შიში ოხერია - რატომ უფრთხიან საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მთავარი კითხვა იყო - გააგრძელებდა თუ არა საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად თამაშს, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონათება იყო. არათუ გააგრძელა, არამედ უკვე სულ სხვა დონეზე წარმოაჩინა თავი.

ჩეხები მიიჩნევდნენ, რომ ევრო 2024-ზე ჰამბურგში „ჯვაროსნებთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შედეგი ლოგიკური არ გახლდათ და გამარჯვებას იმსახურებდნენ. თბილისში ჩამოსვლისას მათმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა, რომ დიდი მოლოდინებით გვეწვივნენ; გუნდის კაპიტნის, ტომაშ სოუჩეკის თქმით კი, 3 ქულის მოსაპოვებლად მაღალი შანსები ჰქონდათ. და წააგეს 1:4. ჩვენი ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს იძულებითი
ცვლილებების და ალბანეთთან დაპირისპირების წინ დასვენების მიზნით ერთბაშად 4 ფეხბურთელი რომ არ გაეყვანა მოედნიდან, არაა გამორიცხული, ანგარიში კიდევ უფრო გამანადგურებელი გამხდარიყო.

მაინც რა შეიცვალა ამ ორთვე-ნახევარში და რისი წყალობით თამაშობს გუნდი გაცილებით უკეთ? შემადგენლობა იგივეა, სტრატეგიაც, ტაქტიკაც, უბრალოდ ფეხბურთელები მეტად თვითდაჯერებულები გახდნენ და საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნეს. ევრო 2024 სანიოლის კრებულისთვის უდავოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო შორს გასვლაც შეეძლოთ - მერვედფინალში მინცდამაინც ჩვენ შეგვხვდა მომავალი ჩემპიონი ესპანეთი, რომელთანაც მსაჯმა პირველი ტაიმის დასასრულს მეტოქეს არჩასათვლელი გოლი ჩაუთვალა და თანაც, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო, რომელიც საკვანძო ფიგურაა და რომლის არყოფნისას სათამაშო სისტემა იშლება. „ფურია როხა“ იმ დაპირისპირებისას დიდ უპირატესობას ფლობდა და იმას არ ვამტკიცებ, თითქოს უთუოდ უნდა დაგვემარცხებინა, თუმცა შანსი არსებობდა და ყოველი შემთხვევისთვის, „სადაც ჯერ არს“, პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს, შესვენებაზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი საყაიმო ანგარიშით გაეყვანათ. ისიც აღსანიშნავია, შეხვედრა ახლა რომ ჩატარებულიყო, საქართველოს ნაკრები ასეთი რიდით არ გავიდოდა მრისხანე მოწინააღმდეგესთან მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, მთლად ისეთი ვერაა, როგორც ანდრეს ინიესტას და ხავის დროს. შეიძლება ზოგიერთი ამაში არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არა უშავს, დიდ გუნდებთან პაექრობის საშუალება კიდევ მოგვეცემა და დასამტკიცებელი ჩვენმა ბიჭებმა უნდა დაამტკიცონ.

ჩეხეთზე გაცილებით ფასეულად მიმაჩნია ალბანეთის 1:0 ძლევა, რამეთუ დიდ ტაქტიკურ ჭიდილში დავჯაბნეთ მასპინძლები. დავჯაბნეთ კლასით და სანიოლის სწორი ტაქტიკის ხარჯზე. მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ კიდეც, რომ უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს ბურთი კარში არ დაარტყმევინა. საქართველოს ნაკრები ელემენტარულად უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ძველებურად შეტევაში სრულად ხვიჩა კვარაცხელიაზე აღარაა დამოკიდებული. ვიზავისთვის საფრთხე ნებისმიერისგან მომდინარეობს და ყველას როგორ გაანეიტრალებენ? მარტო კვარაცხელიას ორი მეურვე ჰყავდა მიჩენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი იერიშებში მონაწილეობას სრულფასოვნად ვერ იღებდნენ, წინ ვერ მიდიოდნენ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უმალ დაისჯებოდნენ. სიტყვაზე - სულ რომ არაფერი შექმნას ხვიჩამ, მაინც ძალიან სასარგებლოა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საოცარია, რადგან პარტნიორებს სივრცეებს უთავისუფლებს და ისიც აუცილებლად სათქმელია, ფრანგ სპეციალისტს ძალიან, ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი კარგი თაობა შეხვდა. თუმცა მის დამსახურებას იოტისოდენადაც არ ვაკნინებ. მან შექმნა ერთიანი, ბრძოლისუნარიანი გუნდი კარგი ატმოსფეროთი, ჩამოაყალიბა სისტემა, დაამყარა სათამაშო დისციპლინა, აბსოლუტურად დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებაში, ახლა კი უკვე შეუძლია, პოტენციალიდან გამომდინარე, ეს სისტემა საჭიროებისამებრ გადააწყოს და შეცვალოს კიდეც. ოღონდ ამისათვის უფრო სწრაფი მცველებია აუცილებელი, ასეთები კი ჯერჯერობით არ ჩანან.

ალბანეთი საკუთარ სტადიონზე გოლის გაშვების შიშით გავიდა და უფრო ფრის მისაღწევად თამაშობდა. მათმა მწვრთნელმა სილვინიომ შესანიშნავად განსაზღვრა ქართველების შესაძლებლობები და ძალიან ფრთხილობდა. მოდით, ერთი წუთით საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციიდან შევხედოთ საქმეს: მთელი ჩვენი გუნდი გასულ ორ მატჩში დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდა და სწრაფი კონტრშეტევებისას ნებისმიერ შემტევს შეეძლო გატანა. თამაშს ვერ გაუხსნი, ვინაიდან, მაშინ ის დაგემართება, რაც ჩეხეთს, რომელმაც საკუთარ კარში 4 გოლი მიიღო და უფრო მეტიც შეიძლებოდა გაეშვა. სწორედ ეს განაპირობებს შიშს (ამასაც მოვესწარით, როდესაც ჩვენი ეშინიათ), მაგრამ თუ ძალიან არ გაუმართლა, მოწინააღმდეგე უმეტეს შემთხვევაში მაინც წაგებული დარჩება. ტირანაში გატანა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძეს (ორჯერ), ოთარ კაკაბაძეს, ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს შეეძლოთ, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის გოლი შედევრი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ალბანელმა გულშემატკივრებმა მთავარ დამნაშავედ მეკარე ტომას სტრაკოშა მიიჩნიეს, რომელმაც თავისი გუნდი დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ოქტომბერში ქულათა მაქსიმუმი დავაგროვეთ და რაც მთავარია, ნაკრებმა თვისობრივად მოუმატა, მაგრამ მიღწეულმა ფეხბურთელებს თვითდამშვიდების და ეიფორიაში ჩავარდნის უფლება არ უნდა მისცეს. წინ უქულო უკრაინასთან, რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, ასევე ალბანეთთან და ჩეხეთთან მძიმე შეხვედრები გველის. ერთი სიტყვით, ერთა ლიგის მორიგი გათამაშება ჩვენმა გუნდმა ჩინებულად დაიწყო და უკეთესის მოლოდინში ვართ.

Sportall.Ge

საქართველო მოსახლეობით მრავალრიცხოვანი არაა, არც სიმდიდრით გამოვირჩევით, მაგრამ ევროპირველობაზე მასპინძლებისა და თურქების შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჩვენს გუნდს ჰყავდა. მის მხარდასაჭერად ათიათასობის ადამიანი გაემგზავრა და ამაღელვებელი სანახავი იყო გერმანიაში ქართული მარშები. ვინც ვერ შეძლო წასვლა, ვისაც ფეხბურთი უყვარს და არ უყვარს, ესმის და არ ესმის, ყველა მთელი ტურნირის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდა ნაკრებს. ეს ხალხი საუკეთესოს და სიხარულის ღირსია. აი, ესაა ჭეშმარიტი საქართველო. რატომღაც 1976 წლის 3 სექტემბერი გამახსენდა, როდესაც საბჭოთა კავშირის თასის ფინალში თბილისის „დინამომ“ „არარატი“ 3:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის აღმავლობის ხანა დაიწყო. ახლა ქართული ფეხბურთის რენესანსი იწყება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 27 /
საქართველო დაადგა იმ გზას რასაც ხორვატია 90 იან წლებში,ასე თუ გავაგრძელეთ და არ შევჭამეთ ერთმანეთი,უახლოეს ხანში რომელიმე დიდ ტურნირზე საპრიზო ადგილს შევეჭიდებით.
Რერო
19:16 13-09-2024
3
ზედმეტ ეიფორიაში არ გადავარდეთ
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული