"გოგლიჩიძე ერთ მატჩში მაინც სასტარტოში იქნება" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
"ერთა ლიგაზე" გადამწყვეტი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: "უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე მსგავსი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან მისი შეცვლა სიტუაციამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არ ვარ. როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ მოლოდინები, თუ როგორ ვითამაშებთ.

მომავალში ილია ბერიაშვილის გამოძახება? ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი მცველები გვყავს. წარსულშიც არაერთი უკანახაზელი გამოვცადეთ - კალანდაძე, ხვადაგიანი. შესაძლებელია, ვინმე უცებ გამოჩნდეს, მაგალითად, ასეთი გოგლიჩიძეა. ნოემბერში, მინიმუმ, ერთ მატჩში
ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაპირისპირება საინტერესოა. ჩემი სიმპათიები "სენტ ეტიენისკენაა", მაგრამ მთავარი ჩვენი ფეხბურთელების ფორმაა. დავითაშვილმა ბოლო პერიოდში სერიოზულად მოუმატა. თავდაჯერება მოემატა გიორგი მიქაუტაძეს და თავდაჯერებული გიორგი ძალიან გვჭირდება!..

მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს ერთს ტრავმა ჰქონდა, მეორეს პრაქტიკა აკლდა, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და ისინი აქ არიან. ყოველთვის ვცდილობდი, მექვაბიშვილი გუნდის ნაწილი მაშინაც ყოფილიყო, როცა გუნდთან ერთად არ იყო, კვეკვესკირის როლი კი გასახდელში დიდია. ახლა ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი არ არიან და ეს ხაზს კონკურენციას უსვამს.

ალბანეთთან შეხვედრაში სკამზე შემტევების ნაკლებობა იყო. ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა, მაგრამ შეხვედრას რამდენჯერმე ვუყურე და ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაკრებმა სწრაფ განვითარებას მიაღწია. ამის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნებოდა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა. მომდევნო ორი მატჩი სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით. გულშემატკივრებს პირველი ადგილი სურთ. ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ამოცანაა, ამ დონეზე სტაბილურობას მივაღწიო. პორტუგალიასთან და სხვა ძლიერ ნაკრებებთან დაპირისპირება გამონაკლისი არ უნდა იყოს. ნოემბერში მეტი კონცენტრაცია, გუნდურობა და უკეთესი მენტალილეტი გვმართებს!..

გუნდში მშვენიერი განწყობაა. ფეხბურთელებს ბოლო ერთი წლის "გადახარშვა" სჭირდებათ, რაც მარტივი არაა. სულ იმის ახსნა მიწევს, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება არ არსებობს. ხვიჩა კვარაცხელია კარგი მაგალითია. მას პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ძველებურად უნდა ემუშავა.

გულიაშვილის შესაძლებლობების უშუალოდ ნახვა მსურდა. ბოსნიის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის შეჯიბრი, მაგრამ გულიაშვილი ძალიან მონდომებულია და მას შანსი მომავალშიც მიეცემა... რაც შეეხება გოგლიჩიძეს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს, ის ეროვნულ გუნდშიც უნდა თამაშობდეს. ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ!..

უკრაინას ჩვენთან ბევრი პრობლემა მათ შემტევ ხაზს არ შეუქმნია. აგრესია გვაკლდა, არადა, ჩვენ წარმატებას მის ხარჯზე მივაღწიეთ. ახლა მისი დაბრუნება გვჭირდება!..

ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ, წამყვან კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ საფეხბურთო ბაზარზე სხვა ვითარებაა. მათ ვურჩევ, ასეთივე შრომა განაგრძონ!.."

ალექსანდრე იაშვილი: "იმედი მაქვს, სტადიონი 21-წლმდელთა ნაკრების შეხვედრაშიც გაივსება, გულშემატკივართა მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბათუმის "დინამო" ბოლო პერიოდში საკუთარ არენაზე არ თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, ბათუმში საფარი საუკეთესო ვითარებაში დაგვხვდება. ჩვენი თამაშისთვის კარგ საფარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სიგუა ბოლომდე მზად რომ არ იყოს, სვანაძე ახალგაზრდულში არ გამოიძახებდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მას ბევრი გაუცდა, მთავარი მისი ჯანმრთელობაა.

მნიშვნელოვანია, ნაკრებმა რეგიონებშიც ითამაშოს. ქართველმა გულშემატკივრებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ!..

ზივზივაძე კარგ სეზონს ატარებს. იმედია, ბუნდესლიგაში დაწინაურდებიან. ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მაღალ დონეზე რაც უფრო მეტი ითამაშებს!.."


altვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 21 /
ეხ ვილი ვილი! უკვანტო საქმე საკვანტოდ როგორ გაიხადე წინა თამაშებში! ერთს ვიტყვი, რომ უკრაინას აუცილებელი მოგება უნდა (ასევე ჩვენც მოგება გვინდა) და აქედან გამომდინარე უნდა ავაწყოთ თამაში! აი მერე უკვე შევხედოთ ჩეხეთთან ამბავს, მაგრამ ჩეხეთი გადაურბენს ამ ალბანეთს და გაუხდება ათი ქულა! ასეთ შემთვევაში ჩვენი შანსები იზრდება მეორე ადგილისთვის! რა თქმა უნდა, თუ უკრაინას მოვუგებთ! უნდა შევეცადოთ ორივე თამაში მოვიგოთ! ჩვენ ბიჭებს შესწევთ ამის ძალა!
მწვრთნელი
14:11 08-11-2024
2
ვილი შიშებს არ გადავყვეთ.

ვილი გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება უკვე შეცდომაა. ვილი აღარ არის დრო შიშების, მოქმედებაა საჭირო. მარტო ერთ ერთში კი არ უნდა დაიწყოს გოგლიჩიძემ ძირითადში, უნდა დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში და ნდობა უნდა გამოუცხადოთ ყველამ. ბერიაშვილიც უნდა იქნეს მოწვეული ნაკრებში, ის მშვენივრად თამაშობდა ახალგაზდულში და ახლაც უნგრეთში კარგად თამაშობს. გოჩოლეიშვილს უნდა ქონდეს დრო ნაკრებში, რომ თავი წარმოაჩინოს. მსოფლიოს შესარჩევში ხომ არ დაიწყებ ექსპერიმენტებს? კაშიამ დიდი სამსახური გაუწია ნაკრებს და ჯერ კიდევაც შეუძლია სათადარიგოში იყოს, ახალგაზდებს ზურგი გაუმაგროს. დაცვის რგოლი გაახალგაზდავებას ითხოვს დიდი ხანია. ზუსტად ახალგაზდებმა წინა ხაზში შეტანილი ენერგიით ნაკრები დაამსგავსეს ნაკრებს და რატომ გეშინია ახალგაზდების უკანა ხაზში დამკვიდრების? აგერ ბარსა მაგალითია ახალგაზდების ნდობის, ან რათ გვინდა ბარსა, როცა 19 წლის ახლგაზდა ჯერ ჩაკვემ ათრია ნაკრები და მერე ისევ 19 წლის კვარამ აიყვანა სხვა დონეზე. გოგლიჩიძეს გამოუცხადე ნდობა და დაეხმარე ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი. გოგლიჩიძე და საზონოვია ის კედელი რომელიც იქნება მომავალში ნაკრებუს იმედი. ახალგაზდა მამარდას ნდობა გამოუცხადეს ვალენსიაში და მან ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ამოაგდო ძირითადიდან. სულ რაღაც 2-3 სეზონში კი 10 საუკეთესო მეკარეთა ნომინანტებში მე-7 ნომრად გახდა. ჩვენ გვყავდა და გვყავს ისევაც ნიჭიერი ახლგაზდობა და ეს ჩამოთვლილი მაგალითებიც საკმარისი უნდა იყოს რომ ყველამ ერთად დავიჯეროთ ჩვენი ბიჭების. ყველასთვის უცნობი ქოჩორა ნაკრებში პირველივე თამაშიდან შეუცვლელ ლიდერად მოგვევლინა. ეს ყველა ფაქტი ნუთუ ცოტაა რომ ახალგაზდა ბიჭებს ნდობა გამოუცხადოთ?
G.LA
16:58 08-11-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული