"ქართველების შანსი ნულის ტოლია" - ნეპომნიაშის ახსოვს პროგნოზი თუ - Не помнит?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის შანსს ბევრი მიზერულად მიიჩნევდა, კამერუნის ნაკრების ყოფილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი ნეპომნიაშიმ კი „ჯვაროსნებს“ იმედები გადაუწურა. მან განაცხადა, რომ ჩვენი გუნდის მერვედფინალში გასვლა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, რამეთუ ასეთი დიდი ამოცანების გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ არის მზად, თვით კვარაცხელია დიდ ტურნირზე ზეწოლას ვერ გაუმკლავდა, მისგან მეტს ელოდნენ და გულშემატკივრები თუნდაც ერთი ქულის მოპოვებით უნდა ყოფილიყვნენ კმაყოფილები.

ვერ გეტყვით, ნეპომნიაშის ახსოვს თუ არა თავისი პროგნოზი (наверное, Не помнит). ყოველ შემთხვევაში, პრესაში ამის თაობაზე
არაფერი უთქვამს და არ იქნება ურიგო, თუ წარუმატებლობას მომავალშიც გვიწინასწარმეტყველებს - ეს ხომ ასე „კარგად აგვიხდა“.

უნდა აღინიშნოს, რუსული მედია აღფრთოვანებულია ქართველების მიღწევით, რასაც არაერთი წერილი მიუძღვნეს და ისტორიული გამარჯვება სპეციალისტებმაც მოგვილოცეს.

ალეკსანდრ მოსტოვოი ("სელტას" ყოფილი ნახევარმცველი): „ეს პასუხია ყველა იმათ მიმართ, ვინც ამბობს, რომ ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონატი მოსაწყენია. არაფერი მსგავსი, შესანიშნავი ტურნირია. საქართველო - უბრალოდ, ყოჩაღ. აქ არაფერია სათქმელი. მათ გააკეთეს ის, რაც ბევრს საერთოდ არ შეუძლია. დაე, ახლა უბრალოდ სიამოვნება მიიღონ. ქართველებმა ისტორია შექმნეს.

ვფიქრობდი, რომ პორტუგალია არ წააგებდა. მამარდაშვილმა ისევ დიდებული მატჩი ჩაატარა. კიდევ ქოჩორაშვილის გამოყოფა მინდა. მთელ საქართველოს არ სძინავს და კიდევ დიდხანს არ დიძინებს. როგორი ზეიმია ხალხისთვის!“.

იგორ კოლივანოვი (ფოჯას და ბოლონიას ექსთავდამსხმელი): „საქართველომ ბევრი გააკვირვა. როგორი განწყობით გავიდნენ თამაშზე! დიდი ხანია არ მინახავს ასეთი თავდაუზოგავი გუნდი, რომელიც ყოველ ხაზში იბრძოდა. შემიძლია მხოლოდ ჩემი მოწონება გამოვხატო. ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი სტარტი ჰქონდათ, რადგან შესაძლებლობები გააჩნდათ. პორტუგალიასთან მათ ასეთ შთამბეჭდავ შედეგს არავინ არ ელოდა.

ცოტა გაუმართლათ, რომ პორტუგალიელმა მცველმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, ხვიჩამ კი გაიტანა. ამან ემოციური აღმაფრენა შესძინათ. საქართველოს ნაკრებმა ტოლი არაფერში დაუდო. ახლა გუნდი იმის მსგავსია, როგორიც 80-იან წლებში იყო. მამარდაშვილი ყოჩაღ! დიდებულად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. ამ ნაკრებისგან დადებითი ემოციები მოდის“.

იგორ შალიმოვი ("ინტერის" და "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი): „უნდა გამოვარჩიოთ საქართველოს ნაკრები, ყველა ბიჭი. ძალიან თავდავიწყებით თამაშობდნენ, ჩემი აზრით, დისციპლინირებულად, უხეში შეცდომების გარეშე. ძალიან წარმატებულად გაიტანეს გოლი უკვე მეორე წუთზე. სენსაციად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ თამაშის მხრივ, ასე მგონია, საქართველო დამსახურებულად გავიდა ჯგუფიდან“.

ალეკსანდრ ტარხანოვი (საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): „რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ საქართველომ პორტუგალიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს, თავიანთ კართან მომენტებს არ აქმნევინებდნენ, მაგრამ ბოლოს პორტუგალიელებს სამი შანსი მიეცათ, როდესაც გატანა შეეძლოთ, თუმცა მეკარემ ძალიან მაგრად ითამაშა. ასევე ჩინებულად წარმოაჩინა თავი კვარაცხელიამ. ის მცველებს გაურბოდა, გოლი გაიტანა და საკმაოდ აქტიურობდა. ისე, გუშინ რონალდო არ ჩანდა. ბოთლს ფეხი მიარტა და საკუთარ თავზე გაბრაზებული იყო“.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნულის ტოლი მხოლოდ მაშინ არის შანსი, როცა ადამიანს ხის ყუთში მოათავსებენ და მიწის ცვენის ხმა ისმის. სხვა დროს შანსი ყოველთვის არის. ისე რა გულდასაწყვეტია, რომ გულღრძო რუსები ცოცხლები არიან და ვასილი უტკინი --- არა, დარწმუნებული ვარ ქართველებზე არანაკლებ გაიხარებდა ამ წარმატებით.
გუგა
19:44 28-06-2024
0
ერის ლანძღვა მიუღებელია. ქართველებსაც ჰყავს ბევრი რომ არ უხარია ერის წინ სვლა. თუ გადახედავთ საფეხბურთო საიტებს მთელი რუსეთი საქართველოს გულშემატკივრობს! უმადურობა არ არის კარგი.
რუსი საქართველოდან
16:30 28-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული