ადრეც აღვნიშნე, "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოდის იმ შესაძლებლობებიდან, რაც გააჩნია და
უმეტესად სანიოლის სტრატეგია კონტრიერიშებზეა აგებული, ხოლო ტაქტიკა პრაქტიკულად 7-2-1-ია და არა 3-4-2-1. ეს ბუნებრივია "კარგი ცხოვრებით" არაა გამოწვეული. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.36 გოლს უშვებენ. კარგია ლამაზად მოპოვებული გამარჯვებები, მაგრამ ბაბაც რომ გვინდა და ჩიჩიც, ეგრე არ გამოდის. ამაზე ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, მამრმა დათვმა მდედრი დათვი იშოვა და დაიწუნა - ბანჯგვლიანიაო (სინამდვილეში როგორცაა ნათქვამი, გასაგებ მიზეზთა გამო ვერ გადმოგცემთ, თავადაც გეცოდინებათ). სანიოლს დაცვითი სისტემის გამო კრიტიკოსები გამოუჩნდნენ და ნაკრების პროგრესის მიუხედავად, უკვე მის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი. არის მცირე და ამავ დროს სოციალურ ქსელებში ერთობ აქტიური ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკურ შემადგენელად მოვიხსენიებთ ხოლმე და რომელიც მუდამ უკმაყოფილოა. გავიმეორებ, ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებული რესურსიდან გამოდის და შედეგს აღწევს, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. ან გასასამართლებელი რა სჭირს?
ახლა ორიოდ სიტყვით კონკრეტულად გიბრალტართან ჩაგდებულ მატჩზე. მიზეზი? ხანდახან ხდება, როცა მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებ, სათამაშოდ ბოლომდე ვერ განეწყობი, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდები, უკვე გვიანია და სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პლუს ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ჯგუფი მოგებული ჰქონდათ, მათზე ხანგრძლივმა მგზავრობებმაც იმოქმედა და ხელოვნურსაფარიანმა მოედანმაც, სადაც ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია. 2:0-ზე დაწინაურებულებმა ჩათვალეს, რომ საქმე მოუთავეს და კინაღამ დავისაჯეთ. მეტოქემ ერთი გოლი გაგვიტანა და მსაჯს შეეძლო ჩვენს კარში პენალტი დაენიშნა, როდესაც საჯარიმოში ბურთი ხელზე ოთარ კაკაბაძეს მოხვდა. თერთმეტმეტრიანი რომ დაედო, დიდად ვერც მოედავებოდი. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მოხდა 2019 წლის 15 ოქტომბერს. მაშინ გიბრალტარს გიორგი ქვილითაიას მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად 3:2 ძლივს მოვუგეთ. მოკლედ, ამ ნახევრადსამოყვარულო გუნდთან ქულების დაკარგვას ისევ გადავურჩით.
მნიშვნელოვანია რამდენად კვალიფიციურ შევსებას მიიღებს პრობლემურ პოზიციებზე სანიოლი უახლოეს მომავალში. ვთქვათ სიმართლე, შემადგენლობის შერჩევისას დიდი არჩევანი არ გააჩნია, სუბიექტურიც არ გახლავთ და ამბობს, რომ მისი გეგმა არ არის ყველას თანაბარი სათამაშო დრო მისცეს, მიზანია დააყენოს გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. საბედნიეროდ გამოჩნდა რიგი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და პერსპექტივაც. ამ ეტაპზე ერთადერთი ვის დამატებას და შანსის მიცემას ვისურვებდი, "საბურთალოს" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილია. ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გარჯა და არაორდინალური მოქმედებებითაც გამოირჩევა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება. გვაქვს კი მათთან შანსი? უთუოდ გვაქვს. მეტიც, ჩემი აზრით, ძლიერებთან უკეთ ითამაშებენ, ვინაიდან კიდევ უფრო მოტივირებული და მობილიზებულები იქნებიან. ჩვენი დაცვითი ბარიერების გადალახვა ადვილი არავისთვის არ იქნება, მეკარეებიც მაღალი დონისა გვყავს და შესანიშნავი შემტევებიც. თანაც, სანიოლმა გუნდი შეკრა, ფეხბურთელები შეთამაშებული არიან, გამოცდილებაც მიიღეს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე ნომრად, კონტრშეტევაზე თამაში უფრო ეხერხებათ. ყოველ შემთხვევაში, "ჯვაროსნები" საჩუქარი არავისთვის არ იქნება.
მიმომხილველი
რაც შეეხება სანიოლის, ჯერ მაინტერესებს კრიტიკაც ლანძღვად ითვლება? მაშინ არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ სანიოლის წასვლა არ მინდა. ვთვლი რომ რისკიანი მწვრთნელია, სწორად მოიფიქრა დაცვის გაძლიერება (ნუ კვარა ყავს კარგ ფორმაში და ამან გაუადვილა) სამი ცენტრით, სამაგიეოდ განაპირებს (მცველს დავარქმევთ თუ ნახევარმცველს) მთელი ფლანგი მისცა. 2 ფაქტიური ჩამშლელი და წინ სამ კაცს აძლევს უფლებას შემოქმედებითად ითამაშონ. მაგრამ ამ ტაქტიკამ ვერ იმუშავა მაკედონიასთან, უფრო სწორად ვერ იმუშავა როცა მოწინააღმდეგე მაღალ პრესინგს გვეთამაშება. თამაშის ბედი ინდივიდუალურმა მოქმედებებმა გადაწყვიტეს. თვითონ თქვა ამ ტაქტიკას არ ველოდიო. რა ვქნათ არ ვთქვათ? უნდა ვთქვათ და კეთილი ინებოს და იმუშაოს ამ საკითხის გადასაწყვეტად. ევროპის შესარჩევზე მაკედონიაზე უფრო ძლიერი გუნდები გვეთამაშება მაღალ პრესინგს. ცენტრის მოთამაშეები უნდა მოიძებნოს, ჩაშლასთან ერთად თამაშის ორგანიზაციის უნარის მქონენი.
პ.ს. ისე ამ ტაქტიკით ქეცბაიაც თამაშობდა. მასაც არ ყავდა ორგანიზატორები და არ ყავდა კვარა, თორე ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა.
ამ ფონზე იმედი მაქვს სხვებიც მოუმატებენ , აშკარად ჩანს ჯაბას ნაირი ფეხბურთელის ნაკლებობა და რა თქმა უნდა შემტევის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა!!
მავრამ მაინც დიდი იმედი მაქვს ხვიჩას თაობაზე (მამარდა, კიტე და ჩაკვესი)
რა პრეტენზია უნდა წაუყენო სანიოლს უბრალოდ გაუგებარია.
რა კონტიგენტიც ყავს იმ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს.
ვინ ყავს? ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი? და არ გამოიძახა და არ ათამაშა?
თუ ზოგს რა გონია? მწვრთნელუს მოვალეობაა ვარსკვლავები დაბადოს და გააჩინოს?