საუკეთესო სანიოლი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ბულგარეთი-საქართველოს (2:5) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

Sportall.Ge

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, რითაც გოლისგან გვიხსნა და ხიფათს კარიდან გამოსვლითა და მეტოქისთვის ფეხებში ჩავარდნითაც აგვარიდა. გაშვებულ გოლებში გიორგის ბრალეულობა არ ყოფილა.

მთავარი პრობლემა, რაც "ანორთოსისის" კიპერს ჰქონდა, თამაშში ბურთი ხშირად არაზუსტად შეჰყავდა.

საბა კვირკველია (6.5) - გამოცდილმა მცველმა თამაში ენერგიულად დაიწყო - მასპინძლებს შორის ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულ დესპოდოვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მაღალი კლასის დემონსტრირებას ავლენდა და მოწინააღმდეგეს ფლანგი შეაცვლევინა.

ამის
შემდეგ საბამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, ერთგან გოლი გავუშვით, მეორედ კი  ლორიამ გადაგვარჩინა.

გურამ კაშია (6.5) - კაპიტანს, რომლის გარეშეც საქართველოს ნაკრების დაცვის წარმოდგენა რთულია, კარგი მატჩი არ გამოუვიდა. ცენტრალური მცველები შეცდომებს უშვებდნენ, განსაკუთრებით, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ორივე გოლი ასე გავუშვით.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ცენტრალურ მცველებს შორის "კოპენჰაგენის" ფეხბურთელს ყველაზე ნაკლები შეცდომა ჰქონდა. ერთხელ საკუთარ კართან ბურთი დაკარგა და  ხიფათი შეიქმნა. მეორე გოლის დროს, ასხლეტილი ბურთისას, გუნდის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - ოთარი მისთვის უფრო ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. ვილი სანიოლის გუნდი, ძირითადად, კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კაკაბაძე თანაგუნდელებთან შეტევაში კარგად კომბინირებდა, მისი ფლანგიდან კი დაცვაში ნაკლები პრობლემა შეიქმნა.

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - ნიკა ბევრს მუშაობდა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში. როცა მეტოქე პრესინგს აძლიერებდა, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას უჭირდა. კვეკვესკირს "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ძელს მოარტყა.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია (8.0) - "აბუს" კარგი სანაკრებო მატჩები აქვს. ბულგარეთში მან ნახევარდაცვაში ბევრი საქმე გასწია, ამავდროულად კი, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად იყენებდა. გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე აღმოჩნდა, თუმცა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ბუდუ ზივზივაძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა.

ირაკლი აზაროვი (8.5) - ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა მონაწილეობა თითქმის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო, მისი გოლი კი, საბოლოოდ, ავტოგოლად გაფორმდა.

შეტევაში თამაში მართლაც ბრწყინვალე იყო, თუმცა ირაკლის დაცვით ფუნქციებში შეცდომები ჰქონდა - ბურთიც დაკარგა და მეტოქეს პირველი გოლისას ჩაწოდების საშუალება მისცა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - დავითაშვილის თამაში აღფრთოვანებას იწვევს. ჯერ კვარაცხელიას ბრწყინვალე პასი ოსტატურად გამოიყენა, შემდეგ კი, მთელი თამაშის განმავლობაში, უამრავი სამუშაო შეასრულა როგორც შეტევის გამწვავების, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლის კუთხით. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელს ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება და მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - "კვარამ" კიდევ ერთი თამაშის ბედი გადაწყვიტა - პირველი ორი გოლი მისი დიდი ძალისხმევით გავიდა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე გაიტანა და ბულგარელთა იმედები დაასამარა. ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ბურთი მშვენივრად აართვა და შეტევა თავად წამოიწყო.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრებს ასეთი ცივსისხლიანი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არ ჰყოლია. როცა მეტოქემ ანგარიში შეგვიმცირა, ბუდუს მესამე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. იმ ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე დაფიქსირდა, ზივზივაძემ მეტოქის კარი მშვენიერ სტილში აიღო.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - თუკი წინა მატჩში, გარკვეულ ეპიზოდებში, გიორგის ზედმეტი ინდივიდუალიზმი დავუწუნეთ, ახლა მან ბრწყინვალედ იმოქმედა და ყაზაიშვილს გაატანინა. "ჟორჟი" ძალიან აქტიური და მონდომებული იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.5) - უკვე მეორე შეხვედრაა, ყაზაიშვილი მოედანზე შემოდის, აქტიურობს, საჭირო ადგილას ჩნდება და ერთი მოძრაობით მეტოქის კარს იღებს. როგორც ჩანს, ის სანიოლს კვარაცხელიას მშვენიერ შემცვლელად წარმოუდგენია - ხვიჩას, დაახლოებით, ერთი საათი ეძლევა, დანარჩენი ნახევარი კი - ვაკოს, რასაც ის მშვენივრად იყენებს.

ლადო მამუჩაშვილი (6.5) - ბათუმის "დინამოელი" შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედნიდან გასული ოთარ კაკაბაძის პოზიცია დაიკავა. სწორედ მამუჩაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა მეორე პენალტი ბულგარელთა კარში.

ვაკო გვილია (6.5) - სანიოლს ყველა შეცვლა გამოუვიდა, თამაშიდან არცერთი ახალი ფეხბურთელი არ ამოვარდნილა. გვილიამ მინდვრის ცენტრში ახალი ენერგია შეიტანა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, ბურთთან ურთიერთობა რა კარგად გამოსდის. ჩრდ. მაკედონიაში სასტარტოში ველით.

ვილი სანიოლი (10) - პირველად ჩვენი შეფასებების ისტორიაში, ვილი სანიოლმა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

მწვრთნელის შეფასება ჯერ შემადგენლობის შერჩევით იწყება. ვილიმ გარისკა და წინა შეხვედრის გმირი საბა ლობჟანიძე სასტარტოში არ გაამწესა. როტაციამ გაამართლა - საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია.

მეტოქე მაქსიმალურად შესწავლილი იყო და ფრანგმა დამრიგებელმა ბულგარელი ვიზავი პირწმინდად დაჯაბნა. სანიოლმა სექტემბრის ცუდი თამაშებიდან (მათ შორის, ბულგარეთში) ბევრი ისწავლა და ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებსა თუ ხასიათს კარგად იცნობს.

ცვლილებები - კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც სანიოლის ყველა გადაწყვეტილებამ გააამართლა. განსაკუთრებით ეს მიქაუტაძე-ყაზაიშვილის შემოსვლას ეხება.

ძალიან მოგვწონს ის ურთიერთობებიც, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ვხედავთ. იმედია, ჩრდ. მაკედონიაშიც ასევე გაგრძელდება.

altკომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...

alt"ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

მკითხველის კომენტარები / 23 /
სანიოლი უდავოდ შესანიშნავი მწრთვნელია, მაგრამ გული მიგრძნობს რომ ჩვენი გუნდი მასაც ისე მწარედ გააოცებს როგორც ჩვენებს ჩვევიათ ხოლმე. ღმერთმა ქნას და არ ვიყო მართალი, მაგრამ არასტაბილურობა არის ის ავადმყოფობა რაც ჩვენს ნაკრებს ახასიათებს უკვე მრავალი წერლის , თორე ამაზე მაგარ გუნდებთან საამაყო მატჩების შემდეგ ბევრჯერ გვინახავს ის რაც გვინახავს. ასე რომ ……. ვნახოთ.
zaza
00:16 08-06-2022
5
რა წაიᲦეᲗ ტვინი ქება დიდებიᲗ...ბულგარეᲗი Ჩვენზე სუსტი აᲦმოᲩნდა და მოვიგეᲗ..კიდო ორჯერ პრესინგის დროს ბურᲗი ვერ გამოვიტანეᲗ და ორი გოლი მივიᲦეᲗ....
ნაᲗქვამია.... ᲫაᲦლი ქებაᲨი წახდაო....
ზომიერად ყველაფერი ᲨეიᲫლება....დაკვირვებული ვარ როცა კარგად იᲗამაᲨებენ და საქებარი ტექსტები იწერება ჯადოსავიᲗ ედებაᲗ Შემდეგ ᲗამაᲨზე და Ძაან მეᲨინია ამის...გამოცდილება დიდია...
მოქალაქე
21:26 07-06-2022
11

სიახლეები პოპულარული