საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს 1:0 სძლია.

შვედეთის დამარცხების შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და პირველი მომენტი მისმა გუნდმა შექმნა, როდესაც სოლო-რეიდის დაგვირგვინება ყაზაიშვილმა ვერ შეძლო. კონტრიერიშისას შომორუდოვმა გაანიავა შანსი. ამის შემდეგ ინიციატივას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. საჯარიმოში კაშიასთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ჰამრობეკოვს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, დავითაშვილს კი გოლის გატანა მეკარე იუსუპოვმა არ დაანება. სადღაც 30-ე წუთისთვის უზბეკებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, თუმცა ვერ იხეირეს და სწრაფი შეტევისას ანგარიში დავითაშვილის პასით
ვოლკოვმა თავურით გახსნა.

მეორე ტაიმი უზბეკებმა აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. სანიოლმა 61-ე წუთზე დავითაშვილისა და ყაზაიშვილის ნაცვლად შეცვლაზე ოქრიაშვილი და კვარაცხელია შეუშვა, 71-ეზე კი გვილიასა და ვოლკოვის მაგივრად - აბურჯანია და წიტაიშვილი. ორივე გუნდის მხრიდან ბევრი იყო ტექნიკური წუნი და თამაში ნაკლებად თვალსასეირო გახდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ცოტა ხანში კი მსაჯმა შეხლა-შემოხლისთვის მოედნიდან აზაროვი და საიფიევი გააძევა. შეცვლაზე შესულმა გიორბელიძემ კვარაცხელია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან კარს ოდნავ ააცილა, ხოლო მერე მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ბოლოს განიევის გასროლილი კუპატაძემ მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

მართალია, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ რაც მთავარია, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას კარგი განწყობით შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - უზბეკეთი 1:0
გოლი: ვოლკოვი (41)
გაძევება: აზაროვი (84), საიფიევი (84)

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გვილია (აბურჯანია 71), კვეკვესკირი, აზაროვი, დავითაშვილი (ოქრიაშვილი 61), ლობჟანიძე (გიორბელიძე 86), ყაზაიშვილი (კვარაცხელია 61), ვოლკოვი (წიტაიშვილი 71)

უზბეკეთი: იუსუპოვი, ჰაშიმოვი, აბდულავევი, კობილოვი, საიფიევი, ჰამრობეკოვი (იულდოშევი 46), ალიბაევი (განიევი 46), შუქუროვი, ჰამდამოვი (ერკინოვი 64), მაშარიპოვი, შომუროდოვი (სერგეევი 79)

მკითხველის კომენტარები / 25 /
ბევრჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, დავითაშვილი არის ძალიან პესპექტიული ბიჭი, თუ ასე გააგრძელა, როგორც იქნა ნაკრებში გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ცენტრში ბურთს მიიღებს და პასს პასისთვის კი არ გააკეთებს, არამედ დატრიალდება, მეურვეს მოიცილებს და თამაშს გაამწვავებს, ასეთი იყო ოქრი, ასეთია კიტე და ახლა ზურიკო, მაგარი ბიჭია, მთავარია პროგრესი არ შეწყვიტოს და მაღალ დონეზე ავიდეს. ვოლკოვის დებიუტს რაც შეეხება, მთელ საქართველოს ვულოცავ მის წარმატებულ დებიუტს. ყოჩაღ დავით.
0
სამი მოგება ზედიზედ სასიამოვნოა ნამდვილად. ამ ტაქტიკით, რომელითაც სანიოლი ათამაშებს, ფლანგებზე და სისწრაფეებზეა აქცენტი გადატანილი და შედეგი ჯერჯერობით მოქავს, მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრი ყველაზე მეტად მაწუხებს, არადა ყველა ნორმალურ გუნდში მთავარი დასაყრდენი სწორედ ნახევარდაცვაა. გვილია–კვეკვესკირი შეიძლება კანკავაზე უკეთ იჭერს ბურთს, მაგრამ ხშირია შეცდომები და კონტროლი მაინც უჭირთ. ბუნებრივიცაა, არ შეიძლება პოლონეთის ჩემპიონატის სკამის ფეხბურთელები ძლიერ ნახევარდაცვის ცენტრს ქმნიდნენ. კიტეიშვილის დაბრუნება მაგ მხრივ კარგი იქნება, მაგრამ სხვა არავინ გვყავს ვისაც შეუძლია ფლეიმეიქერის როლი შეასრულოს. ლუკა გაგნიძის იმედი მაქვს მომავალში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა. მოკლედ, საფიქრალი ბევრია.
ააას
12:19 16-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული