„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად გაგრძელდა, ალბანეთს მამარდაშვილის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რომელთაც ძალიან სახიფათოს ვერ უწოდებდი. 56-ე წუთზე ყაზაიშვილმა თავად შექმნა კარგი მომენტი, თუმცა მიზანს ვერ უწია. შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. შეცვლაზე აქტიურად შესული ჩიკალეში კვაკვესკირს გასცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მერე ასევე შეცვლაზე შესულმა ვრიონმა გაუშვა შანსი. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა - კვეკვესკირის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში ჩაბრაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 78-ე წუთზე ასლანს გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და 0:0.
რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს არაოპტიმალური შემადგენლობით საუკეთესო ფეხბურთი, მეტადრე შეტევაში, არ უჩვენებია, თუმცა საკმაოდ ძლიერ ალბანეთთან სტუმრად გოლი არ გაუშვა, ფრეს მიაღწია და ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია. თანაც, სანიოლმა თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა და დაინახა, ვინაა სანაკრებოდ მზად და ვინ - არა.
ტირანა. „ეარ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:0
ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში (ლენიანი 77), ჰისაი, ასლანი, რამადანი (ჯასულა 66), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ბროია (ჩიკალეში 46), მანაი (ვრიონი 66)
საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია (კობახიძე 66), ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 84), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76), წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 84)