0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ცოტაოდენ შორიდან ხომ არ მოვუაროთ საკითხს?
ეგრეთწოდებულ ეროვნულ ჩემპიონატს რომ გადავავლოთ თვალი და "დილა"-"დინამო" 2:3 მაიმუნობა, ან "საბურთალო 2"-ის ფინალისტობა, ან ქუთაისი "ტორპედოს"-თვის უკვე ფაქტიურად მიცემული თასი და ამით ევროტურნირზე მონაწილეობა (ისიც მხოლოდ იმისთვის რომ უეფასგან პრემიალური მიიღონ გარანტირებულად და მეორე წრეს ვერც უწიონ), ჩემპიონატის ბოლო ტურებში ლიდერების მიერ სინქრონში ქულების დაკარგვა, დაბალ ლიგებში მსაჯების სრული განუკითხაობა, ასაკობრივ ნაკრებებში გამეფებული ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი, ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილი, მუჯირი, იაშვილი (არ გაიშვა მაგათი მენეჯერობა), ეროვნულში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები ხიზანშვილი და დვალიშვილი (არ გაიშვა მაგათი მწვრთნელობა).
ეხლა ამიხსენით, რა ჯადოსნობის (კვარა, ჩაკვე) ხარჯზე უნდა მიაღწიოს ქართულმა ფეხბურთმა წარმატებას? სისტემურად რამეს ვაკეთებთ სწორად, ან ვინმეს თუ აინტერესებს საქმის სწორად კეთება? არა, აქ მხოლოდ ფულის კეთება და თანამდებობაზე ყოფნაა მიზანი. ქართული საფეხბურთო სამყარო მექსიკურ/კოლუმბიური ნარკოკარტელივით ჩაკეტილი მოჯადოებული წრეა და ამ წრის გარღვევა უახლოეს მომავალში შეუძლებელი ჩანს სამწუხაროდ.
ირაკლი
18:06 18-11-2022
1
ბურთის პირველად ნახეს და მოედანიც
simartle
18:05 18-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული