მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

AutoSharing Option
"სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი, აი, პირველი -
რის სიყვარულიც მე მისწავლია" (გალაკტიონი)

ერთი წელი გავიდა დიდი ზეიმიდან - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! ესაა დღე, რომელსაც ბევრი საუბარი არ უხდება, კიდევ უნდა შეხვიდე იმ გრძნობების მორევში, მაშინ რომ დაგვუუფლა. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, ყველაფერ ამას ევრო 2024-ზე ღირსეული თამაში და პლეი-ოფში გასვლა რომ მოჰყვა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა: "ყველაფრის გაანალიზება უფრო გვიან
ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!"

Sportall.Ge

მართლაც, ჩვენ ამ სიხარულისა და სიამაყის განცდას გვიან უკეთ ვიაზრებთ. ახლა უკვე ერთი წუთითაც არ გვინდა წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გარეშე...

"საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!" - თქვა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარტინესმა და თითქოს ეს მთელ პერიოდს ეხებოდა - 26 მარტიდან 26 ივნისამდე...

ხვიჩა კვარაცხელია რონალდოს პორტუგალიასთან გადამწყვეტი მოგების შემდეგ, სადაც მანაც გაიტანა: "ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ." ეს ის მენტალობაა, რამაც ამ თაობის ბიჭები აშკარად სხვა მასშტაბის წარმატებამდე მიიყვანა. ზუსტად ასეთი დამოკიდებულებები იყო საჭირო.

Sportall.Ge

ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ გამოვაქვეყნეთ:

"რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია."

Sportall.Ge

დაბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შეფასებებისას ვწერდით - "მერვედფინალში კვლავ საქართველოს ჰიმნის მოსმენა უდიდესი ჟრუანტელის მომგვრელი იყო - ყველა ოცნება ასრულებულია, იმან, რაზეც ბავშვობიდან ბევრი გვიფიქრია, ჩვენ თვალწინ ჩაიარა."

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმოუდგენელია 18 ნოემბრის (სულ პატარა, 10 წლის ვიყავი), 3 სექტემბრის, 13 მაისის და 26 მარტის დავიწყება!
18 ნოემბერი. მახსოვს როგორ ვტიროდი გაკვეთილზე უფროსკლასელებმა რომ მითხრეს, ტორპედომ გოლი გაგვიტანაო. წამოვედი სახლში და იქ, უკვე 3-1 იყო. უბედნიერესი ვიყავი. მამა რუსთაველზე მუშაობდა და მთელი ლენინის მოედანი გადაჭედილი იყო ხალხითო! ვიღაცას სტალინის სურათიც ქონდა გამოტანილიო, რაც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.
3 სექტემბერი და 13 მაისი უკვე ბევრს ახსოვს.
26 მარტის ტოლი გამარჯვებები ბევრი მინდა! რომ გაიხაროს ქართულმა გენმა, საქართველომ! რომ ერთად იყოს მთელი ერი!
alexandre
12:51 26-03-2025
0
ვინც იმ დღეს შევესწარით მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, დღე როცა ყველა ერთად ვიდექით სამშობლოსთვის და გავიმარჯვეთ.
ნიკა
11:21 26-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული