რას გვაძლევს "ერთა ლიგა"?
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსი 4 ნაკრებს აქვს, ოღონდ არა პირდაპირ, კვლავ პლეი-ოფის მეშვეობით.
როგორ შეირჩევა ეს 4
ასე რომ, როგორც წინა "ერთა ლიგაზე", ახლაც მაქსიმალურად მაღალი ქულა უნდა მოვიპოვოთ და არა უბრალოდ ჯგუფი მოვიგოთ, რათა პირველივე "ჩამნაცვლებელი" ჩვენ ვიყოთ. შესაძლოა, მნიშვნელობა ამას მაინც არ ჰქონდეს, რადგან შესარჩევი ეტაპიდან მუნდიალზე (პლეი-ოფში მაინც) A დივიზიონის ყველა (ოთხი) გამარჯვებული ნაკრები მოხვდეს.
რა სიტუაციაა ახლა?
მართალია, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული, თუმცა უკეთ გასაგებად ავხსნით, რა იქნება, "ერთა ლიგა" ახლა რომ სრულდებოდეს.
ტურნირის მთავარ დივიზიონს ამ ეტაპზე ასეთი ლიდერები ჰყავს - პორტუგალია, იტალია, გერმანია და დანია (ჩავთვალოთ, რომ აქ ესპანეთის ნაკრების გადასვლის დიდი შანსია). თუკი ამ (ჯგუფის გამარჯვებული) ნაკრებებიდან რომელიმე (ან ყველა) მსოფლიოზე შესარჩევიდან (პლეი-ოფში მაინც) გავა, ისინი B ლიგის საუკეთესო გუნდებმა (არ დაგვავიწყდეს ისიც, ჯგუფში გამარჯვება მომავალში ავტომატურად A ლიგის საგზურს მოგვიტანს) შესაბამისი თანმიმდევრობით უნდა ჩაანაცვლონ. ჩვენი დივიზიონის საუკეთესო გუნდი ახლა საბერძნეთის ნაკრებია (მათაც 6 ქულა აქვთ და ბურთები 5:0), ანუ A დივიზიონის ნაკრებების ჩანაცვლების პირველი არჩევანი ამ ეტაპზე მათია. ისე კი, მთავარი ლიგის ზემოთ ჩამოთვლილი ნაკრებები რომ შესარჩევ ეტაპზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ, ამის შანსი არც ისე მაღალია.
დარჩენილი მატჩები "ერთა ლიგაზე":
11.10. პოზნანი(პოლონეთი). უკრაინა - საქართველო;
14.10. თბილისი("მესხი"). საქართველო - ალბანეთი;
16.11. ბათუმი. საქართველო - უკრაინა;
19.11. ოლომოუკი. ჩეხეთი - საქართველო.
რა ხდება შემდეგ?
შესარჩევი ეტაპის 12 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე გავა. ევროპას კიდევ 4 ადგილი რჩება, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გასულმა 12-მა ნაკრებმა და "ერთა ლიგის" ოთხმა წარმომადგენელმა უნდა გაინაწილონ. შეიქმნება 4 ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულები პირდაპირ მუნდიალზე გავლენ.
ჯგუფებში ჩატარდება ორი პლეი-ოფი იმ სისტემით, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ გვინახავს. პლეი-ოფის ნახევარფინალში (სპორტული პრინციპით) "ერთა ლიგიდან" გასული ნაკრებები სტუმრად ითამაშებენ, ფინალის მასპინძლები კი წილისყრით (სადაც ორჯერ გაგვიმართლა და გადამწყვეტი შეხვედრები თბილისში ჩავატარეთ) გაირკვევა. პლეი-ოფები 2026 წლის მარტში ჩატარდება.
და შესარჩევი?
ჯერ ცნობილი არაა, მომავალი წილისყრის დალაგებაში "ერთა ლიგის" საბოლოო შედეგები გავლენას რამდენად მოახდენს. ფიფას რეიტინგის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში (არის შანსი, მეორეშიც ვიყოთ) მოხვდება, სადაც ჩვენზე ძლიერად მიჩნეული ორი მოწინააღმდეგე იქნება, ჯგუფები კი 4 ან 5-გუნდიანი შეიქმნება.
უეფაში 55 ქვეყანაა, მაგრამ საქმეში რუსეთის ნაკრებს ისევ ვერ ვიხილავთ. ამ მომენტისთვის, ფიფას რეიტინგით, საწყისი ორი კალათა (ჩვენს ზემოთ მყოფი ნაკრებები) ასე გადანაწილდებოდა:
I - საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, ხორვატია, გერმანია, შვეიცარია, დანია, ავსტრია;
II - უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია;
საუკეთესო ვარიანტი ბევრს სხვადასხვანაირად წარმოედგინება, ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, ის მაინც ავსტრია და ისევ ჩეხეთი ან შოტლანდია იქნება, ყველაზე უარესი კი - ესპანეთი და თურქეთი ან სერბეთი. შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება მართლაც ურთულესი იქნება, მეორე ადგილიდან და "ერთა ლიგიდან" გასვლას შორის კი არსობრივად ის განსხვავებაა, პლეი-ოფის ნახევარფინალს სად ჩაატარებ.
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველას სულმოუთქმელად გვსურს. იქამდე რთული გზაა და ბევრი მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა!..
განცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..
წარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]