრანდებისა და ფავორიტების წინააღმდეგ. თუნდაც უახლოეს მეტოქე საბერძნეთთან გასვლითი მატჩი რომ გავიხსენოთ, იქ ქულა პირადად კვარაცხელიამ მოგვიტანა.

ხვიჩა ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმაში არაა, მის მიმართ ყურადღება და მოლოდინი გაზრდილია და ვილი სანიოლის კომუნიკაციასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება.

გამოცდილი ფეხბურთელების დაბრუნება

ხშირად ისე ხდება, როცა მთავარი მწვრთნელი ამა თუ იმ მოთამაშეს სანაკრებო სიის მიღმა დატოვებს, იწყება საუბრები, რომ მათთან ერთად გუნდი გაცილებით ძლიერი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშეს მათ წინა შანსის დროს...

Sportall.Ge

თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში მართლაც ბოლომდე იხარჯება, იმის მიუხედავად, ვინ დგას მის წინ ან მისი დღე არის თუ არა. ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალიც რომ გავიხსენოთ, თუკი ვინმეზე შეიძლებოდა გეთქვა, რომ მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გაიღო, "აპოელის" შემტევია. მას ახლა კარგი საკლუბო პერიოდი არ აქვს, თუმცა ნაკრების შეხვედრებისთვის განწყობა არ უნდა გაუჭირდეს.

სექტემბრის შეხვედრებში საქართველოს ნაკრები ნახევარდაცვაში ძალიან სუსტი იყო - შეტევის წამოწყებას ვინ ჩივის, დაცვით ფაზაშიც ვერ ვივარგეთ.

სანიოლმა ნიკა კვეკვესკირი ისევ დააბრუნა. 29 წლის ფეხბურთელი ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც დაცვასთან მაქსიმალურად ახლოს იხევს, რათა რგოლებს შორის კავშირი დაამყაროს. ის კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა. ნიკას სუსტი წერტილი ნაკლები სისწრაფეა, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

გუნდში ვაკო გვილიაც დაბრუნდა - ნახევარმცველი სანაკრებო დებიუტის პერიოდში გაცილებით პროდუქტიული იყო. ვაკოს ვერასდროს დაუკარგავ იმას, რომ მუდმივად შეტევის გამწვავებაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს ბევრ ტექნიკურ წუნსა და ბურთის დაკარგვას იწვევს, რაც მეტოქეს საპასუხო იერიშის შესაძლებლობას აძლევს.

Sportall.Ge

ტრავმის შემდეგ ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა და ის სანიოლის რჩეულებშია. "ფერენცვაროშის" მცველი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, თუმცა ფრანგი სპეციალისტის საწყისი შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ მას ძირითადის მოთამაშედ განიხილავს. მით უმეტეს, დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია საბერძნეთის ნაკრებს ვერ დაუპირისპირდება.

ვისზე ითქვა უარი?


წინა მატჩების შემდეგ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში არაა, გიორგი ქვილითაია კი  კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ გამოიძახეს.

რა თქმა უნდა, მათ შეხვედრები ჩაუვარდათ. ქვილითაიას კვიპროსში შედეგიანი პერიოდი არ აქვს. ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში წარმატებულ მატჩებს აგრძელებს, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება.

მომავალში მათ მიმართ სანიოლის დამოკიდებულება რამდენად შეიძლება შეიცვალოს, ამას დრო გვაჩვენებს.

ვინ გვაკლია?

საქართველოს ნაკრების განაცხადში ერთადერთი ნომინალური ფორვარდია - გიორგი მიქაუტაძე. კარგია, თუკი ის ძირითადის სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდება - ასე გუნდს შეეწყობა, რწმენას აიმაღლებს და იქნებ გოლების გატანაც გააგრძელოს. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ალტერნატივა მოსინჯა, თუმცა ახლა გადაწყვიტა, შემცვლელი ფორვარდი არც კი მიეწვია.

გიორგი ბერიძემ შანსი მარტის შეხვედრებში მიიღო და თითქოს, ცუდად არ გამოიყურებოდა. მას უნგრეთშიც გააქვს, თუმცა სანიოლის სიმპათიებს ვეღარ იმსახურებს.

Sportall.Ge

განაცხადში ისევ არაა ლევან შენგელია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ნაკლები 
სათამაშო პრაქტიკა აქვს, 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

იმათ შორის, ვინც "ჯვაროსნების" სამწვრთნელო შტაბს საქმეში არ უნახავს, უკრაინაში მოთამაშე ნიკა სიჭინავა შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა 27 წლის შემტევს გასული სეზონები გაცილებით წარმატებული ჰქონდა, ვიდრე მიმდინარე.

კვიპროსის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში არაერთ ფეხბურთელს იწვევენ და 29 წლის, სანაკრებო გამოცდილების მქონე, ავთო ებრალიძე "დოქსას" კარგად შეეწყო.

და მაინც - მთავარი


ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა, რაც საქართველოს ნაკრების ირგვლივ ხდება, გაკვირვებას იწვევს. ვერასდროს ვახერხებთ, ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშოთ. თანაც სანაკრებო პაუზის წინ უკვე გამოძახებული ფეხბურთელები გვაკლდებიან ან მატჩისწინა ვარჯიშზე დაზიანებას იღებენ.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც შემოქმედებითი უნარები აქვს. სამწუხაროდ, მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება...

გიორგი ჩაკვეტაძეს ახლა დაზიანება აქვს, თუმცა, იმედია, ნაკრების მატჩებს სრულყოფილად დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

altკიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

altვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას ლობჟანიძის და კიტეიშვილის გარდა არცერთი ფეხბურთელი ოდნავადაც არ აკმაყოფილებს ფეხბურთელობის მინიმალურ შესაძლებლობებს. ლობჟანიძე კიდევ 90 წუთსაც ვერ ქაჩავს, დანარჩენი ბიჭები ყოველ მეორე დღეს ტრამვირებულები არიან და რაშია ვილი სანიოლი დამნაშავე? ან ვაისი რაში იყო დამნაშავე გინებით რომ გააგდეთ ჟურნალისტებმა, ვეღარ აკმაყოფილებს ნაკრების დონესო?
semi
14:50 01-10-2021
1
4-ში ბავშვები სკოლებში მიდიან, სტუდენტები - ინსტიტუტებში. 9 ოქტომბერს თამაშზე დასწრება რატომ გვაქვს აკრძალული?
ლევანი
14:27 01-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული