საქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას მუდმივად გთავაზობთ. ესპანეთთან (1:7) განადგურების შემდეგ ამისგან თავი შევიკავეთ. არა იმიტომ, რომ ვინმეს "ვზოგავდით", ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები ისედაც გაგაცანით; უბრალოდ, ნორვეგიასთან მატჩის წინ ფეხბურთელების დამატებით "მიწასთან გასწორება" არაფერს მოგვცემდა. ახლა ოსლოშიც (1:2) დავმარცხდით. კარგი სათქმელი კვლავ ბევრი არაფერია...

ორივე მატჩში მონაწილე ჩვენებურებზე ინდივიდუალურ მსჯელობას გთავაზობთ, ოღონდ ამჯერად ქულების მინიჭების გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ არაერთს ნულთან ახლოს მყოფი შეფასება უნდა მიეღო, მათგან ზოგიერთი კი დამსახურებული ვეტერანი, ზოგიერთი - საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა...

გიორგი
მამარდაშვილი
- ძალიან რთულია, როცა მეკარეს ამხელა წნეხი აქვს, მის კარს განუწყვეტლივ უტევენ და ორ შეხვედრაში ლამის იმდენ გოლს უშვებს, სეზონის განმავლობაში რომ გაუტანენ. "მამარდას" დამსახურებაა, ესპანელებთან ორნიშნა ანგარიში რომ არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება სისუსტეს, როცა გუნდი შეტევაში ასე ცუდად ამოდის, მაშინ კიპერის მხრიდან ფეხით თამაშს დიდი მნიშვნელობაა აქვს. სამწუხაროდ, "ვალენსიას" ფეხბურთელი ზუსტი პასების კომპონენტში გამორჩეული არაა.

გიორგი გოჩოლეიშვილი
- "შახტარის" ფლანგელმა ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს. თუკი ესპანეთთან გოჩოლეიშვილის სუსტი თამაში ტაქტიკას დავაბრალეთ, ნორვეგიასთან ასე არ იყო. გიორგი მეურვეებთან ძალიან დაიჩაგრა, მან აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაში მაშინ, როცა ბურთი არ აქვს, რადგან მხოლოდ შეტევითი ოპერაციებით არაფერი გამოვა.

საბა კვირკველია - გამოცდილ მცველს უამრავი შეცდომა ჰქონდა. მას დაკარგული აქვს ძველებური სისწრაფე, პოზიციურადაც ხშირად იჩაგრება, ნორვეგიასთან ერთ ეპიზოდში კი ბურთი კურიოზულად ამოიტანა.

რა თქმა უნდა, როცა შენს საჯარიმოში განუწყვეტელი ჩაწოდებებია, სულ გიტევენ და ამას ნახევარდაცვა ვერ აჩერებს, რთულია. ესპანელებთან მატჩის სტარტზე რამდენიმე ეპიზოდში საბამ ხიფათი კარგად განმუხტა, შემდეგ კი უბრალოდ თამაშიდან გამოერთო.

გურამ კაშია - კაპიტანმა ორივე შეხევდრა ჩააგდო. ის თვითკრიტიკულია და თავადაც იცის, რომ ასეა. სამწუხაროდ, ასაკი თავისას მოითხოვს. გურამს ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და სურვილი აქვს, ეს გაგრძელდეს, ვილი სანიოლი კი ამის საშუალებას აძლევს.

ირაკლი აზაროვი - იდეალური შეხვედრები არავის ჩაუტარებია, თუმცა ირაკლი აზაროვს სხვაზე მეტად გამოვარჩევთ. ის ესპანელებთანაც არ დაჩაგრულა ისე, როგორც საპირისპირო ფლანგი, ნორვეგიასთან კი შეტევისთვისაც მიაცალა და საგოლე პასი ჩაიწერა.

აზაროვს კიდევ უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს. გარდა ამისა, უნდა ეცადოს, პრესინგის პირობებშიც, ბურთი ნაკლებად დაკარგოს.

ალექსანდრე კალანდაძე
- ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული იმით იყო, რომ მესამე ცენტრალურ მცველად და მარცხენაფლანგელად ერთნაირი წარმატებით თამაშობდა, ნორვეგიასთან კი, მოწინააღმდეგეების ზეწოლის პირობებში, ნაკლებად თამამი და დამაჯერებელი იყო. სანდრომ დიდი გამოცდილება მიიღო და დავით ხოჭოლავას დაბრუნებამდე მას შეუძლია, ნაკრებში თამაშზე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს.

Sportall.Ge

ლაშა დვალი
- ესპანეთის ნაკრებთან ბოლოს ტრავმირებული აზაროვის ნაცვლად შევიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ფურია როხას" ხელი შეუშალა და ახალბედა იამალის შეჩერება მოახერხა. სამწუხაროა, რომ დვალს ბოლო წლებში რეგრესი აქვს, მისი თამაში ხომ 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული დამაჯერებელი იყო.

ვლადიმერ მამუჩაშვილი
- მაშინ, როცა ნორვეგიელებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი აიკლეს, სანიოლმა შანსი მამუჩაშვილს მისცა. ის დაცვით ფაზაში მშვენიერი იყო, ბევრი იბრძოლა, ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოიგო, ხიფათს აგვარიდა და ლოკალური ამოცანა მშვენივრად გადაჭრა.

საბა საზონოვი - მას შესაფასებლად ძალიან ცოტა დრო მიეცა, არადა, ბევრს ველოდით. სავარაუდოა, რომ ვილიმ ის სასურველ ფორმაში მყოფად არ ჩათვალა. იმედია, "ტორინოში" დამკვიდრებას მოახერხებს, ტურინულ გუნდს საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.

გიორგი აბურჯანია - სამწუხაროდ, "აბუც" მათ სიას უნდა მივაკუთვნოთ, ვისაც საუკეთესო წლები უკვე გადავლილი აქვს. მოგვეწონა მისი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში, მაგრამ ამ დონის ნახევარდაცვასთან ორთაბრძოლებს, როგორიც ესპანელებსა და ნორვეგიელებს ჰყავთ, სულ სხვა მოძრაობა, სიხისტე და ფიზიკური მომზადება სჭირდება.

ლუკა გაგნიძე - ლუკას პოტენციალი ნამდვილად აქვს, იოლად არაფერს თმობს და მოედნის ხედვა გააჩნია, თუმცა უფრო მეტი და უფრო კარგ ჩემპიონატში თუ არ ითამაშა, ისე როდრისა და გავის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.

ანზორ მექვაბიშვილი
- ჩვენს ნაკრებში მას ყველაზე განსხვავებული უნარები აქვს, მკვეთრად ჩამშლელია. ისევ მოწინააღმდეგეთა კლასს უნდა შევეხოთ, რომელთანაც ქართველ შუახაზელებს პრესინგის დაძლევა და რამდენიმე ზუსტი პასის გადაბმა უჭირდათ და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მექვაბიშვილი თბილისის "დინამოში" დარჩა და აქ რამდენად შეძლებს პროგრესს, დაველოდოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი - გამოჩნდა, რომ მას ესპანეთის მეორე ლიგაში კარგი პერიოდი შემთხვევით არ აქვს. საკმაოდ გაზრდილი მოგვეჩვენა როგორც პოზიციის შერჩევის, ასევე ართმევისა და საკუთარი შეტევების წამოწყების კუთხით. ნორვეგიელთა გამორჩეულ ნახევარმცველ ოდეგორთან გაუჭირდა, თუმცა პერსპექტივა დიდია.

ოთარ კიტეიშვილი - ოთარს განსხვავებული მატჩები ჰქონდა. თუკი ესპანელებთან შეხვედრა მანაც ჩააგდო, ნორვეგიაში გაცილებით კარგად ითამაშა, რამდენჯერმე გამოავლინა, ბურთთან ურთიერთქმედება რომ იცის. მას ფიზიკურად გაძლიერება და ბურთის იშვიათად დაკარგვა სჭირდება.

საბა ლობჟანიძე - როცა სანიოლი მას მთელ ფლანგს აბარებდა, საბა გაცილებით მობილიზებული, მებრძოლი და შეტევაში მწვავე იყო, ესპანელებთან კი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. გასაგებია, რომ ბურთი იშვიათად მისდიოდა, თუმცა, როცა მიიღო, მაშინაც არაფერი შემოუთავაზებია, თანაც, როცა კვარაცხელიაზე ყურადღება გაზრდილი იყო. ამავდროულად, გოჩოლეიშვილის დახმარება დაცვაში ვერ შეძლო.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - მოგვეწონა მისი მონდომება ორივე მატჩში და გოლის გემოს გახსენება. მიგვაჩნია, რომ მეტი დრო უნდა მიეღო. მთავარია, "ჩაკვეს" "უოტფორდში" თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს.

ზურიკო დავითაშვილი - გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის ნახევარდაცვას. ვიცით, რა "აფეთქებები" შეუძლია შეტევაში, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კი უბრალოდ დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვანახა.

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში წარმატება მაინც გუნდურობით მოდის, მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების გაბრწყინებით კი შორს წასვლა რთულია. სანამ ესპანეთის ნაკრები ძალიან არ "გაგვექცა", "კვარას" რამდენიმე მაღალი კლასის მაჩვენებელი ეპიზოდი ჰქონდა; შემდეგ კი, თანაც იმ ფონზე, როცა გუნდს აღარაფერი გამოსდიოდა, ხვიჩაც "დაიკარგა". ესპანელები კვარაცხელიას მხოლოდ კარვახალის იმედად არ ტოვებდნენ, ამ დროს კი "ნაპოლის" გარემარბი თავისუფალ პარტნიორებს ეძებდა, რომლებიც ამ სიტუაციას სათავისოდ ვერ იყენებდნენ.

ნორვეგიასთან ჩვენგან ყველაზე აქტიური მაინც კვარაცხელია იყო, გატანა კი მხოლოდ საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო.

ხვიჩა ახლა იდეალურ ფორმაში არაა, მისი დაკვირვება კი, როგორც ლიდერის, საინტერესო იყო - თანაგუნდელებს პოზიციებს ურჩევდა, ამხნევებდა, ჩაკვეტაძეს გატანა ემოციურად მიულოცა. "კვარა" პატარა და საყვარელი ბიჭი აღარაა, ის უკვე სხვა მასშტაბებზეა და შორს არაა ის დღე, როცა თავის ბრწყინვალე სანაკრებო სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟს" ასეთი ბედი დაჰყოლია, თამაშობს ნაკრებსა და გუნდებში, რომლებიც ბურთით იშვიათად ამარაგებენ. ამის გამო მინდვრის ცენტრში ჩამოსვლა ან ფლანგზე გადასვლა უწევს და მისი შედეგიანობა იკლებს. როგორ გვახარებდა, რომ ცუდი პერიოდის შემდეგ ნაკრებში მისი ინტეგრაცია და საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა შევძელით. სამწუხაროდ, ამ მატჩებში ისევ უკან დავბრუნდით.

ბუდუ ზივზივაძე - სანიოლმა მარტში კი მოიწონა, ზივზივაძე-მიქაუტაძის დუეტმა გოლი შექმნაო, ამის შემდეგ კი მათ ერთად არ ეყრდნობა. მწვრთნელმა ეს ნორვეგიასთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგაც არ გააკეთა. ჩვენს ქაოსურ შეტევებსა და მაღალ ჩაწოდებებს ბუდუ აშკარად უკეთ ერგება, ნორვეგიაში გაიტანა და დრო რომ ჰქონოდა, იქნებ მეტიც მოეხერხებინა.

ვილი სანიოლი - სანიოლის შეკრული, შეთამაშებული გუნდიდან, რომელიც მეტოქეებთან საკუთარი უპირატესობების გამოყენებას ცდილობდა, სექტემბრის მატჩებში აღარაფერი დარჩა. ფრანგს თითქოს ფანტაზია ამოეწურა, თუმცა ჯიუტად ამტკიცებს, რომ "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ ნახევარფინალში, ყაზახეთის წინააღმდეგ, გუნდი მან უნდა გაიყვანოს. ვილის უჭირს ცვლილებები, ზოგიერთ ფეხბურთელს ძველი დამსახურების გამო უფრო ათამაშებს, ვიდრე ახლანდელი მდგომარეობით; მთავარ მწვრთნელს უძნელდება, არსებული კონტინგენტით რაღაც ახალი შემოგვთავაზოს და ისე გამოჩნდა, თითქოს გუნდის განწყობა/მოტივირებაც პრობლემური გაუხდა.

რაღაც აშკარად შესაცვლელია!..

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altსად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

მკითხველის კომენტარები / 49 /
ფულის მონა ქოცისტანი თავისი უვარგისი ნაცებით როცა აღარ იქნებიან ამ ქვეყნის ხორცმეტებად, მაშინ დალაგდება საფეხბურთო სამყარო, მანამდე არც ელოდოთ სამწუხაროდ. ესაა სიმართლე......
სიმართლე
14 სექტემბერი 2023 17:40
2
უვარგილი ხიზანიშვილია პირველ რიგში მოსაშორებელი
ზურა
14 სექტემბერი 2023 17:18
1
ნორვეგიასთან დაყენებული სქემა არის ის რაც ნაკრებში სანიოლმა ხეირიანი მოიტანა. 3-4-2-1 ამ სექტემბრამდე ეს სქემა ასე-თუ ისე მუშაობდა. იმიტომაც რომ გვყავდა ცენტრალური მცველები მისაღები დონის. ფლანგები აზაროვი-გოჩო, წიტაიშვილი-კაკაბაძე, გიორბელიძე-ლობჟანიძე ქმნიდა ჩვენი შეტევით ფაზის ძირითად ხაზს. სწრაფი გარღვევები და ჰორიზონტალური პასები შემტევებზე. ეს იყო ჩვენი ძირითადი კოზირი. ცენტრის ნახევარმცველებიდან შეტევის ორგანიზება გვიჭირდა, რადგანაც გვქონდა და გვაქვს კრეატივის, ხარისხის დეფიციტი.ცალკე თემაა პრესინგი, როგორც შეტევაში ისე დაცვისას სრული კოლაფსი. მწვრთნელებს ჰქონდათ სამუშაო გასაწევი რათა მოეძიათ პერსპექტიული ნახევარმცველები შინ თუ გარეთ, ამასთანავე მოემზადებინათ ასაკში შესული მცველების რეზერვი. პრობლემურ პოზიციებზე თანდათანობით მოესინჯათ ახალი სახეები, საქმეში გვენახა მათი ურთიერთქმედება ძირითად შემადგენლობასთან: დაცვაში -გელაშვილი, კალანდაძე, ლოჩოშვილი, საზონოვი. ნახევარდაცვაში: ქოჩორაშვილი, ალთუნიშვილი, პარკაძე, კვერნაძე, არაბიძე, ჩაკვეტაძე.იქნება გულიაშვილი, გაგუას გამოყენების დროცაა. ეს არის ამ დროისათვის ჩვენი რესურსი. მწვრთნელების ამოცანაა ამ რესურსით ნორმალური თანამედროვე ნახევარდაცვის ჩამოყალიბება, დაცვის რეორგანიზებასთან ერთად. რამდენად ვნახეთ ამ მიზნისკენ გააზრებული მსვლელობა. ჩვენ ვნახეთ კატასტროფული ექსპერიმენტი ესპანეთთან და დამფრთხალი, ნაკლებწაგებაზე დამოძღვრილი ნაკრები ნორვეგიასთან. გოჩოზე ფლანგის ჩავარდნის გადაბრალება მაშინ, როცა მისი ფლანგის შემტევი-დავითაშვილი არ ვარგოდა არც შეტევაში და არც დაცვას ეშველებოდა. გოჩოს მოუწია ფაქტიურად მარტოს კუთხურიდან კუთხურამდე რეიდები, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა მოითხოვა. აზაროვს ჰყავდა კვარა და იქედან შეტევას ერიდებოდნენ ნორვეგიის ფლანგელები, თორემ შეცდომები მას მეტი ჰქონდა.. შეტევითი და დაცვითი ფაზები სრულიად არეული იყო, არ იყო დაცული ბალანსი. ასეთ დროს ვინმე ერთ კაცს დააბრალო დაცვის უსუსურობა, არ უნდა იყოს მიზანშეწონილი. დარწმუნებული ვარ ის ითამაშებს კარგ ფეხბურთს. რაღაც კარგიც ხომ იყო იკითხავთ? ჩემთვის მხოლოდ ჩაკვეტაძის დაბრუნება და ქოჩორაშვილი, ჯერჯერობით სამწუხაროდ მხოლოდ ეს გვაქვს.
ამატაკი
14 სექტემბერი 2023 16:58
2
გეთანხმებით, კარგია რომ ჩაკვემ გაიტანა და იმედის მომცემია ქოჩორაშვილის თამაში, დანარჩენზე იმდენი ითქვა რომ ნეგატივს აღარ დავამატებ. რესურსზე ვიტყვი მხოლოდ : თქვენი დასახელებული ფეხბურთიელების გარდა, დაცვაში იქნება გვენახა გველესიანი და ნახევარდაცვაში მარადიშვილი, ასევე გადრანი მომეწონა თუ ტრავმა მოიშუშა. დასაკარგი რესურსი ჩვენ არ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ყველა ვინც იმ მომენტში უკეთეს ფორმაშია
ქორ-პარიკმახერი
14 სექტემბერი 2023 20:51
1
კარგი სტატიაა. საქმიანი, საღი, და პერსპექტივაზე ორიენტირებული. არც სადღგრძელოა და არც თავზე ნაცარის დაყრა.
გიორგი
14 სექტემბერი 2023 16:43
3
გეგუჩაძე დანიშნეთ ნაკრებში და გიბრალტარს მოვუგებთ 2:1
ვაჟა
14 სექტემბერი 2023 16:24
2
სქოთებთან ბილეთები დეიტაცეთ ლომებო...გააქრეთ მიდით უცბათ...
მეიცა
14 სექტემბერი 2023 16:18
3
ქომგებს შესცქერიან)) ბობოლების ბიძაშვილ მამიდაშვილებს..მუქთად რო დაბორიალობენ სელფების გადასაღებად ევროპაში..ნეტა რას ეუბნებიან??
მეიცა
14 სექტემბერი 2023 16:11
2
საერთო დონით ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებულ სამყაროს. ძირითადი მიზეზი ეს არის ყოველგვარი ცუდის რაც ჩვენ თავს ხდება.
ნიკა
14 სექტემბერი 2023 15:32
1
ანჩელოტის ვიდეო იყო, სადაც საუბრობდა თუ რა არის მთავარი ფეხბურთში. მარტივად ახსნა, მეკარემ მცველს უნდა მიაწოდოს ბურთი, მცველმა ნახევარმცველს, ნახევარმცველმა თავდასხმელს და თავდასხმელმა გაიტანოს. ევროპის უმეტესობა ნაკრებს შეუძლია ნახევარდაცვიდან თავდასხმაში ბურთი გადაიტანა, უბრალოდ შემდეგ ბევრი ვერ აღწევს მიზანს შემსრულებლების დაბალი დონის გამო. ჩვენს ნაკრებს შეტევაში გადატანის მთავარი და საბაზისო უნარი არ აქვს, არადა ვერავინ ვერ დამარწმუნებს ნაპოლის,შახტარის, შტურმის, ლევანტეს, უოტფორდის, ბორდოს ფეხბურთელებს ეგ არ შეუძლიათ. პრობლემა ამ შემთხვევაში მწვრთნელშია, რომელმაც 2 წელია ვერ შეძლო მოეგვარებინა შეტევაში სწრაფად გადასვლის პრობლემა და სავარაუდოდ უკვე ვეღარასდროს მოახერხებს. თუ ადრე ვიცავდი სანიოლს, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელია უპირობოდ შესაცვლელი.
ნაკრებზე მოფიქრალი
14 სექტემბერი 2023 15:31
0
მეგობარო, ადამიანს რომ ეტყვი ასაკი ტავისას შვრებაო... სულ მცირე დისკრიმინაციულია... მოგეკლა ბარემ კაცი.... ზლატანი ბაბუის ხნისაა მაგრამ ზლატანია... და მაგის სურათიც კი სტადიონზე საქმეს გააკეთებს... ასე დაწერა არ შეიძლება მეგობარო.... ჟურნალისტი ხარ.. კაშია სულ არ მევასება მაგრამ ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა...

გამგები გაიგებს! ყველასგან ამის გაგებას არ ველი...
ღვთისო,
14 სექტემბერი 2023 15:24
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული