ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?

AutoSharing Option
30 სექტემბერი ქართველი ლეგიონერებისთვის დატვირთული დღეა. მოლოდინი გვაქვს ქართული გოლებისა და კარგი თამაშის ლეგიონერების მხრიდან.

თუ ვის მატჩებს ველოდებით დღეს, ქვემოთ წარმოდგენილ ანონსში იხილეთ.

12:30
"სკა ხაბაროვსკი"-"როსტოვი": რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ნავალოვსკის "სკა ხაბაროვსკი" გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად იბრძვის, გუნდის მიზანი ამ სეზონში პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. საქართველოს ნაკრები მცველს ძირითადში უნდა ველოდოთ.

14:00
"ტულევიკი"-"ფლორა": ზაქარია ბეგლარიშვილის კლუბი აუტსაიდერს სტუმრობს და ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ. ქართველი შემტევი მშვენიერ ფორმაშია და ესტონეთში ქართულ გოლებს უნდა ველოდოთ.

"ქაისარი"-"ოკჟეტპესი": გოგიტა გოგუას გუნდს ცუდი პერიოდი
უდგას, "ოკჟეტპესი" ყაზახეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა და მცირე შანსი აქვთ ლიგაში დარჩენის. ვერც ქართველი შემტევი გამოირჩევა შედეგიანობით და ვერ ახერხებს გუნდის სრულფასოვნად დახმარებას.

15:00
"ატირაუ"-"შახტარი": ყაზახეთის პრემიერლიგაში კარგი პერიოდი არც უჩა ლობჟანიძისა და ვლადიმერ დვალიშვილის კლუბს უდგას. "ატირაუ" მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. საქართველოს ნაკრების წევრებს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

18:00
"ესკლისტუნა"-"იონკოპინგსი": ქართულ მედიაში სულ დაივიწყეს ზურაბ ცისკარაძე, რომელსაც შვედეთის უმაღლეს დივიზიონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ჩვენებურის გუნდი გასავარდნ ზონაშია და მეტოქე უშუალო კონკურენტია. ცისკარიძეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

19:00
"ფერეირა"-"მორეირენშე": "მორეირენშეს" ხელმძღვანელებს გიორგი მაკარიძის მიმართ ჯერ კიდევ არ განელებიათ წყენა. ვიმედოვნოთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს ძირითადში ვიხილავთ.

20:00
"სპარტაკი"-"ურალი": სამწუხაროდ, ქართველ შემტევთა დუელს ვერ ვიხილავთ რუსეთის პრემიერლიგაში - ჯანო ანანიძე კვლავ ვერ იასპარეზებს ტრავმის გამო. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ და მორიგი პენალტიც რომ გაიტანოს, არ გაგვიკვირდეს. ჭანტურია პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში მე-9 ადგილზეა 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით.

"ბალმაზივაროში"-"ფერენცვაროში": უნგრეთის პირველობაზე ბომბარდირთა დავაში ბაჩანა არაბული მე-7 ადგილზეა 4 გოლით, ხოლო მისი და გიორგი მაისურაძის გუნდი კი ბოლო ადგილზეა 6 ქულით და საშინელ ფორმაშია. დღევანდელ თამაშშიც სტუმართა გუნდი ფავორიტია, ხოლო ქართველი ლეგიონერების "ბალმაზივაროშისთვის" ფრეც სასურველია.

"პოგონი"-"კორონა": ჯერ კიდევ უცნობია, შედგება თუ არა ქართული დაპირისპირება პოლონეთის ექსტრაკლასაში. ლაშა დვალს მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, ხოლო მათე ცინცაძეს სათადარიგოთა სკამზე. რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას, უცნობია, იქნება თუ არა ნიკა კაჭარავა.

20:30
"მატესბურგი"-"რაპიდი": გიორგი ქვილითაიას ავსტრიის ბუნდესლიგაში ჯერ გოლი არ გაუტანია და რა თქმა უნდა, თავდამსხმელი შედეგიანობით ფასდება. ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, "რაპიდიც" არასტაბილურად ასპარეზობს, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია აქვს. ვენის გუნდს 9 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს: 3 მოგება, 4 წაგება და 2 ფრე.

22:00
"ტრენჩინი"-"მორავცე": შესანიშნავ ფორმაშია გიორგი ბერიძე, რომელმაც ბოლო ტურში დუბლი შეასრულა. "ტრენჩინი" ამ მატჩში ფავორიტია და სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება. დიდი ალბათობით, ქართველ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
- გიორგი ბერიძემ "ტატრანს" ორი გოლი გაუტანა
06:30
"სან ხოსე"-"პორტლენდი": ვაკო ყაზაიშვილის გუნდი იმდენად არასტაბილურად ასპარეზობს, რთული სათქმელია, ფავორიტია თუ არა ამ მატჩში. ბოლო ორ ტურში წაგებით "სან ხოსემ" სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიფუჭა და პლეი ოფის ზონაში ადგილი დაკარგა. 31 ტურის შემდეგ კალიფორნიელები 39 ქულით მე-8 ადგილზე არიან. 9 ტური დარჩა პლეი ოფების დაწყებამდე, რომელშიც დასავლეთ დივიზიონიდან ექვსი საუკეთესო იასპარეზებს. რაც შეეხება ყაზაიშვილს, მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ იმ ლოგიკით, რომ წინა ტურში "სან ხოსემ" ერთადერთ გოლი მისი გადაცემით მიითვალა.
- ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეში" საგოლე გადაცემა შეასრულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული