ჩოჩიშვილმა მიმდინარე სეზონი პრაღის "სლავიაში" დაიწყო, თუმცა გუნდმა იგი "ვოლინში" გაანათხოვრა.
ახალგაზრდა გოლკიპერი ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილია.
Sportall.ge გიორგი ჩოჩიშვილს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორც ვიცით, კლუბმა გაგანათხოვრათ და მიმდინარე სეზონს სლოვაკურ "ვოლინში" ჩაამთავრებთ...
- "სლავიას" 21-წლამდელთა გუნდში ვიყავი, მაგრამ ერთი კვირაა, რაც სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, "ვოლინში" გამანათხოვრა "სლავიამ", სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება.
"სლავიაში" ძალიან დიდი კონკურენციაა და მაისამდე სლოვაკეთის კლუბში ვიქნები, შემდეგ კი
- პრაღის "სლავია" ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. რა შეგმატა, როგორც მეკარეს ამ კლუბმა და რამდენად გაიზარდე ამ კლუბში გადასვლის შემდეგ?
- ძალიან ბევრი რამ შემმატა და ყველანაირად ძალიან გავიზარდე. "სლავიას" ძალიან მაგარი მეკარეების სკოლა აქვს, სადაც ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, რაც ძალიან წამადგა.
- არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც თქვენ "სლავიაში" გადახვედით. მაშინ იყო საუბარი "სიტისა" და სხვა კლუბებზე. რამდენად რეალური იყო მაშინ "სიტის" დაინტერესება და კიდევ რომელ კლუბებში გადასვლის ვარიანტი გქონდათ?
- "სიტიდან" იყო ინტერესი, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რომელიც რეალური იყო, იმ კლუბში წავედი.
საქართველოში მე-3 ლიგაში ვთამაშობდი და ჩეხეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავედი.
ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არარეალური არაფერია.
- როგორ გაიხსენებდით ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს? ქართველმა ახალგაზრდებმა გულშემატკივარი სტადიონისკენ შემოაბრუნეთ და სულ ცოტა დაგაკლდათ ჯგუფიდან გასასვლელად...
- ეგ ეტაპი ჩემი ცხოვრების გამორჩეული ნაწილია... მართლაც მოვაბრუნეთ ხალხი და ნახევარფინალში გასასვლელად ცოტა დაგვაკლდა.
მთლიანობაში კი, ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებდი.
- ჩეხეთის ნაკრებთან ბოლო შეხვედრა გულშემატკივრის ცუდი საქციელის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ და ზოგადად, რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ საქციელზე?
- რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი სასიამოვნო არ არის, მაგრამ მე გულშემატკივრების მთელი გულით მესმის, რადგან ის ამ დროს ემოციებშია.
მე არ შემიძლია ან გავამართლო, ანდაც გავამტყუნო აღნიშნული საქციელი.
- ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბში მიდიან, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- არ ვიცი, მე სხვაზე ვერ ვილაპარაკებ... თუმცა, შესაძლებელია, პრობლემა ხასიათსა და ადაპტირებაში იყოს.
- როგორი პირობებია საქართველოში ფეხბურთელის განსავითარებლად?
- ნორმალური პირობებია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა გააჩნდეს ბაზა და სავარჯიშო კომპლექსი.
- თქვენ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ხართ; ასევე, გითამაშიათ ახალგაზრდულ ნაკრებში და ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელთან გაქვთ შეხება. რას იტყოდით, როგორი თაობა ეზრდება ქართულ ფეხბურთს?
- კარგი თაობა იზრდება, მაგრამ ყველაფერს მარტო ნიჭი ვერ უშველის... ამ ყველაფერს სწორი განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება.
- თქვენი მიზანი, ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და თავის დამკვიდრებაა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ეროვნულ ნაკრებამდე მივალ, უნდა დავამტკიცო, რომ ამის ღირსი ვარ.
ეროვნულ ნაკრებში თამაში არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
- რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც მოედანზე ეროვნული ნაკრების ფორმით გამოდიხართ?
- ამ დროს სიამაყეს, პასუხისმგებლობას და მოტივაციას ვგრძნობ...
- არ შეგვიძლია არ ვახსენოთ ლეგენდარული სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის სახელი. რას ნიშნავს თქვენთვის, იყო შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილი და რამდენად დიდ მოტივაციას გძენთ ეს ფაქტორი?
- დამიჯერეთ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სპორტში მოტივაცია მაქვს, ბაბუაჩემს უკავშირდება.
მეც მსურს მივაღწიო ბევრს და ვიყო წარმატებული, როგორც ეს ბაბუაჩემმა გააკეთა.
- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი? რა შემთხვევაში ჩათვლის გიორგი ჩოჩიშვილი, რომ მისი კარიერა შედგა და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
- სამომავლო მიზანი უფრო დიდ გუნდებში გადასვლაა.
ჩემი კარიერა მაშინ შედგება, როდესაც ხალხისგან, ჩემი წარმატებით, პატივისცემას დავიმსახურებ.