ლეგიონის უქმეები: სამი სადებიუტო გოლი - კვიპროსში, ბელგიასა და უნგრეთში [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ მიმდინარე კვირაში ლეგიონერთა მონაგარისა და თამაშების შესახებ ინფორმაციას.

ამერიკა
ქართველთა "სან-ხოსემ" ვანკუვერის "ვაითქეფს" უმასპინძლა და შინ 2:3 დამარცხდა. გურამ კაშიამაც და ვაკო ყაზაიშვილმაც 90 წუთი ითამაშეს. "სან-ხოსე" 25 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 პოზიციაზეა.

ალბანეთი
ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე ტურში ირაკლი ძარიას "კუკეში" "ფლამურტართან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. "კუკეშს" ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს.

ავსტრია
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტურმი" სტუმრად დაუზავდა "ვოლფსბერგერს" (1:1). ამ მატჩში საგოლე გადაცემა გრაცელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. "შტურმი" 8 ქულით
მე-4 ადგილზეა. ავსტრიული პრესა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოკლედ, ახალ გუნდში გადასვლისთანავე მან ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი და "შტურმის" წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.


ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში "ლიეფერინგთან" ფრედ, 0:0 ითამაშა ლევან ელოშვილის "კაპფენგერმა". ელოშვილი შეხვედრაში 75-ე წუთზე ჩაერთო.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამო" 0:0 დაუზავდა "გომელს". ნავალოვსკი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმში 59-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. დედაქალაქური გუნდი მე-18 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

გიორგი ქანთარიას "ნემანმა" 1:0 დაამარცხა მინსკის "ტორპედო". ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. "ნემანი" მე-7 ადგილზეა.

ბელგია
ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "ლოკერენი" 2:1 გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, პირველად შეიყვანეს გუნდის განაცხადში, 87-ე წუთზე შეცვალა გიორგი ჩაკვეტაძე და იმ წუთასვე გაიტანა სადებიუტო, გამარჯვების გოლი. "გენტი" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.


altგიორგი ქვილითაია: ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

კვიპროსი
კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში "ანორთოსისმა" სტუმრად 1:0 სძლია "დოქსას" და ეს ერთადერთი გოლი 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა. ბექა 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 82-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. ფამაგუსტური გუნდის მეორე ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.





ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცამ" რუდესი 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. "გორიცა" 5 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

დანია
"მიდტიულანდმა" "რანდერსი" 3:0 გაანადგურა. საბა ლობჟანიძემ "რანდერსის" რიგებში შეხვედრა სრულად ჩაატარა. "რანდერსი" მეექვსე ადგილზეა.

გიორგი პარუნაშვილის "ესბიერგი" დღეს სტუმრად "ოლბორგს" დაუპირისპირდება.

ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის "ფლორამ" "ტამმეკა" 5:0 გაანადგურა. ერთი გოლის ავტორი ქართველი ფეხბურთელი გახდა. 23 ტურის შემდეგ "ფლორა" მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბეგლარიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლია და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე იმყოფება.


"კალჯუმ" გეგი კეკუას "პარნუ ვაპრუსი" 4:0 დაამარცხა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს. "პარნუ ვაპრუსი" ბოლო ადგილზეა.

საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "შატოს" დაუზავდა (0:0). ჯიღაური შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო. "გრენობლი" 5 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

გერმანია
მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონმა" 4:1 დაამარცხა "სანკტ პაული". ამ შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი ქართველმა ფეხბურთელმა. ის 71-ე წუთზე როდონდომ შეცვალა. "უნიონი" სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" სტუმრად პაკ-თან 2:3 დამარცხდა. "პუშკაშ აკადემიას" ქართველი თავდამსხმელი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ახალ გუნდში.


იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ჯენოას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. 2 ტურის შემდეგ "ემპოლი" დროებით მერვე ადგილს იკავებს.

ყაზახეთი
ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას "ტობოლი" "ქაისარს" დაუზავდა (0:0). ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყო, კვეკვესკირი 75-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. 24 ტურის შემდეგ "ტობოლი" მესამე ადგილზეა.

ლატვია
ქართველების "რიგასი" შინ "სპარტაკსთან" 0:1 დამარცხდა. ნიკა სანდოხაძე, ბექა ვაჩიბერაძე და ლაშა შერგელაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩაერთო შეხვედრაში ირაკლი სიხარულიძე. "რიგასი" 18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.

მორიგი მარცხი განიცადა ჩემპიონატში გურამ ლუკავას "იელგავამ" "ლიეპაიასთან" - 0:2. ლუკავამ 90 წუთი ითამაშა. "იელგავა" მეექვსე პოზიციაზეა.

ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორომ" სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა, ის შინ "ჰამ-კამთან" დამარცხდა. ქართველმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. "ფლორო" მე-15, აუტსაიდერ პოზიციაზეა.

პოლონეთი
ექსტრაკლასას მეექვსე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" ვარშავაში 4:1 დაამარცხა "ლეგია". მერებაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. მე-11 წუთზე რიკარდინიომ მისი პასით ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. რაც შეეხება "ვისლას", 5 ქულით მეცამეტე ადგილზეა.

პოლონეთის მეორე ლიგაში ფრედ, 1:1 ითამაშა გუგა ფალავანდიშვილის "პოძებისკიემ", ისინი "დრუტექს" დაუზავდნენ. გუგამ სრული, 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 7 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

პორტუგალია
"მარიტიმუმ" "ჩავესი" 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ, რომელმაც მე-17 წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. "ჩავესი" სამი ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა.

"ტონდელას" დაუზავდა გიორგი მაკარიძის "რიო ავე" - 1:1. ქართველი მეკარე განაცხადში არ იყო - ის ტრავმირებულია. "რიო ავე" მეშვიდე ადგილზეა.

"სეტუბალი" დამარცხდა "ნასიონალთან" - 1:2. სტუმართა შემადგენლობაში სათადარიგო იყო გიორგი არაბიძე. "ნასიონალი" მე-13 ადგილზეა.

რუსეთი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" "ანჟი" 2:1 დაამარცხა, საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ "რკინიგზელები" მეხუთე ადგილზე არიან.

altსაბა კვირკველია "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს

"უფა" სტუმრად "ზენიტთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ჯიმი ტაბიძემ. "უფა" მე-12 პოზიციაზეა.

თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარის" დუბლშემადგენლობაში ითამაშა. ის 62-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანეთი
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" "ხირონას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა და მის გუნდს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს.

გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "გრანადას" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. აბურჯანია სათადარიგო იყო და 90-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. "ლუგოსაც" ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" "რეუს დეპორტიუს" ესტუმრა. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. პაპუნაშვილი სათადარიგო იყო და შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო. "სარაგოსას" 4 ქულა აქვს.

შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გოტებურგი" დღეს თამაშობს. ისინი "ნორკოპპინგს" ესტუმრებიან.

შვედეთის მეორე ლიგაში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ცისკარიძემ. მისი "ესკლისტუნა" "ნორბის" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველის გუნდი 20 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

შვეიცარია
ვაკო გვილიას "ლუცერნი" "სენტ გალენს" ესტუმრა და 1:0 სძლია. გვილია 52-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 5 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.

უკრაინა
ზაურ მახარაძის "ზორია" შინ "დესნასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო. რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას, ლუკა კობერიძე შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო. "ზორია" 6 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა და "დესნა" მეექვსე ადგილზე.

"შახტარი" დონეცკის "ოლიმპიკს" ესტუმრა და 5:2 გაანადგურა. დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო. "შახტარი" გათამაშებას ლიდერობს.

პოლტავის "ვორსკლა" "ოლექსანდრიას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. პოლტაველთა ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძემ დაიწყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხარება და გოგია, რაინის პირას მოდიან, ერთმანეთს ეუბნებიან, რომელი ნაკრები ჯობია :)
ალეკო
11:01 31-08-2018
0
ჩემი მეზობელი აკაკი გოგია ნაღდი ქართველია სულით და ხორცით.. მარტო ხორცი არაფერს წყვიტავს თუ სული არ არის.. ასე რო დაანებეთ ამ გერმანელ აკაკი გოგია თავი .. არ დაიღალეთ ქართველობის შეტენვით...??
რიგითი
22:46 27-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული