ზაფხულის პირველი თვე სათამაშოდ იდეალურად ნამდვილად არ მიიჩნევა. სანაკრებო შეხვედრები მუდმივად ამ პერიოდშია, როცა გადატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ მოთამაშეებს გონების გარკვეული ნაწილი მაინც შესვენებისკენ გაურბის. საქ
ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობები უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. ესპანეთის ეროვნული გუნდის ჩვენს ჯგუფში მოხვედრამ ის გამოიწვია, რომ ვილი სანიოლის ბიჭები ივნისში ვერ ისვენებენ, ამასობაში კი ამან ახალი დილემა წარმოშვა - ფეხბურთელები (2000 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებულებს), რომელთაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობაც შეუძლიათ, როგორ უნდა გადანაწილდნენ. აქ უამრავი ფაქტორი შემოდის. მართალია, შესარჩევი ეტაპი არ გაგვივლია, თუმცა რამაზ სვანაძეს გარკვეული ბირთვი ჰყავს გამოკვეთილი, რომელთაც თბილისში ჩასატარებელ სატურნირო მატჩებში გამოიყენებს. ამ გუნდის ჯგუფური ეტაპის წინ და მით უმეტეს, შეხვედრებს შორის გაძლიერება კი რისკის მომტანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებსა და მის დამრიგებელს კონტინგენტზე ყოველთვის უპირატესი უფლება აქვთ. ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის მაგალითი რომ მოვიყვანოთ - ის 21-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია, ამავდროულად კი, "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი სანიოლის სქემასაც მშვენივრად მოერგო.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრით დაიწყო. ორივე გასვლითი მატჩი რთული იქნება, უახლოეს მეტოქეებთან სტუმრად, როგორც წესი, გვიჭირს. კვიპროსის ნაკრები და თემურ ქეცბაია ქართველებთან, მინიმუმ, ქულას აუცილებლად დაგეგმავენ. კარგ ხასიათზეა შოტლანდიის მთავარი გუნდი, რომელმაც შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო. ვილი სანიოლის გასვლით მატჩებზე ჩვენს ნაკრებთან კარგად ადაპტირებული ტაქტიკა გააჩნია, როცა უფრო მეტი აქცენტი კონტრშეტევებსა და სისწრაფის ფაქტორის გამოყენებაზეა. ხვიჩა კვარაცხელია ამ საქმეს მშვენივრად უძღვება.
არ გვსურს, ჩვენი ბიჭები განსაკუთრებულად დავძაბოთ. პასუხისმგებლობის ნაკლებობას ისინი ისედაც არ განიცდიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საშინაო ასპარეზზე ჩატარება მხარდაჭერასთან ერთად, დამატებითი ტვირთიცაა. მთავარია, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება შეძლოს. პირველი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. იქნებიან თუ არა 21-წლამდელთა გუნდში, ჩვენს ახალგაზრდებს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები კვარაცხელიას, მამარდაშვილის, მიქაუტაძისა და სხვების ძალისხმევით უკვე მოხსნილი აქვთ. ამ ბიჭებმა შეძლეს, თავი ევროპულ ფეხბურთში დაემკვიდრებინათ, რითაც ეს დერეფანი სხვებისთვისაც გაეხსნათ. ევროფორუმი ისაა, სადაც თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სატრანსფერო აქტივობები იზრდება. გვახსოვს, დანი სებალიოსი "ბეტისში" გამოდიოდა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი ის "რეალში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელების ნდობის მიმართ ახლა შიშები მოხსნილია. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან ანზორ მექვაბიშვილს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, იტალიური გუნდები აკვირდებიან. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.
იმედია, ვილი სანიოლის ნაკრები იმ პრობლემებს უფრო მომზადებული შეხვდება, რომლებიც მარტში გამოჩნდა. ამისკენ ნაბიჯები შემადგენლობაშიც გადაიდგმება. დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი უნდა დაბრუნდეს, მინდვრის შუაში კი - ოთარ კიტეიშვილი. "კიტე" ჩვენი ნახევარდაცვის ყველაზე შემოქმედებითი და თანაც, შედეგიანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მას ბევრი გაუცდა, სეზონის ბოლო კი მშვენიერი აქვს და ყველაფერ ამის გადმოტანას "ჯვაროსნებში" ველით.
მნიშვნელოვანი თვე ისტორიული უნდა გავხადოთ, მონდომებითა და სწორი მუშაობით უფრო მეტს შევძლებთ!..
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...