"მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს არ გამიკეთებია" - ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტთან" ერთად წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს: ბელგიის ჩემპიონატში "შარლეუასთან" და თასზე "სენტ-ტრუიდენთან". ახალგაზრდა ქართველს მამა - მერაბი ბელგიაში პირველად სტუმრობს. ჩაკვეტაძეების ოჯახთან ინტერვიუ ადგილობრივმა გამოცემა hln.be-მ ჩაწერა.

"თუ გიორგი გაიმარჯვებს, ჭიქა ღვინოს დავლევთ" - ამბობს გიორგის მამა.

"ქართულ სტუმართმოყვარეობას საზღვრები არ აქვს. ინტერვიუს ბოლოს გიორგის დედამ, მთვარისა რუხაძემ სუფრაზე ქართული კერძები გამოიტანა, მამამ კი ჭიქა აწია და მისი შვილის დაინტერესების გამო მადლობა გადაგვიხადა. იქვე იმყოფებოდნენ მისი ძმა - ომარი, მწვრთნელი დანიელე დე სმერტი, თარჯიმნის ფუნქციას კი "სტანდარტის"
ყოფილი მოთამაშე ლაშა ჯაკობია ასრულებდა." - წერს ბელგიური გამოცემა.

"ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი, როგორც იქნა, აქ არის. დედაჩემი კი მესამედ ჩამოვიდა. მისი აქ ყოფნა ცხოვრებას მიადვილებს, რადგან კერძების გაკეთება უყვარს. ჩემთან 20 დეკემბრამდე დარჩებიან. მათ ქალაქი ვაჩვენე და ერთადაც ვისადილეთ", - ამბობს გიორგი.

Sportall.Ge

"ეს არამხოლოდ ლამაზი ქალაქია, გიორგი შესანიშნავ კლუბშიც მოხვდა. "ეუპენთან" მატჩი ვნახე, სტადიონიც შთამბეჭდავია" - განაცხადა მერაბმა.

გიორგი ჩაკვეტაძის მშობლები კმაყოფილები არიან. მათმა შვილმა საქართველო 18 წლის ასაკში დატოვა.

"ღრმა ბავშვობიდან ფეხბურთელობა სურდა. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, დაგვტოვებდა. მისით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნი", მაგრამ როჯერ ჰენროტეიმ და ლაშა ჯაკობიამ დაგვარწმუნეს, რომ "გენტი" ჩვენი შვილის განვითარებისთვის იდეალური იქნებოდა. ასეთ დროს მარტივია, რომ შენი შვილი გაუშვა" - თქვა გიორგის დედამ.

ორი ნატყვიარი ჭრილობა
ახალგაზრდობაში გიორგის მამასაც ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ მისი კარიერა აფხაზეთში, რუსეთთან დაწყებული ომის გამო დასრულდა.

"ფეხბურთს "ჩონიში" ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო, იძულებული გავხდი, სამშობლოსთვის მებრძოლა. ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ორჯერ ტყვიით დამჭრეს, აქ და აქ (მუცელსა და ფეხზე ანიშნებს). ბოლოს თბილისში წავედით, მაგრამ ფეხბურთს არასდროს ჩამოვშორებივარ. დღესაც თბილისის "დინამოში" ვმუშაობ, კლუბში მოსულ სტუმრებს ვემსახურები" - იხსენებს მერაბ ჩაკვეტაძე.

"მერაბმა მისი საფეხბურთო ოცნებები შვილს გადაულოცა. ოთხი წლისაც კი არ იყო, როცა ბურთთან ერთად იძინებდა. როცა ქუჩაში თამაშობდა, ისეთ დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მეზობელი მოვიდა და მითხრა, რომ აუცილებლად რომელიმე კლუბში უნდა მიმეყვანა. თბილისის პატარა კლუბში მივიყვანეთ, "ნორჩ დინამოში". როცა 8 წლის იყო, მწვრთნელმა გვითხრა, "ეს პატარა მესია", მაგრამ გიორგის საერთოდ არ სურდა მესი ყოფილიყო, ის კრიშტიანო რონალდოზე გიჟდებოდა" - ამბობს მთვარისა რუხაძე.

Sportall.Ge

სიფრთხილე გოლის აღნიშვნის დროს
"11 წლის ასაკში გიორგი "ბარსელონაში" სტაჟირებაზე მიიწვიეს. იქ სამი კვირა დაჰყო. წარმოგიდგენიათ? ვარჯიშზე რონალდოს მაისურით მივიდა. მათ მორიდებით სთხოვეს, რომ სხვა მაისური ჩაეცა. 10 დღეში მან ტრავმა მიიღო, ვარჯიში ვეღარ განაგრძო და უკან დაბრუნდა" - იხსენებს გიორგის დედა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის კრიშტიანო რონალდო საუკეთესო მაგალითია.

"გასულ ზაფხულამდე ფლეისთეიშენზე ყოველთვის მადრიდის "რეალს" ვირჩევდი, ახლა კი "იუვენტუსით" ვთამაშობ." - ლატვიასთან საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლი მან კრიშტიანოს სტილში აღნიშნა, "გენტში" კი ასეთი რამ არ გაუკეთებია. "მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს აღარ გამიმეორებია. თუ მათ მართლა ვუნდივარ, მესის ფანი გავხდები" - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე სიცილით.

ისეთი დიდი, როგორიც არველაძე
როცა "გენტში" მოვიდა, ჩაკვეტაძეს "დინამოში" საკუთარი სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა, მას შემდეგ კი სამშობლოში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მან ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში კი 5 გოლი გაიტანა და საქართველოს მიერ ჯგუფის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის სამშობლოში ისეთივე დაფასებულია, როგორც შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე და გიორგი ქინქლაძე.

ერთა ლიგის უკანასკნელ მატჩში ყაზახეთთან, სადაც მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა, შეცვლისას გულშემატკივრისგან ტაში მიიღო. მისი მშობლებისთვის ეს ღამე ძალიან ემოციური იყო.

"ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება, როდესაც ასეთი რამ შენი შვილის თავს ხდება. როცა მას ტაშით აცილებდნენ, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გიორგი საქართველოში გმირია, მაგრამ ამ წარმატებას ის არ შეუცვლია, ისეთივე უბრალოა, როგორიც აღვზარდეთ. ჩემი შვილით ვამაყობ" - ამბობს მერაბ ჩაკვეტაძე.

Sportall.Ge

"უბრალოდ უნდა დარჩეს კიდეც, ის ჯერ კიდევ იწყებს, ყველაფერი წინ აქვს, შრომა უნდა გააგრძელოს" - დაამატა გიორგის დედამ.

მისი მშობლები ფიქრობენ, რომ გიორგიმ არ უნდა იჩქაროს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მისით 40 უცხოური კლუბია დაინტერესებული.

"მთავარია, რომ გიორგი თამაშობს. ახლა ამაზე უნდა კონცენტრირდეს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. არ უნდა იჩქაროს. "ბარსელონასა" და სხვა კლუბებზე არ უნდა იფიქროს." - ამბობს მამა, გიორგიც ეთანხმება - "ინტერესი კარგია, მაგრამ მთავარია, რომ ახლა "გენტისთვის" ვთამაშობ, დანარჩენს ვნახავთ."

გასულ სეზონში გიორგი იშვითად თამაშობდა, ამ სეზონში კი მხოლოდ ნანა ასარეს აქვს ქართველ ბრილიანტზე მეტი სათამაშო დრო. ის საქართველოს ნაკრებშიც შეუცვლელად ასპარეზობს.

"შესვენებას ველოდები, გადავიღალე, მაგრამ ოთხი მატჩი დაგვრჩა და მინდა, რომ ოთხივეში მაქსიმალურად დავიხარჯო" - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

alt"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

altჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

alt"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

altsportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტოპკლუბი არა მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშია საჭირო,გენტში რა უნდა.
natia todua
19:42 20-12-2018
0
მიდი გიო მიაწექი, მაგრად გქომაგობთ მთელი საქართველო. არ მიაქციო გაბოროტებულ ხალხს ყურადღება, ახლა ჩვენ ქვეყანაში ძალიან მომრავლდნენ ასეთები და იმიტომაა ასეტი კომენტარები, თუ აქ კითხულობ.)) ბევრი შრომაა საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება, რაც ღმერთმა გარგუნა გამოყენება უნდა და ეს მხოლოდ დიდი შრომის ფასად მოვა, ხომ ხედავ შენს კერპს რონალდოს რა ნავარჯიშები და დაკუნთულია?
Geo_Dinamo
19:54 15-12-2018
2

სიახლეები პოპულარული