ისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

AutoSharing Option
7 სექტემბერს "ერთა ლიგას" ჩეხეთის მასპინძლობით დავიწყებთ. ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს მათთან ნათამაშები არ ჰქონდა, მოკლე დროში კი მეორედ მოუწევს. ჩვენ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისტორიული ქულის (1:1) მოპოვება და ამავდროულად, პარალელები დღევანდელ დღესთან გავავლოთ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა?..

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივრის სტადიონზე ყოფნით
უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქიდან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასეკის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გამოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში, მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა" (ამიტომაც, ახლა პირველივე წუთებიდან კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის თამაშით სცენარის შეცვლა უნდა შევძლოთ).

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია (სამწუხაროდ, ახლა "ლიონშიც" ვერ გამოიყენა).

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი, მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...

საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს გვეთამაშნენ და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ, ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის მიგნებები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს (პორტუგალიასთან ეს ნათქვამი დამტკიცდა, ლოჩოშვილმა ისევ ითამაშა და თერთმეტმეტრიანის მოპოვებით, ამჯერად გააამართლა), მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო მაინც ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორგი გველესიანმა მეტი (ესეც გამართლდა) ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაცია საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა (ახლანდელი სათამაშო ფორმისა და შინ თამაშიდან გამომდინარე, სასტარტოში ზივზივაძეს ველით).

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა (იმედი გვაქვს, თბილისში ეს შეიცვლება). საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...

პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებული არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ (დიახ, ჩვენც გავიმარჯვეთ). ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინარულ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ (იმ გოლმა საბოლოოდ მნიშვნელობა იმაზე შეიძინა, რომ ინგლისის ნაცვლად ესპანეთს შევხვდით). მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 101 /
სანიოლი უსუსტესი მწვრთნელია. გამოცდილების მისაღებად ჩამოვედითო. რა? სავსე ტრიბუნები არ გინახიათ, გერმანიაში არ ხართ ნამყოფი, აქამდე გოლფისტები იყავით და ეხლა იწყებთ ფეხბურთის თამაშს, თუ რა გამოცდილებას იღებთ? ვერცერთ დასმულ შეკითხვაზე ვერ გასცა დასაბუთებული პასუხი, სულ ორაზროვნად და ბუნდოვნად გველაპარაკება. არანაირი დამუშავებული კომბინაცია ამდენი წლების განმავლობაში, ჯარიმებს და კუთხურებს ჩვენ ვერ ვასრულებთ, გაუაზრებელი ცვლილები, რომლებიც არასდროს ამართლებს, როგორც მოვედით აქამდე - ეს არის ბიჭების დამსახურება და არა სამწვრთნელო შტაბის. ნახევარ გუნდს შეუცვალა ამპლუა და ვინ სად თამაშობს ვეღარ გაიგებ. მგონია, ლოჩოშვილს თავდასხმაში დააყენებს პორტუგალიასთან და ქვილითაის დაცვაში. საერთოდ რას ერჩის ამ ბიჭებს, რატომ გამოყავს, მათაც აწვალებს და ჩვენც დაგვტანჯა მათი საცოდაობის ყურებამ. აუტის მოწოდება მაინც ესწავლებინა ჩეხებივით პირდაპირ საჯარიმოში. იწყება თამაში და ვდგებით დაცვაში, რამდენს გაუძლებ ბებერი კაშიათი? ვერ ხედავ რომ რეაქცია შენელებულია? თუ პრაქტიკანტი ხარ და მართლა გამოცდილების მიღება გინდა, წაგეყვანა საზანოვი, აზაროვი, გეთამაშებინა სიგუა, ცოტა გვყავს ახალგაზრდები? შენგელიაზე დუმხართ, მამარდას გამოსვლაზე თამაშს ვერ ასწავლით, (ხაზზე ბრწყინვალეა, ვერაფერს იტყვის კაცი), გუნდში გრძელი პასის გამკეთებელი არავინაა, ბოლო-ბოლო "სტენკით" მაინც შედით საჯარიმოში. გყავდეს ხვიჩა და ჟორჟი და მთელ თამაშში 10-ჯერ მაინც ვერ დაარტყა კარში, ეს ნიშნავს, რომ არც ტაქტიკა გივარგა და ამ ვარსკვლავ ბიჭებსაც აწვალებ. რა ყველას ჩვენზე უნდა გაზრდა, მართლაც რომ გაუგებარია. ვაისი გავზარდეთ, სანიოლს ვზრდით თურმე, შემდეგი ვინღა იქნება ნეტა? მოკლედ ამ მცირე რესურსითაც კი, რაც გვყავს, ნებისმიერი კარგი მწვრთნელი უკვე გასული იქნებოდა მერვედფინალში! ეგ იცის ვაცალოთ-ვაცალოთ ძახილმა. გაცლით ბატონო, ვნახავთ როგორ ათამაშებთ და ვის დააყენებთ პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. ბიჭების იმედი კი გვაქვს, მაგრამ თქვენი არა. გააგრძელეთ გაზრდა, ვინ გიშლით?
გიორგი
15:16 23-06-2024
22
მაგ ტრამვის მერე, რაც საბერძნეთთან მიიღო, მონტენეგროსთან ითამაშა და არაფერი ეტყობოდა, მერე არსად გაჟღერებულა ტრამვა აქო, თუ კიტეზე ამბობენ, შენგელაზე რატო დამალავდნენ ვითომ.არანაირი ტრამვა არაა სანიოლის ხუშტურებია და თუ ფორმაში არაა(რაც მონტენეგროსთან ვერ შევატყვე) მაშინ აზაროვი წაეყვანა.
გიოს
14:58 23-06-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული