რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ "კვარას" თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე და რა როგორ შეიძლება შევაფასოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ პოლუსური აზროვნება არასასურველია - არც ყველაფრის "წყალში გადაყრა" შეიძლება და არც მხოლოდ ქებაა რეკომენდებული

შემადგენლობა

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ჩვენს გუნდში ოთარ
კიტეიშვილის პირდაპირი შემცვლელის პოვნა რთულია. მონტენეგროსთან მატჩის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი ვნახეთ და არა ნიკა კვეკვესკირი. სტარტზე აშკარად დაძაბული მექვაბიშვილი დროთა განმავლობაში უფრო აქტიური გახდა. რაც შეეხება ძირითადში ლევან შენგელიას არყოფნასა (არც შეცვლაზე შესულა) და გიორგი წიტაიშვილის გამოჩენას, ეს გასაკვირი იყო იმ ფონზე, როცა ლევანი დაცვაში უფრო საიმედოა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იქ უნდა ვეძებოთ, თურქების მარჯვენა ფლანგი სწრაფი და ენერგიულია და მას "წიტა" უფრო უნდა გამკლავებოდა. გიორგის დიდი ჯაფა დაადგა, შეტევაშიც იაქტიურა, მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, შეცდომებს უმატა, მწვრთნელმა კი მისი შეცვლა აშკარად დააგვიანა...

რას გადავრჩით
პრევიუში აღვნიშნეთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა. საქართველოს ნაკრები "გაითიშა", საკუთარ კარში მეორეც მიიღო და თამაშგარემ გადაგვარჩინა. ამ დეტალზე ისევ ბევრია სამუშაო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგეს ძალები აგრძნობინა, გაიტანა და "უთვალავი" თურქი გულშემატკივარიც დაადუმა.

შეგვეძლო თუ არა ინიციატივის აღება უფრო მეტი დროის განმავლობაში? იმ ფონზე, როცა ბოლო დროის საქართველოს ნაკრების წარმატება კონტრშეტევებს უკავშირდება, თურქეთის წინააღმდეგ "პირველ ნომრობას" მეტად "ვაწვებოდით", უფრო მეტი კი ჩვენი ძალების მიჯნაზეა, როგორც ჩანს...

გოლები...

Sportall.Ge

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს საშუალება მისცა, ჩვენი შეცდომებით ესარგებლა. გასაგებია, გოლი ისე ვერ გადის, თუმცა ბურთის სახიფათო ზონასა და სიტუაციაში დაკარგვა ვერ ავირიდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. დაზღვევის სისტემებსაც უფრო მეტად უნდა ემუშავა.

რაც შეეხება ჩვენ გოლს, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ მას პასებით შესაბამისად მოამარაგებ, მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ამას უფრო "ფორვარდული" ქცევა დავარქვათ. სამწუხაროდ, იღბალმა ახლა არ გადმოგვხედა და ვერ გავიტანეთ იმ ეპიზოდებში, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ცალკე საუბარი დაიმსახურა. "ქოჩორა" იყო ყველგან და აკეთებდა ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდებოდა. მის შემთხვევაში მთავარი იქნებ ის იყოს, რომ სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს. გიორგის ურჩევნია, ის ინანოს, რასაც გააკეთებს და არა ის, რასაც ვერ მოინდომებს.

ცხოვრება ბოლომდე სამართლიანი რომ იყოს, ქოჩორაშვილის ის დარტყმული, ძელს რომ მოხვდა და მანამდე საოცარი მოძრაობა ვნახეთ, მოწინააღმდეგის ბადეში გაეხვეოდა.

ქოჩორაშვილმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განაგრძოს, მაგალითად, მეორე გაშვებული გოლისას დაცვიდან ამოსვლიდან იდეალური არჩევანი არ მიუღია. ამ შეხვედრამ მისი ფასი გაზარდა და წინ სხვა მატჩებიცაა...

ხვიჩა კვარაცხელია

Sportall.Ge

ხვიჩა განსაკუთრებულ ყურადღებასა და წნეხს შეჩვეულია და მისთვის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ობიექტურობა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, "კვარას" მოედანზე არსებობა უკვე დიდი ფაქტორია მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამო. გარდა ამისა, ამ კლასის ფეხბურთელს ყოვლთვის შეუძლია, ერთი ეპიზოდით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამაზე რომ შევთანხმდებით, დანარჩენზე მსჯელობა მერე შეგვიძლია, მათ შორის იმაზეც, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამიმდინარე, საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

კვარაცხელია საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს, მრავალმხრივი უნარების მქონეა. ხვიჩა რომ უფრო შედეგიანი იყოს, ჩვენი გუნდი ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს მეტ დროსაც უნდა ატარებდეს. "კვარა" საკუთარ თავს გარედანაც, სხვისი თვალითაც უყურებს და ჩეხეთთან სულ სხვანაირს ვნახავთ.

ვილი სანიოლი

Sportall.Ge

არ ვაპირებთ, მარცხის გამო სანიოლს ხელები შევაწმინდოთ, მაგრამ მწვრთნელის პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევისასაც და შეხვედრის პროცესშიც, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვილის გუნდის ჩაგდებულ შეხვედრებს ყოველთვის უკეთესი მოჰყვებოდა, ის კარგად ვითარდება, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა თავისას აკეთებს.

შენგელიას არყოფნით სანიოლი ერთგვარად საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ წავიდა. როცა მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შემოვიდა, იფიქრებდი, ბოლო დღებში მისი ახალ ამპლუასთან მოსინჯვა ხდებოდა, მაგრამ ამაში ლაშა დვალის ქცევა დაგაეჭვებდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ფლანგზე გადასვლა მას მოუწევდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთგვარი ექსტრემალური გადაწყვეტილება?!

როცა მეორე გოლი გავუშვით, ყურადღება ინსტინქტურად სათადარიგოთა სკამისკენ გადავიდა, თუმცა იქ ჩვენი ფეხბურთელები კარგა ხანს არ გამოჩენილან. სანიოლი რაღაც ნაბიჯებზე ვერ მიდიოდა, ანაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ იყო.

არაერთგვაროვანი იყო გიორგი მამარდაშვილის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებაც. ფაქტია, საუკეთესო მესამე ადგილის ძიებაში ყველა გაშვებული გოლი და მოსალოდნელი უარყოფითი ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოუცდელობითა თუ სხვა ფაქტორებით ამაზე არავის უფიქრია.

სანიოლს ვითარების გამოსასწორებლად დრო საკმაოდ აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული დასაწყისისთვის და უკეთესს ველით!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 46 /
მე მგონი ფეხბურთელებმა ითამაშეს კარგად და დადეს ენერგია, ეხლა შევაფასებ თანმიმდევრობით, თამაში დაიწყეს ცოტა შეშინებულივით, რაც თურქებს მისცა თვითრწმენა და ბურთაობდნენ თავისუფლად, ჩვენებს არ უნდა დაეთმოთ ბურთი და სივრცე, რაც რა თქმა უნდა დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვა დღევანდელ ფეხბურთში, ყველამ ვნახეთ როგორც კი ბურთს დაიჭერდნენ ჩვენები და წავიდოდნენ თავდასხმაში, რამდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ასე რომ თუ გინდა დიდ გუნდებს მოუგო და გახვიდე შემდეგ ეტაპებზე, აუცილებელია აკონტროლებდე ბურთს, ითამაშო პრესინგზე, იყო უფრო თამამი და აგრესიული, რასაც კარგად აკეთებდა ქოჩორაშვილი, ეს ბიჭი მართლაც ყველგან იყო, ასე თავდაუზოგავად უნდა ითამაშოს ყველამ და შედეგი აუცილებლად იქნება, სხვაგვარად არ გამოვა

Ps:მე მგონი ქოჩორაშვილს სჭირდება კარგი აგენტი, რათა გადავიდეს უკეთეს გუნდში, ლევანტეში ცოდოა, სადაც ზოგჯერ თადარიგში უზით
Nukri
19 ივნისი 2024 16:40
3
მამარდას საქციელი როცა ბოლო წუთებზე კარიდან გამოვიდა, სწორი იყო, რადგან გარდა რიცხობრივი უპირატესობისა, ამან გუნდს დიდი მოტივაცია მისცა, რომ წაგებას არ ეგუებოდა. ამან გავლენა იქონია იმაზე, რომ სწორედ ამ ბოლო წუთებში 2 საგოლე მომენტი შევქმენით და ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა გავათანაბრებდით. ასე რომ ეს გამართლებული რისკი იყო. გაურისკავად ასეთი თამაშების შემოტრიალება შეუძლებელია. გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ ამ ერთი ბურთის გამო პლეიოფში ვერ გავიდეთ, ვიდრე იმის, რომ გაგვეთანაბრებინა. სხვა თუ არაფერი მსოფლიომ დაინახა და დააფასა შეხვედრის ის საუკეთესო ბოლო წუთები, როცა აშკარა ფავორიტი თურქები რის ვაივაგლახით იცავდნენ თავს მატჩის გადასრჩენად. შპიგელმა ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული მატჩი უწოდა ჩვენ თამაშს.
რეალისტი
19 ივნისი 2024 16:31
4
მეორე გოლისას ქოჩორა რაშუაში იყო -წიტაიშვილს მიცა ნორმალური პასი, მან მიიღო და წინ გაიგდო მერე და დაკარგა
rable
19 ივნისი 2024 16:30
4
Mec ver gavige gvtisavaris shepaseba....witam gariska ar gaamartla:(((
L.J .
19 ივნისი 2024 16:57
2
ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. თუ სწორ დასკვნებს გააკეთებს სანიოლი, მოვიგებთ და გავალთ ჯგუფიდან. იმედია, კიტეიშვილი დაბრუნდება. კარგი იქნება, თუ ასეთ წვიმაში აღარ მოგვიწევს თამაში.
რეალობა
19 ივნისი 2024 15:49
4
რეალობა- -თუ სურვილია ის მაინც ისურვე ჩეხებმა თავის კარში 1-2 ბურთი ჩაჭრანო, ე წვიმა საიდან მოგაფიქრდა ))))) (ეჰ სადა თორე კი)
სვანსკი
20 ივნისი 2024 16:16
1
რა ზღაპრებს იგონებ,რას როშავ?არავის მომგები ამ გუნდით არ და ვერ ვართ.თავს ნუ ვიტყუებთ














555
19 ივნისი 2024 16:22
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული