შეგახსენებთ, რომ მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, ხოლო დაღესტნელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ჯაბა ლიპარტია, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩამდე ნავალოვსკის ინტერვიუ ჩამოართვა სკა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა. საიტზე ვკითხულობთ, ქართველი ხაბაროვსკში ძალიან უყვართ და გუნდის დღევანდელ შემადგენლობაში გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშეა.
"წელს ამ გუნდში მესამედ დავბრუნდი. ამჟამად, ხაბაროვსკის სკა პრემიერლიგაში თამაშობს და
სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ გულშემატკივარს ვუყვარვარ. ასეთ დამოკიდებულებას ვერ ავხსნი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის ხაბაროვსკი განსაკუთრებული ქალაქია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
მახაჭყალაში კი რუსეთში პროფესიულ კარიერას ვიწყებდი. მადლიერი ვარ "ანჟის", თავის გამოჩენის შანსი რომ მომცა. ეს კარგი დრო იყო, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. თუმცა "ანჟი" ახლა სულ სხვა კლუბია. მაშინ საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდით, რომელიც ქალაქიდან ჩრდილოეთითაა. დღესდღეობით გუნდი "ანჟი არენაზეა" განთავსებული. რეკონსტრუქციის მერე სტადიონიც შეიცვალა", - ამბობს ნავალოვსკი.
მას საქართველოს ნაკრების სლოვაკ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე ჰკითხეს - გუნდში რა ენაზე ურთიერთობს მოთამაშეებთანო, რაზეც ნავალოვსკიმ უპასუხა:
"რუსულად ვლაპარაკობთ. ვაისმა ეს ენა საკმაოდ კარგად იცის და ვარჯიშებსა თუ თეორიულ მეცადინეობაზე რუსულად გველაპარაკება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"