როგორი იყო სანიოლის 1 წელი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა - 2021 წლის 15 თებერვალს მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი...

ფრანგ მთავარ მწვრთნელს მოღვაწეობის დაწყება, სანაკრებო სპეციფიკიდან გამომდინარე, ფორსმაჟორულ ვითარებაში მოუწია - ფეხბურთელები უშუალოდ მარტის შეკრებამდე და შვედეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცნო. სტოკჰოლმში (0:1) დავმარცხდით.

"ვილი სანიოლმა დაგვანახა, რომ მისი სურვილია ნაკრებმა თანამედროვე, შემტევი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშოს. კონკურენციაც იგრძნობა, თანაც ისეთ პოზიციებზეც, მანამდე რომ ნაკლებად წარმოგვედგინა, მაგალითად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ამ ყველაფერს რაც აკლდა,
ეს შედეგით (მინიმუმ ფრე) დაწყება იყო, რაც რწმენასა და სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, გააძლიერებდა. ფრანგი მთავარი მწვრთნელის დებიუტის დადებით შინაარსს შედეგი აკლდა, რომლის შეცვლა უახლოეს დღეებშია შესაძლებელი" - ვწერდით მაშინ...

ამას ესპანეთთან საკუთარ მოედანზე მშვენიერი შეხვედრა მოჰყვა, როცა მინიმუმ, არწაგება ნამდვილად შეგვეძლო - ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ვიგებდით და "ფურია როხას" საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გავუწიეთ. საბოლოოდ - 1:2.

მეორე შეხვედრის ჩვენეული შეფასებიდან: "როგორი კმაყოფილებიც უნდა ვიყოთ საქართველოს ნაკრების, მონდომებითა და შეტევების სურვილით, ფაქტია, რომ წავაგეთ, თანაც ძალიან დასანანად და ამას აქვს თავისი მიზეზები.

პირველი გოლის დროს ხორდი ალბას, ალვარო მორატასა და სხვათა კლასმა თავისი სიტყვა თქვა. ჩვენი დაცვის ხაზი და მისი ლიდერი გურამ კაშია ამ ეპიზოდში, უბრალოდ, ჩავარდა.

ესპანელების მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი არწაგება იქნებოდა. საქმეში გადაღლილობაც ჩაერთო, მეტოქეს ვეღარ ვთავაზობდით მწვავე კონტრშეტევებსა და ზედიზედ მეორე ფრით დაზაფრული ლუის ენრიკეს გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რა თქმა უნდა, მეორე გოლის დროს გიორგი ლორიას ბრალეულობა აშკარაა, მაგრამ ფეხბურთი ინდივიდუალური სახეობა არაა, აქ შეცდომები კომპლექსურად იქნა დაშვებული. ბოლო წუთებში, როცა საერთოდ ვერ შევინარჩუნეთ ბურთი, რამენაირად ის მაინც უნდა მოგვეხერხებინა, მეტოქე მაქსიმალურად ზემოთ, თუნდაც თამაშის წესების დარღვევის ხარჯზე შეგვეჩერებინა. დარჩენილ წუთებში ყველას, განსაკუთრებით, თამაშში ახლად ჩართულ მოთამაშეებს მეტი უნდა გაეკეთებინათ.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მეორე გაშვებულ გოლამდე ცოტა ადრე გიორგი ქვილითაიაზე ჯარიმა უნდა დაფიქსირებულიყო, რითაც შესაძლოა, დასანან მარცხს გადავრჩენოდით..."


საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში ქულას (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშით მიაღწია:

"ერთხელაც აღვფრთოვანდით ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის
თამაშით. საგულისხმო იყო ისიც, რომ ისედაც ზეაქტიური კვარაცხელია დასანანად გაშვებულმა გოლმა ცოტათი გააბრაზა, მეტი იმპულსი შესძინა და წონასწორობაც მალევე აღადგინა! კიტეიშვილი ნამდვილი "საქმის მკეთებელია", ყველაფერს მსუბუქად, თავდაჯერებულად და მაღალი ხარისხით ასრულებს, თუმცა დასანანი ტრავმის შემდეგ მოედანზე 90 წუთის გატარებას ვერ ახერხებს..."

"ჯვაროსნებმა" ივნისში ამხანაგური შეხვედრები გამართა, სადაც რუმინეთი (2:1) დაამარცხა, ნიდერლანდებთან კი დიდი ანგარიშით (0:4) წავაგეთ. შედგა გიორგი მიქაუტაძის დებიუტი:

"საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია არ უთამაშია იმ ტაქტიკით, რაც რუმინეთში ვნახეთ. სანიოლის საწყისი შეხვედრები რომ გავიხსენოთ, შეტევების უმრავლესობა ბურთის გამოკვეთილ თავდამსხმელებზე ჩაკიდებით ვითარდებოდა. გუშინ წინა ხაზზე სხვა ტიპის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ვიხილეთ.

"მეცის" თავდამსხმელამდე ბურთის მიტანა ჭირდა, მაგრამ როცა ჩვენი ფეხბურთელები ამას ახერხებდნენ, მიქაუტაძე მაშინვე თამაშს ამწვავებდა. გიორგიმ კიტეიშვილის ბრწყინვალე პასი სათანადოდ შეირგო..."


"ნიდერლანდების დონის ნაკრებთან ბევრ საგოლე შანსს ნამდვილად ვერ შექმნი. ამიტომ წარმატების მთავარი ფაქტორი მომენტების მაქიმალურ რეალიზებაშია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. არადა, შანსები იყო და საბოლოო ციფრები ტაბლოზე მთლად სამართლიანად არ ენთო.

მოსაწონი იყო, რომ სტანდარტულ მდგომარეობებს დამუშავება ეტყობოდა და ამ მხრივ მეტოქისთვის მეტი ხიფათის შექმნას ვცდილობთ, რაც ადრე არ ყოფილა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ითამაშა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის ყოველთვის მიმართულია თამაშის გასამწვავებლად, კარში დასარტყმელად. ასეთი ფორვარდების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს."


ვილი სანიოლს სექტემბერი პირწმინდად ჩაუვარდა. კოსოვოს ნაკრებთან (ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე და გიორგი წიტაიშვილის დებიუტით) საშინაო (0:1) მარცხის შემდეგ sportall.ge წერდა:

"როგორი ოპტიმისტებიც უნდა ვიყოთ, ფაქტია - ისევ გვიჭირს იმ მატჩებში ინიციატივის აღება, სადაც მოგება დაგეგმილი გვაქვს და თითქოს ეს არც ჩვენს ძალებს აღემატება.

ესპანეთთან საშინაო მატჩში ჩვენმა ნაკრებმა არაფერი დააკლო, მუხტი და ენერგია იგრძნობოდა, კოსოვოსთან მარცხმა კი, თამაშის სცენარიდან და არა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული ფინალი გაგვახსენა - მეტოქემ ფაქტობრივად არაფერი შეგვაქმნევინა, თვითონ კი თავისი თამაში სწორად ააგო, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა."

ამას სტუმრად, ესპანეთის ნაკრებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა და უშანსო (0:4) მარცხი მოჰყვა:

"გვესმის, საკადრო რესურსი შეზღუდულია, სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა იმ დონის არაა, მისმა ამდენმა წევრმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად თანაბრად ითამაშოს. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის კი საკლუბო პრაქტიკის ნაკლებობას სერიოზული დაღი დაუსვამს. ჩვენ ირგვლივ ეს დილემა სულ იქნება - ვინ მეტად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს? თანაც, ქართველი მოთამაშეების არასტაბილურობაც გასაოცარია - ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე იმხელა რეგრესი აქვთ, იშვიათად კი პირიქით - პროგრესირებენ კიდეც.

ძალიან რთულია მთავარ მწვრთნელს ყველაფერი თავზე გადაატეხო, როცა არ გყავს ფლანგელი, რომელიც დაცვაშიც საიმედო იქნება და შეუტევს კიდეც; მინიმუმ, ერთ-ერთს მაინც ბოლომდე წარმატებით გააკეთებს. როცა ნახევარდაცვა (გასაგებია, ესპანეთის ნაკრებთან) ვერც ბურთის ჩაჭრას, თუნდაც ჯარიმის ხარჯზე მოწინააღმდეგის შეჩერებას ვერ ახერხებს; ის, რომ 2 პასის გადაბმაც გვიჭირდა და ბურთის ქაოსის გარეშე ამოტანა პრობლემური იყო, ეს მარტივად აღიქმებოდა...

რა თქმა უნდა, კოსოვოს წინააღმდეგ ის ძალიან ცუდი მატჩი რომ არა, ამდენი ნეგატივი იქნებ ესპანეთთან მარცხსაც არ მოჰყოლოდა, მაგრამ გულდასაწყვეტი სწორედ ისაა, რასაც დასაწყისში შევეხეთ - სად გაქრა სანიოლის მცდელობები, თანამედროვე ფეხბურთი გვეთამაშა და ყველა მეტოქესთან ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა?! არ გვინდა დავიჯეროთ, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ შეცდომაში შეგვიყვანა...

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება, შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე..."

ოფიციალურ შეხვედრაში ოქტომბერშიც დავმარცხდით, ისევ ბათუმში, ამჯერად (0:2) საბერძნეთთან:

"ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.

სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი - მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება - ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში ვხედავდით."

ამის შემდეგ ვილი სანიოლისგან ტაქტიკური ცვლილებები ვიხილეთ, რამაც გაამართლა და  კოსოვოს ნაკრებს სტუმრად (2:1) ვაჯობეთ:

"კოსოვოსთან მატჩამდეც ვწერდით, სანიოლის ნაკრები შეტევაში ერთფეროვანი რომ იყო და თურმე, მეტი შეგვძლებია. მიუხედავად იმისა, რომ გრანდს არ ვხვდებოდით, ეს ფაქტი მაინც სასიამოვნოა.

წიტაიშვილი-ოქრიაშვილის წყვილით შეტევა რაღაც განსხვავებული ფორმაცია იყო, რომლის მსგავსიც ჩვენს ნაკრებში იშვიათად გვინახავს. ქართველი ფეხბურთელები პოზიციებსაც ეფექტურად ცვლიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაია აქტიურად შემოვიდა - მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების შემდეგ ბურთი გვრჩებოდა და იერიშებს ვაგრძელებდით.

თუკი პირველ ტაიმში მეტოქე მარცხენა ფლანგიდან აქტიურად გვიტევდა, მეორე 45 წუთში სიტუაცია შეიცვალა - ოთარ კაკაბაძე გაცილებით დამაჯერებელი იყო. თანაც, ადგილი აქაც ტაქტიკურ სიახლეს ჰქონდა. გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანის შემდეგ დასვენებული მოთამაშით მარჯვენა ფლანგი დაცვით ფაზაში გაცილებით საიმედო გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ საბა ლობჟანიძემ დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, განსწავლულობის თვალსაზრისით, ეს სანიოლის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, რითაც ამდენი ნეგატივის შემდეგ შვებით ამოისუნთქავდა. შვედეთთან შესარჩევის უკანასკნელმა დაპირისპირებამ ბევრი რამ უნდა თქვას..."


შესარჩევი ეტაპი ნოემბერში, შვედეთთან ერთგვარად ისტორიული (2:0) გამარჯვებით  დავასრულეთ: 

"სამწუხაროდ, ისე ხდება, როცა გუნდი წარმატებას ვერ აღწევს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ხელს ლეგიონერების სუსტ კლუბებზე, სათამაშო დროის დეფიციტსა თუ მეტოქეთა რიგებში უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებისკენ იშვერენ. ყბადაღებული ტერმინი "მესი არ გვყავს" - სამწუხაროდ, სანიოლისგანაც მოვისმინეთ.

ფაქტია, შევძელით და საკმაოდ კარგად აწყობილი, დაბალანსებული და ვარსკვლავებით მოთამაშე შვედეთის ნაკრები დავამარცხეთ. ასე რომ, წაგების მიზეზების სხვებში ძიება არასდროს უნდა მოხდეს. თუმცა, გასაგებია, ზოგჯერ ემოციები გვჯობნიან. საკუთარი გუნდი შეგიძლია გააკრიტიკო, თუმცა, თუკი მისი რწმენა არ გაქვს, სხვა დეტალებზე მსჯელობა აზრს კარგავს."


2021 წლის უკანასკნელ შეხვედრაში, გორში უზბეკეთს (1:0) მოვუგეთ:

"უზბეკეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, "ჯვაროსნებს" მეტოქის პრესინგისთვის თავის დაღწევა ისევ უჭირდა. გარდა ამისა, რგოლებს შორის კავშირი და შეტევების დაცვიდან ორგანიზებაზე უფრო სერიოზული მუშაობაა საჭირო. იყო ეპიზოდები, როცა შვედეთთან დაპირისპირებაში დაღლილი ჩვენი ნახევარდაცვა მეტოქის მოძრაობას ვერ უმკლავდებოდა, შემდეგ კი გურამ კაშიას მაღალი სათამაშო კლასი თავის სიტყვას ამბობდა. ნაკრების კაპიტანმა ამოსუნთქვის საშუალება არც "რომას" შემტევ შომურადოვს მისცა."

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ივნისიდან ჩაერთვება, მანამდე კი, მარტში, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

altრას მოგვცემს ამხანაგური მატჩები? - რაზეც სანიოლი იფიქრებს

altსაქართველოს ნაკრების დატვირთული წელი - ვის შეუძლია გაგვაძლიეროს?

altრა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები

altდამაფიქრებელი გამარჯვება - რატომ არ შეგვიძლია სტაბილურად?!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბურთის ამოტანა არ არის მთავარი გააჩნია მეტოქე როგორი გყავს,ბურთს გიბრალტართან კარგად ამოიტან მაგრამ სხვა ძლიერი გუნდი ამის საშუალებას ადვილად არ მოგცემს რადგან პრესინგს შემოგთავაზებს,საერთოდ დეღევანდელ ფეხბურთში ნახევარდაცვას დიდი როლი აქ თამაშის დროს,ნახევარდაცვა უნდა აკონტროლებდეს ბურთს და თავისუფალ სივრცეებს უნდა ეძებდეს მოედანზე მუდმივად, ამას ენერგია და ბევრი მოძრაობა ჭირდება,ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები იმედია კარგ ფორმაში შევლენ და საქართველოს ნაკრებს ამის გაკეთება შეუძლია,საქართველოს ნაკრები ყველა თამაშში უნდა ცდილობდეს ბურთის კონტროლს,არ ვგულისხმობ მეტოქე თუ ესპანეთი ან არგენტინა თუ საფრანგეთი იქნება ამ შემთხვევაში ბურთს არავინ მოგვცემს ჩვენ თუმცა აქაც უნდა ეცადოს ნაკრებმა თავისი თამაში ითამაშოს,კიდევ ერთი სწრაფი გამქცევი ფეხბურთელები ფლანგებზე როგორც იქნა გამოჩნდნენ ესეც უნდა გამოიყენონ ყველა თამაშში,საერთოდ გუნდს თავისი ხელწერა და თამაშის სტილი უნდა ქონდეს იმედია სანიოლი ამ ყველაფერს დაალაგებს. ჯერჯერობით კი ეს ყველაფერი დასალაგებელი აქ სანიოლის.
qomagi
15:34 16-02-2022
1
ეს ვერ გავიგე რა, ბურთის ამოტანა გვიჭირს რას ჰქვია, ბურთის ამოტანა და პრესინგთან გამკლავებაა სწორედ კლასის მაჩვენებელი, არა გვყავს კიტეს გარდა ის ხალხი, ვინც ბურთს კარგად ამოიტანს, თორემ თუ ამოიტანე, მერე მინიმუმ მწვავე შეტევა ხელში გიჭირავს, ამას მაღალი კლასი სჭირდება, იმედია აიმაღლებენ ბიჭები კლასს და ამოტანაც აღარ იქნება პრობლემა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული