საქართველოს ნაკრები - ფორმაში (არ)მყოფები, ტრავმირებულები და რესურსი

AutoSharing Option
მარტი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ვილი სანიოლის რჩეულები გვეცოდინება, რომლებიც ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი შეხვედრისთვის მოემზადებიან, მანამდე კი მონღოლეთსაც გაეჯიბრებიან. როგორც ამხანაგური, ასევე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი ბათუმში (25 და 28 მარტს) ჩატარდება. 

Sportall.Ge

ჯერჯერობით არ ვიცით ფეხბურთელთა რაოდენობა, რამდენსაც ფრანგი მთავარი მწვრთნელი დაეყრდნობა, თუმცა მსჯელობა შეგვიძლია. Sportall.ge სანაკრებო ანალიტიკას მეტი ინტენსივობით შემოგთავაზებთ.

ვისი სათამაშო ფორმა მოგვწონს?

მართალია, ნაკრებში ისინი უნდა ვიხილოთ, ვინც იმ მომემტში უკეთეს ფორმაშია, თუმცა ისეთი შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, გამონაკლისები
მაინც არსებობს. ზოგჯერ წინა პლანზე გამოცდილება, საჭიროება ან კონკურენციის დაბალი ხარისხი გამოდის. ამ თემის შესახებ მთავარ მწვრთნელსაც უმსჯელია. იდეალურია, როცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები კარგ სათამაშო კონდიციებში არიან.

Sportall.Ge

კარიდან დავიწყოთ. გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროს "ვალენსიას" ლამის ერთადერთი ნათელი წერტილია. აუტსაიდერად ქცეულ გუნდს ის მაქსიმალურად ეხმარება, თავი გადაირჩინოს და წინსვლაზე იფიქროს. "მამარდას" "ჯვაროსნებშიც" ასე ველით. შესარჩევი ეტაპის პირველ დაპირისპირებაში, წესითა და რიგით, ის უნდა ვიხილოთ, ივნისში კი დიდია იმის ალბათობა, გიორგიმ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშოს. 

მაინც გამოკვეთილი ჩანს ის სამეული, რომელსაც სანიოლი დაცვაში უნდა დაეყრდნოს. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ კაპიტან გურამ კაშიას სათამაშო დროის პრობლემა არ აქვს. 35 წლის უკანახაზელის კლასი, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება ძალიან გვჭირდება. 

Sportall.Ge

აზერბაიჯანის ჩემპიონატში საბა კვირკველიას "ნეფთჩი" ბოლო დროს კარგ ფორმაშია და უკანასკნელ 5 შეხვედრაში საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო. ქართველი ლეგიონერი მუდმივად თამაშობს და 5 თებერვლს სეზონში მეორე გოლი გაიტანა. აქაური დონე გასაგებია, თუმცა კვირკველია ძალიან გამოცდილია და სანაკრებო მატჩების, მათ შორის, ერლინ ჰოლანთან დაპირისპირების, მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლია.

დანიის ჩემპიონატი განახლდა და დავით ხოჭოლავა კვლავ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მართალია, მისი "კოპენჰაგენი" ლიდერ "ნორდსაილენდს" 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა წინ დიდი დროა. 

ვვარაუდობთ, რომ ნორვეგიელთა წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძეს ვნახავთ, თუმცა მონღოლეთთან მატჩი ფრანგ დამრიგებელს დასკვნების უკეთ გამოტანის საშუალებას მისცემს. 27 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო საკმაოდ გაუცდა, ახლა კი ფორმას იბრუნებს და გაიტანა კიდეც, რაც პერიოდულად მშვენივრად გამოსდის.

Sportall.Ge

თუკი ქართველ ნახევარმცველებზე კრიტიკა ხშირად ისმის, ახლა გიორგი აბურჯანიაზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველა შეხვედრაში 90 წუთს თამაშობს, რაც ადრე მისთვის პრობლემად იყო ქცეული, მისი "ჟილ ვისენტე" კი მიმდინარე წელს წარმატებულია და ბოლოს "პორტუს" დამარცხებაც კი მოახერხა. 28 წლის ნახევარმცველს და მის თანაგუნდელებს მარტინ ოდეგორის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა ელით.

Sportall.Ge

გვახარებს გიორგი მიქაუტაძის შედეგიანობა და იმედი გვაქვს, ამას ნაკრების მაისურითაც შეძლებს. "მეცის" ფორვარდს მიმდინარე საზონში 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

როცა ფორმაში მყოფებზე ვწერთ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ზედმეტი საუბარი საჭირო სულაც არაა - მის თამაშს მთელი ქვეყანა დეტალურად აკვირდება. "კვარა" თავის სიტყვას ნორვეგიელებთანაც იტყვის, თუმცა საჭიროა, თანაგუნდელებმა ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.

სად გვჭირდება მეტი?

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მარცხენა ფლანგზე სერიოზული კონკურენცია იყო, რაც ახლა შეიცვალა. გურამ გიორბელიძე ეროვნულ ლიგაში ახლახან დაბრუნდა და ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. 21 წლის ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" სერბეთში დიდი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა ჩვენებურის პოტენციალი რომ ვიცით, მისგან მეტს ველით, ვიდრე დღეს თამაშობს.

Sportall.Ge

სანიოლი ხსენებულ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილსაც ეყრდნობა, მას კი პოლონურ "ლეხში" ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. გიორგი ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად კარგად კომბინირებს და სავარაუდოდ, ამ ვარიანტზე სამწვრთნელო შტაბი ბევრს იფიქრებს. დიდი სათამაშო დრო არც ამ გუნდის მეორე ქართველს და ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, საყრდენ ნახევარმცველს, ნიკა კვეკვესკირს აქვს. იმედია, დარჩენილ დროში ისინი მეტად დაიტვირთებიან და "ჯვაროსნების" რიგებშიც პროდუქტიულებს ვნახავთ.

როცა მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეზე ვწერთ, უნდა მივუთითოთ, რომ საბა ლობჟანიძეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო კლუბის შეცვლა, დიდი პაუზა და სხვა პრობლემები გადახდა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი დონეცკის "შახტარის" რიგებში ახლა იწყებს და მას გარკვეული დრო სჭირდება. ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის შემდეგ განაცხადში მხოლოდ ახლა ვნახეთ და მასზეც მსგავსს ვიტყოდით.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი სეზონის განმავლობაში კარგ ფორმაში იყვნენ, ბოლო დროს კი მეტი მოეთხოვებათ. ზურიკოს 2023 წელს არ გაუტანია და ძველებურად მწვავეს ვეღარ ვხედავთ. ის საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და საჭირო მოთამაშეა. რაც შეეხება "ჩაკვეს", კარგია, რომ სტაბილურად თამაშს ახერხებს და ლამაზი ეპიზოდები გვაჩუქა. ახლა ვლადიმირ ვაისის "სლოვანი" ცუდ ფორმაშია, უკანასკნელ 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. მალე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იქნება და იმედია, გიორგი ნაკრებს ფორმის პიკზე შეუერთდება.

Sportall.Ge

ტრავმებს უნდა ავცდეთ!..

ყოველთვის ამაზე ვფიქრობთ, ტრავმიანობას ავცდეთ, თუმცა ეს მარტივად მისაღწევი არაა. ოთარ კიტეიშვილი კვლავ ლაზარეთშია და მისი დაბრუნება ჩვენს შუა ხაზს ძალიან სჭირდება. როცა "კიტე" ფორმაშია, მისი შეჩერება რთულია.

ბუდუ ზივზივაძემ კლუბი გამოიცვალა, გერმანიაში ("კარლსრუე") გადაბარგდა და ტრავმის შემდეგ ვარჯიშიც განაახლა, თუმცა ის დაზიანების შემდეგ მინდორზე არ გვინახავს და ჯერჯერობით მაინც ამ სტატუსით განვიხილავთ. ბუდუ ნაკრებს ძალიან სჭირდება.

ტრავმა აქვს გიორგი ლორიასაც. მამარდაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება ამ რგოლში პრობლემაზე არ ვფიქრობთ, თუმცა გამოცდილი კიპერი გუნდის შიდა ატმოსფეროს ძალიან სჭირდება.

იმედია, ტრავმიანების სია არათუ არ გაიზრდება, შემცირდება.

ვისით გაძლიერდება სანიოლი?

ნორვეგიასთან მატჩის მნიშვნელობა გასაგებია, თუმცა ამხანაგური მატჩი იმისთვისაა, გარკვეული სიახლეები იყოს, თუმცა უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ექსპერიმენტები შეზღუდული იქნება.

მეკარეების საკითხს რაც შეეხება, ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანში სტაბილურია, ეროვნული ლიგიდან კი გამოძახების ყველაზე დიდი შანსი მაინც "სამგურალის" მეკარეს, ლევან შოვნაძეს ექნება.

Sportall.Ge

დაცვაში მოსკოვის "დინამოელი" საბა საზონოვის დებიუტი უკვე ვნახეთ. ის ზაფხულში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უნდა იყოს და ახლა ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენ თუ არა, რთული სათქმელია.

უკანასკნელ ამხანაგურ მატში (მაროკოსთან 0:3) გარკვეული პაუზის შემდეგ ნახევარმცველი ლევან შენგელიაც ("პანეტოლიკოსი", საბერძნეთი) ვიხილეთ. ამ რგოლში ახალი მოთამაშეების ხილვაცაა მოსალოდნელი.

როცა ზივზივაძის პრობლემაზე ვწერთ, ეს შეტევაში ახალი ფეხბურთელების მოსინჯვასაც ნიშნავს. ბექა მიქელთაძეს ავსტრალიაში ისევ გააქვს. ის ერთხელ უკვე იყო სანიოლის სიაში, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. საინტერესოა, ახლახან განახლებული ეროვნული ლიგიდან ფრანგი სპეციალისტი ვინმეს ხომ არ დაეყრდნობა.

ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა. შემადგენლობის გამოცხადებას, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, 10 მარტისთვის ველით და შემდეგ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება.

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

altმიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

altჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯაბა კანკავა თუ ფორმაშია უნდა ვთხოვოთ დაბრუნდეს ნაკრებში და სამი მცველის წინ ითამაშოს. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება როგორც პიროვნება, სპორტსმენი და ჩამშლელი!
aburjga
11:30 01-03-2023
7
ლუკა გაგნიძეს დროა ნელნელა მიეცეს ნაკრებში ადაპტაციის საშუალება. მისი თამაში არ მინახავს მაგრამ ორი ფაქტორით შემიძლია ვიმსჯელო რომ ასეთუ ტიპის საყრდენი ჰაერივით გვჭირდება (ტექნიკური, მაგარი პასებით და კაცის მოტყუება რომ შეუძლია)
1. იუთუბზე რაც ვნახე მისი მომენტები, მომეჩვენა რომ პირლოს სტილს თამაშობს ეს ბიჭი. შესაძლეო კაცს კიდევ უფრო ადვილად ატყუებს
2. მოსკოვის დინამოში შემოდგომის ტრავმამდე მუდმივად ძირითადში იწყებდა. რუსეთის პრემიერლიგაში თან დინამოში სტაბილური თამაში არ არის პატარა საქმე, თან იმ სიტუაციაში ჩვენ რომ გვიჭირს ცენტრში: კიტე მუდმივად ტრავმებით, კანკავა წავიდა, გვილია არაა ფორმაში
ლუკა გაგნიძე?
14:52 01-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული