ლეგიონის ანონსი: ქართველთა ბრძოლები კოპენჰაგენში, მოსკოვში, ვაშინგტონში...

AutoSharing Option
23 სექტემბერს ათამდე ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშებენ ქართველი ლეგიონერები. მოლოდინი გვაქვს ქართული გოლებისა და კარგი თამაშის ლეგიონერების მხრიდან. თუ ვის მატჩებს ველოდებით დღეს, ქვემოთ წარმოდგენილ ანონსში იხილეთ.

15:00
(თბილისის დროით)
"ზირკა"-"შახტარი": ძირითად შემადგენლობაში ველოდებით დავით ხოჭოლავას, რომელიც წინა ტურში "ჩერნომორეცთან" დაპირისპირებაში უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მცველი კარგად გამოიყურება და დაცვის ხაზში მისი სტაბილურობა მეტოქის თავდამსხმელებს ბევრ პრობლემას უქმნის. გიორგი არაბიძე კვლავ "შახტარის" ახალგაზრდული გუნდში თამაშობს და გუშინ ის გოლითაც გამოირჩა.
- გიორგი არაბიძემ ჯარიმიდან მორიგი გოლი გაიტანა

17:00
"სილამაე"-"ფლორა":
ტალინელთა ქართველი ბომბარდირი ზაქარია ბეგლარიშვილი საუცხოო ფორმაშია და თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვს. ბეგლარიშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მისთვის მასპინძელი გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს. ჩვენებურს ესტონეთის მეისტრილიგაზე 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.

18:00
"რაპიდი"-"ვოლფსბერგერი": თასზე გოლის შემდეგ, გიორგი ქვილითაიას ძირითადში უნდა ველოდოთ. ქართველის გუნდი ბუნდესლიგაში სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ მისი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა და "ალიანს არენაზე" მორიგი სამი ქულის ჩაწერას შეეცდება. "რაპიდი" 10 ქულით მე-8 ადგილზეა.

19:00
"ბატე"-"სლუსკი": უცნობი მიზეზების გამო, ვაკო გვილიას კარგი პერიოდი არ უდგას გუნდში. ქართველს არათუ ძირითადში, სკამზეც ვეღარ ვხედავთ, ბოლოს კი ის 9 სექტემბერს ვნახეთ ბორისოველთა შემადგენლობაში... იქნება თუ არა დღეს ვაკო შემადგენლობაში, უცნობია, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ჩვენებურს ვიხილავთ მოედანზე.

20:00
"კოპენჰაგენი"-"სილკებორგი": თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, საღამოს რომელ თამაშს უყუროთ, სწორედ დანიის ჩემპიონატის X ტურის ამ მატჩის ყურებას გირჩევთ - კოპენჰაგენელების წინააღმდეგ ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ქართველი შემტევები: მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე იასპარეზებენ. ბოლო ორ თამაშში ქართველების მონაგარი: ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროტურნირის საგზურისთვის მებრძოლი "სილკებორგი" დანიურ გრანდთან ჭიდილს.

"პოგონი"-"გორნიკი": ლაშა დვალს გუნდში ენდობიან და თითქმის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაშია. პრობლემებია აქვს მათე ცინცაძეს, რომელსაც სკამიდან უწევს თამაშის ყურება და ჯერჯერობით ვერ მოიპოვა მთავარი მწვრთნელის ნდობა. "პოგონს" სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელო აქვს, 8 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

"სპარტაკი"-"ანჟი": ამ თამაშში შეიძლება ერთბაშად სამი ქართველი ვიხილოთ ძირითადში ან სამივე - სკამზე. დავიწყოთ მასპინძელი "სპარტაკით", რომელსაც ჯანო ანანიძე სათასო მატჩში ორი საგოლე პასით დაუბრუნდა. სამწუხაროდ ამ სეზონში ქართველ ნახევარმცველს მთავარი მწვრთნელი ნაკლებად ენდობოდა, ჯანო კი ყველა თამაშში ამტკიცებდა, რომ ძირითად შემადგენლობას იმსახურებდა. ვნახოთ, ამჯერად რას გადაწყვეტს მასიმო კარერა.

რაც შეეხება მახაჭყალის გუნდს, ჯაბა ლიპარტია სათასო დაპირისპირებაში ძირითადში ვიხილეთ, მაგრამ ჩემპიონატში სულ სათადარიგო შემადგენლობაშია. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას კი ჯერ დებიუტიც არ ჰქონია ახალ გუნდში.

21:15
"მორეირენსე"-"სპორტინგი": გიორგი მაკარიძეს მძიმე გამოცდა ელის, მას პორტუგალიური გრანდის შეტევების გამკლავება მოუწევს. არადა, 27 წლის ქართველ მეკარეს ამ სეზონში გუნდში თამაში არ ჩაუტარებია, მაგრამ თავისი კონკურენტების არასტაბილური გარჯის გამო დღეს ძირითადში მოიაზრებენ.

22:30
"კორონა"-"ვისლა": კვლავ ველოდებით ნიკა კაჭარავას პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნებას. ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და "კორონას" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

03:00
"დისი იუნაიტედი"-"სან ხოსე": ვაკო ყაზაიშვილის გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო მასპინძელი გუნდი ლიგის აშკარა აუტსაიდერია და კალიფორნიელებს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ. რაც შეეხება ვაკოს, ის ბოლო თამაშში ძირითადში იყო, მისი მონაგარი კი ამ სეზონში რვა თამაშში სამი გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული